ვერდიქტი:ნიუსში მოცემული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და მცდარია. რეზიუმე: „საქართველო და მსოფლიოს“ მასალა ეყრდნობა Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსს, სადაც უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოთქმული საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მისწრაფების ჩაწერასთან დაკავშირებით. ნეგატიური დამოკიდებულება კი იმით არის ახსნილი, რომ მსგავსი ჩანაწერი არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ არის. რეალურად, მსგავსი ჩანაწერი არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში გვხვდება. ამდენად, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. ნიუსში ფაქტი წარმოდგენილია ყოველგვარი გადამოწმების და განმარტების გარეშე. ანალიზი: 21 აპრილს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა ნიუსისათაურით - „არც ერთ სახელმწიფოს ჩაუწერია მსგავსი კონსტიტუციაში - საქართველო კი სახელმწიფო არ არის!“ აღნიშნულ მასალაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ეს არის გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი. აღნიშნული ნიუსი მრავალ კითხვას აჩენს:

  • არ არის განმარტებული ავტორის სტატუსი და კვალიფიკაცია;
  • გაუგებარია, რატომ იყო ამ სტატუსის ახალი ამბის სახით გამოქვეყნება საჭირო და მნიშვნელოვანი;
  • არ არის გადამოწმებული არც ერთი ფაქტი;
  • სტატუსში მოტანილი ყველა ფაქტი არის ავტორის ინტერპრეტაცია, დასაბუთების გარეშე. ფაქტებად დასახელებული ამბები კი ცალსახად მცდარია.

საქართველოში 2008 წელს ჩატარდა პლებისციტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ დღეს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და ხელისუფლება ვერ ახორციელებს კონტროლს, რეფერენდუმის ჩატარება მთელ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება. ამიტომაც, საზოგადოებრივი პოზიციის დასაფიქსირებლად ჩატარდა პლებისციტი. მოსახლეობის 77%-მა ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაიუჭირა, რაც სრული სამართლებრივი საფუძველია, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდეს. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის აღსრულება ხდება. ამასთან, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ჩანაწერი არ კეთდება უშუალოდ ტექსტში, ეს იქნება გარდამავალი დებულება, სადაც ნათქვამია, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ (თავი 12, გარდამავალი დებულებები, მუხლი: 78 - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია). Facebook პოსტში ნათქვამია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, რაც ცალსახად ტყუილია. მაგალითისთვის რამდენიმე ქვეყნის კონსტიტუციის დასახელება შეიძლება: ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხეთის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება, როგორც დემოკრატიული სამყაროს ნაწილად ყოფნა პრეამბულაშიც არის ჩაწერილი და შემდეგ უკვე ცალკე კონსტიტუციური აქტი (Appendix C) აქვს დამატებული, სადაც დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ევროინტეგრაციის საფუძველი რეფერენდუმის შედეგი უნდა იყოს და ამ თავში მოცემულია სქემა, როგორ და როდის ტარდება რეფერენდუმი, მინიმალური შედეგები, რის შემდეგაც დაიწყება ინტეგრაციის პროცესი, რომელ უწყებას რა ევალება და ა.შ. ეს შინაარსობრივად ჰგავს იმ ჩანაწერს, რაც საქართველოს კონსტიტუციაში კეთდება, რადგან აქაც იმაზეა საუბარი, რომ ორგანოებმა იმოქმედონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. რუმინეთი რუმინეთმა კომუნისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ კონსტიტუცია 1991 წლის ნოემბერში მიიღო. 2003 წლის 29 ნოემბრიდან კი პირველი შესწორებული ვერსია ამოქმედდა. ევროინტეგრაციის საკითხი ორივე ვერსიაშია. პირველ შესწორებულ ვერსიაში, რომელიც 2003 წლიდან არის ძალაში, ევროატლანტიკურ მისწრაფებას ცალკე თავი ეძღვნება. კონსტიტუციის (რომელიც მთლიანობაში 8 თავისგან შედგება) მეექვსე თავში გაწერილია, როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი (თავი 6, მუხლი148-149). ამ თავის სახელწოდებაა „ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ და მის 148-ე მუხლში ნათქვამია, რა მექანიზმით ხდება ევროკავშირში გაწევრიანება და პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს, პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას. შესაბამისად, გაწერილია, პროცესში ვის რა ევალება. ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტია პასუხისმგებელი ინტეგრაციისას სამართლებრივი ბაზის შექმნაზე, ხოლო განხორცილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს, პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლო შტოს. რუმინეთი ნატოს წევრი 2004 წლის 29 მარტიდან, ევროკავშირის წევრი კი 2007 წლის 1 იანვრიდან გახდა. ესტონეთი ესტონეთმა კონსტიტუცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მიიღო. შემდეგ დაემატა ცალკე კონსტიტუციური აქტი - The Constitution of theRepublic of Estonia Amendment Act. ეს არის რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული აქტი, სადაც მოსახლეობამ ევროინტეგრაციის სურვილი გამოხატა. ამ აქტში კი გაწერილია ესტონეთის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გეგმა. აქ ნათქვამია, რომ ესტონეთს სურს გაწევრიანდეს ევროკავშირში. გაწევრიანება ხდება ხალხის სურვილით და იმ პირობით, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ესტონეთის კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს პრინციპები კი მოცემულია პრეამბულაში, სადაც ნათქვამია, რომ ესტონეთი იყო ევროპული ოჯახის წევრი და უბრუნდება დემოკრატიული ევროპის სივრცეს. ესტონეთი 2004 წლის 29 მარტიდან არის ნატოს წევრი, 2004 წლის 1 მაისიდან - ევროკავშირის წევრი. ლატვია ევროპული მისწრაფება ლატვიის კონსტიტუციის პრეამბულაშივეა მოცემული, სადაც ნათქვამია, რომ ლატვია ყოველთვის იყო ევროპული კულტურის მატარებელი და ახლა ამ ფასეულობების აღიარებით იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს - ხელს უწყობს ერთიანი ევროპულ და მსოფლიოს მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას. შემდეგ უკვე საუბარია, რა წესით უნდა განხორციელდეს ეს მიზანი. აქაც ნათქვამია, რომ წევრობისთვის უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რეფერენდუმის შემდეგ როგორ მოქმედებს პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, როდის იწყება იმპლიმენტაციის პროცესი და ა.შ. (თავი 6, მუხლი 68). ლატვია ნატოს წევრია 2004 წლის 29 მარტიდან, ევროკავშირის წევრი კი 2004 წლის 1 მაისიდან. ლიტვა მსგავსი ჩანაწერი გვხვდება ლიტვისკონსტიტუციაში, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ლიტვის მოქალაქეების ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ლიტვას აქვს ცალკე მიღებული კონსტიტუციური აქტი (CONSTITUTIONAL ACT OF THE REPUBLIC OF LITHUANIA ON MEMBERSHIP OF THE REPUBLIC OF LITHUANIA IN THE EUROPEAN UNION), რომელშიც ნათქვამია, რომ ლიტვა, ევროკავშირის ფასეულობებიდან გამომდინარე, ცდილობს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამით უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა. აღსანიშნავია, რომ ლიტვის კონსტიტუციაში ყველაზე მეტი ჩანაწერია ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობს მუხლი, რომ განხორციელდეს ევროპული ფასეულობების გათვალისწინებით, როგორც ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის უზრუნველყოფა. ლიტვა ნატო-ს წევრია 2004 წლის 29 მარტიდან, ევროკავშირის წევრია 2004 წლის 1 მაისიდან.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი