სამცხე-ჯავახეთი
არ მგონია, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი ქსენოფობიაში იყოს შემჩნეული
ვერდიქტის გარეშე
11828 ნახვა
A+
A
A-

19 სექტემბერს, ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტებს შეხვდა. ივანიშვილს ფაქტ-მეტრმა შემდეგი კითხვა დაუსვა: “მაშინ, როდესაც ყოფილი პრემიერი ყველაზე მეტად საერთაშორისო დონეზე ქვეყნის გაუმჯობესებული მდგომარეობითა და იმიჯით ამაყობს, რამდენად გონივრულია, ქსენოფობიაში შემჩნეული კანდიდატის (“ქართული ოცნების” კანდიდატი ახალციხე-ადიგენის ოლქში) მოხვედრა პარლამენტში და უქმნის თუ არა ეს საფრთხეს ქვეყნისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების იმიჯს”?

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს “რა თქმა უნდა ცუდი იქნება”, თუმცა, იქვე დაამატა, რომ საკითხი არ იცის და ფაქტ-მეტრის ჟურნალისტს არ ეთანხმება. “არ გეწყინოთ თქვენ, შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით. მე რამდენადაც ვიცი, როგორია გუნდი, როგორია მათი დამოკიდებულება შერჩევისადმი, რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებას ვერ და არ დაუჭერენ მხარს. თუ ასეთი უხეში შეცდომა მოუვიდათ, ძალიან ცუდია. მაგრამ, მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ თქვენს პოზიციას, მე არ ვიცი და არ ვიცნობ ამ საკითხს  კონკრეტულად, მე არ ვიცი დამოკიდებულება, მაგრამ ვიცნობ კარგად “ქართულ ოცნებას”, ვიცი მათი შტაბი, ვიცი მათი ლიდერი, ვიცი მათი დამოკიდებულება ამ საქმისადმი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ გადაამოწმა.

კითხვაში საუბარი იყო “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატზე ახალციხე-ადიგენის ოლქში, გიორგი კოპაძეზე, რომელიც 2013 წელს, ადიგენში, სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი იყო. ადიგენში, სადაც 55 დასახლებიდან 23 შერეულია და ამ 23-დან 15-ში უმრავლესობას მუსლიმი თემი წარმოადგენს, “ქართული ოცნების” მიერ კანდიდატად გიორგი კოპაძის დასახელებამ მუსლიმი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ფაქტ-მეტრს ამ საკითხზე მასალაც აქვს მომზადებული.

2013 წელს, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე მედიასაშუალებებში არაერთი მასალა იძებნება. არსებობს ვიდეომასალებიც, რომელშიც გიორგი კოპაძე მუსლიმების საწინააღმდეგო რიტორიკით საუბრობს.

შეგახსენებთ, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენში, სოფელ ჭელაში სპეცრაზმის დახმარებით მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, იმ მოტივით, რომ ის საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით იყო შემოტანილი. დემონტაჟს შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის გამოც ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები დააკავეს. ამ ფაქტებს კი მუსლიმების აქციები მოჰყვა. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მოვლენებში აქტიურად იყო ჩართული.

მუსლიმების აქციების პარალელურად, 28 აგვისტოდან აქციების გამართვა ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმაც დაიწყო. ისინი ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდნენ. სწორედ ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გიორგი კოპაძე, რომელიც აცხადებდა, რომ მინარეთს ისევ ჭელაში თუ წაიღებდნენ, გზას გადაკეტავდნენ. იგი იმ პერიოდში რეფერენდუმის ჩატარების იდეითაც გამოდიოდა.

 

ვიდეომასალები არქივიდან

გიორგი კოპაძე საუბრობს, რომ შეგროვილი ხელმოწერების საფუძველზე ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მოხდა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი კოპაძე: “სადაც უნდათ იქ ილოცონ, მაგრამ ჩვენ მოგვიწოდონ თავინთი სალოცავებიდან, ეს არ არის სწორი”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი კოპაძე: “მინარეთი არ უნდა წავიდეს სოფელ ჭელაში”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი კოპაძე: “ილოცონ თუ უნდათ, თუ უნდათ სულის გაყიდვა, გაყიდონ”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნა

ფაქტ-მეტრის კითხვაზე პასუხისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აქამდრე არაფერი სმენია დეპუტატობის კანდიდატ კოპაძის მუსლიმების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის შესახებ და ფაქტ-მეტრის მიმართ უნდობლობა გამოხატა. ასევე, მან აღნიშნა, რომ  პირადად მისთვის და “ქართული ოცნებისთვის” ქსენოფობია და რელიგიური ნიშნით მოქალაქეთა შევიწროება მიუღებელია. ფაქტ-მეტრი მისი ამ სიტყვების გულწრფელობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა, ამავე დროს აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატის მონაწილეობა მუსლიმების საწინააღმდეგო აქციებში ეჭვს არ იწვევს და ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია მმართველ პარტიასაც უნდა ჰქონოდა.

ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ ქსენოფობიაში შემჩნეული პირის დეპუტატობის კანდიდატად დასახელება საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ევროპული ფასეულობების ერთგული ქვეყნის, ასევე მოქმედი ხელისუფლების რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.

გააზიარეთ: