გაზეთი ფაქტ-მეტრი
აჭარის ხელისუფლებაში გაცემული პრემია-დანამატების ჯამური რაოდენობა 5 მლნ ლარს აღწევს
უკატეგორიოდ
1830 ნახვა
A+
A
A-

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება 2016 წლის ნამოღვაწარს წარმატებულად მიიჩნევს, რასაც საკუთარ შრომის ანაზღაურებაზეც ასახავს – სხვადასხვა საჯარო უწყებაში პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით სოლიდური თანხები დარიგდა, რასაც ოპოზიციის მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გასაცემი პრემიის მოცულობასა და პერიოდულობას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება არეგულირებს. გასული წლის დასასრულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  2016 წელს სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემა, წინა წელთან შედარებით, ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და ხშირ შემთხვევაში, მათი გაცემის მიზანშეწონილობა დასაბუთებული არ არის. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ უმეტეს საბიუჯეტო უწყებებში, უფლებამოსილი პირის ბრძანებით, თანამშრომლებს დანამატი წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში ენიშნებათ, რაც გამართლებული არ არის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავრობას ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაცია მისცა. მსგავსი რეკომენდაციით აღნიშნულმა უწყებამ მთავრობას 2015 წლის ბოლოსაც მიმართა, თუმცა, როგორ აღვნიშნეთ, ამას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

აჭარაში ოთხი სამინისტრო, აჭარის უმაღლესი საბჭო და მთავრობის აპარატი ფუნქციონირებს. ჩვენ შევისწავლეთ, რომელ უწყებაში რამდენი თანამშრომელია დასაქმებული და ხელფასის, დანამატისა თუ პრემიის სახით რა თანხა გაიცემა.

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის აპარატში 119 თანამშრომელია, რომელთა თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 124 860 ლარია. ამას ყოველთვიური სახელფასო დანამატი 66 250 ლარის ოდენობით და კვარტალში ერთი პრემია – 50 970 ლარი ემატება. ჯამში, 2016 წელს მთავრობის აპარატში სახელფასო დანამატის და პრემიის სახით 998 880 ლარი გაიცა.

შთამბეჭდავად გამოიყურება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მაჩვენებლები. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ბოლო მონაცემებით, 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, უწყებაში ასი მომუშავეა (შტატგარეშე თანამშრომლების ჩათვლით – 224), რომელთა შრომის წლიური ანაზღაურება 3 887 963 ლარს შეადგენს. აპარატის მიერ 30 სექტემბრის ჩათვლით გაცემული ანაზღაურება, სახელფასო დანამატი და პრემია ასე გამოიყურება:

 

ცხრილი 1: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2016 წელს გაცემული ანაზღაურება, პრემია და დანამატი (სამი კვარტლის მონაცემები)

          დასახელება      ხელფასი       დანამატი         პრემია
თანამდებობის  პირები      77 056           57 297           0
სხვა თანამშრომლები      719 465          337 042         292 931
სულ      796 521          394 339         292 931

 

რაც შეეხება 2015 წელს, შრომის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში 3 328 700 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნება – 224 ადამიანი (მათ შორის, შტატგარეშე თანამშრომლები). 2015 წელს სამინისტროს თანამდებობის პირებმა პრემიებისა და დანამატების სახით 80 400 ლარი აიღეს, ხოლო მთლიანობაში ამ მიზნით 880 899 ლარი დაიხარჯა.

კიდევ ერთი სამინისტრო, რომელიც თანამშრომლების პრემიებითა და დანამატებით წახალისების პოლიტიკას იყენებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. უწყების 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემოდა 118 ადამიანზე, რისთვისაც 2 011 200 ლარი იყო განსაზღვრული. აქედან 96 508 ლარი პრემიისა და დანამატების სახით მხოლოდ მინისტრსა და მის მოადგილეებზე გაიცა. დანარჩენი თანამდებობის პირებისა და რიგითი თანამშრომლებისთვის ამ მიზნით ჯამში 446 616 ლარი დაიხარჯა. მთლიანად 2015 წელს პრემიებსა და დანამატებზე 546 124 ლარი გაიცა. რაც შეეხება 2016 წელს, სამი კვარტლის მონაცემებით, მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დანამატის სახით 70 234 ლარი აიღეს, ხოლო დანარჩენი უწყების ხელმძღვანელ და რიგით თანამშრომლებზე გადანაწილდა.

 

ცხრილი 2: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული პრემია-დანამატები 2016 წლის სამი კვარტლის მიხედვით

           პერიოდი დანამატი პრემია
1-ლი კვარტალი 101 419 37 408
მე-2 კვარტალი 103 072 28 470
მე-3 კვარტალი 100 378 43 700
სულ 304 869 109 578

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლის სამ კვარტალში სამინისტრომ პრემია-დანამატების სახით 414 000 ლარზე მეტი გასცა.

ფაქტ-მეტრის კვლევის კიდევ ერთი ობიექტი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროა. 2015 წლის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის მიხედვით, უწყებაში 166 თანამშრომელი იყო, რომელთა შრომის ანაზღაურება წლის განმავლობაში 2 369 764 ლარს შეადგენდა. დანამატების სახით ხელმძღვანელმა პირებმა 96 300 ლარი აიღეს, ხოლო დანარჩენმა თანამშრომლებმა – 508 945 ლარი, რაც ჯამში 605 245 ლარია.

ამავე სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტში მომუშავეთა რიცხოვნება სამი ერთეულითაა შემცირებული, ხოლო მათი შრომის ანაზღაურების თანხა 46 080 ლარითაა გაზრდილი და 2 415 844 ლარია. პრემია-დანამატების სამი კვარტლის მაჩვენებელი კი, ჯამში, 442 161 ლარს შეადგენს. აქედან 71 091 ლარი დანამატის სახით ხელმძღვანელ პირებზე გაიცა, ხოლო 371 071 ლარი – დანარჩენ თანამშრომლებზე.

 

ცხრილი 3: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრემია-დანამატებზე გაცემული თანხა, სამი კვარტალი

პერიოდი დანამატი, ლარი    პრემია, ლარი
1-ლი კვარტალი        106 853         26 504
მე-2 კვარტალი        106 235         57 020
მე-3 კვარტალი        106 438         39 111
სულ        319 526        122 635

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომუშავეთა რიცხოვნების 132-მდე, ხოლო შრომის ანაზღაურების 2 297 100 ლარამდე შემცირება აქვს დაგეგმილი.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2015 წელს თანამდებობის პირებმა დანამატებისა და პრემიების სახით 500 ათასი ლარამდე მიიღეს. 2016 წლის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი 1 240 900 ლარიდან პრემია-დანამატებზე 496 360 ლარი გამოიყო. უწყების ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხვი 58 ერთეულს შეადგენს.

 

ცხრილი 4: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრემია-დანამატები, 2016 წელი

პერიოდი დანამატი, ლარი პრემია, ლარი
1-ლი კვარტალი 95 294 28 800
მე-2 კვარტალი 95 292 28 800
მე-3 კვარტალი 95 292 28 800
მე-4 კვარტალი 95 292 28 790
სულ 381 170 115 190

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რიცხვი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 62 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურება – კვლავ 1 240 900 ლარით განისაზღვრა.

ფაქტ-მეტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულებზე გაცემული პრემიებითა და სახელფასო დანამატების რაოდენობითაც დაინტერესდა. უწყებიდან მიღებული პასუხის თანახმად, უმაღლეს საბჭოში მომუშავეები პრემიებს არ იღებენ, თუმცა აპარატის სტრუქტურული ერთეულებისთვის გათვალისწინებულია სახელფასო დანამატი, ხოლო საბჭოს წევრებისთვის, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, სადეპუტატო უფლებამოსილების ანაზღაურების თანხაც არის განსაზღვრული.

 

ცხრილი 5: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურება, 2016 წლის სამი კვარტალი

თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი სარგო სადეპუტატო უფლებამოსილება დანამატი
უმაღლესი საბჭოს წევრი 425 419 430 454 0
აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1 024 107 0 668 704
სულ 1 449 526 430 454 668 704

 

სულ, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 2016 წლის ბიუჯეტში 1 154 400 ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან თანამდებობრივი სარგო 571 800 ლარს, ხოლო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების ანაზღაურება 582 600 ლარს შეადგენდა. აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების წლიური თანხა კი 2 318 770 ლარი იყო. რაც შეეხება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს, უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურებისთვის 26 400 ლარით ნაკლებია გამოყოფილი და 1 128 000 ლარს შეადგენს. ამ თანხიდან საბჭოს წევრების თანამდებობრივი სარგო წლიურად – 562 200 ლარი, ხოლო სადეპუტატო უფლებამოსილების ანაზღაურება 565 800 ლარი იქნება. აპარატის 104 თანამშრომლისთვის კი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 2 311 398 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ამგვარად, ფაქტ-მეტრის მიერ შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ 2016 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროსა და უმაღლეს საბჭოში პრემიებისა და დანამატების სახით დაახლოებით 5 მლნ ლარი გაიცა. 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა 2 255 900 ლარით ნაკლებია და 36 935 700 ლარს შეადგენს, ხოლო საბიუჯეტო უწყებებში მომუშავეთა რიცხოვნება გასული წლის მაჩვენებელს ოთხი ერთეულით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის ეს მაჩვენებლები, როგორც შრომის ანაზღაურების თანხა, ისე მომუშავეთა რიცხოვნება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატებოდა.

მართალია, 2017 წლის მაჩვენებლები 2016 წლისაზე ნაკლებია, მაგრამ 2015 წელთან შედარებით გაზრდილი რჩება.

გააზიარეთ: