1992 წელს უფროს ბუშს ბილ კლინტონი დაუპირისპირდა. ეს ის დრო იყო, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და ახლად გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ, ამერიკაში საარჩევნო კომპანიისთვის ნორმალურად, საბჭოთა პროპაგანდისგან დამოუკიდებლად ედევნებინათ თვალი.

ბუშს - უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს, რომლის ხელშიც დაინგრა საბჭოთა კავშირი და რომელმაც ვიეტნამში შერცხვენის შემდეგ ამერიკას ერაყზე გაამარჯვებინა - ვინმე კლინტონი კი არა, წესით, საფლავიდან წამომდგარი ლინკოლნიც ვერ დაამარცხებდა. ექსპერტთა უმრავლესობას ვერ წარმოედგინა, რა უნდა ექნა ისეთი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამორჩეული შტატის გუბერნატორს, რომ დაემარცხებინა თვით ბუში - სხვა ყველაფერთან ერთად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ყოფილი ელჩი გაეროში, ყოფილი ელჩი ჩინეთში, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორი.

მხარეთა აშკარა უთანასწორობას ისიც დაემატა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს კლინტონი ისეთ ცოდვებში ამხილეს, როგორიცაა ჯარში სამსახურისთვის თავის არიდება და ცოლის ღალატი. მოკლედ, წესით, ბუშს უნდა გაემარჯვა, მაგრამ როგორ დამთავრდა სინამდვილეში ყველაფერი, ყველამ ვიცით. წესით, უკვე მაშინ უნდა მივმხვდარიყავით, რომ ამერიკაში არჩევნების შედეგის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.

24 წლის შემდეგ გამოცდილება და ცოდნა, უკვე ჰილარი კლინტონის სახით, უპირისპირდებოდა კანდიდატს, რომელთან შედარებით 1992 წლის ბილ კლინტონი ზეგამოცდილ პოლიტიკოსად და სახელმწიფო მოღვაწედ ჩანს.

ტრამპი არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში და მისი გამოჩენა თავიდან, უფრო მეტად, 1992 წლის კამპანიაში ბიზნესმენ როს პეროს შემობიჯებას ჰგავდა - ექსცენტრიკული მდიდარი ერთობოდა. მაგრამ 1992 წლის არჩევნები სიურპრიზით დასრულდა იმ მიზეზის გამო, რომ ბუშს საარჩევნო პოლიტიკა არ უყვარდა, კლინტონი კი - არკანზასის მრავალგზის გუბერნატორი - სწორედ საარჩევნო კამპანიის დროს იყო ძლიერი.

ტელედებატების დროს რაღაც მომენტში ბუშს მობეზრდა გაუთავებელი საუბარი (როგორც პრეზიდენტს, მას უამრავი, წესით, უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა) და მაჯის საათზე დაიხედა. ეს ყველამ დაინახა და ბუშმა არჩევნები წააგო კიდეც.

ჰილარისთვის საარჩევნო კამპანიები კი კარგად ნაცნობი იყო, მაგრამ ყოფილი პირველი ლედისა და საგარეო მინისტრისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრები აღარც ისე სახალისო უნდა ყოფილიყო. მართალია, მან ტრამპი დებატებში დაჩაგრა, მაგრამ საბოლოოდ თავისი ამომრჩევლის მობილიზება ტრამპმა უფრო მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1992 წლის კლინტონის როლში სწორედ ის აღმოჩნდა, ჰილარის კი პოლიტიკამოყირჭებული სახელმწიფო მოღვაწის, ბუშის როლი დარჩა.

ტრამპის წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

ამერიკელთა დიდ ნაწილს ყელში ამოუვიდა თვითგვემამდე მისული პოლიტკორექტულობა. ყველაფერს საზღვარი აქვს და რაღაც მომენტში, უბრალოდ, გაუგებარი ხდება, რატომ ითვლება ნორმალურად თეთრი, ქრისტიანი, ჰეტეროსექსუალი ამერიკელის დაცინვა და რატომ არ შეიძლება შავკანიანის, მუსლიმისა და გეის დაცინვა. რატომ არ შეიძლება შობის მოლოცვა საჯაროდ, რატომაა რთული სამსახურიდან შავკანიანის თუ გეის გაგდება, თუკი ის თანამშრომლად არ ვარგა, მაგრამ სამაგიეროდ იცი, რომ გაგდების შემთხვევაში რასისტობას თუ ჰომოფობიას დაგაბრალებს და საბოლოოდ შეიძლება ეს სასამართლოში ვერ დაამტკიცოს, მაგრამ მაინც გვარიანად გაგაწვალებს.

პოლიტკორექტულობა უფრო მნიშვნელოვანია თუ გამოხატვის თავისუფლება? ტრამპს, როგორც მილიარდერს, შეეძლო, საკუთარი თავისთვის ბევრის უფლება მიეცა და მისი გამოხატვის თავისუფლება ხშირად კორექტულობის ზღვარსაც სცდებოდა, მაგრამ ბევრ ამერიკელს ეს მაინც მოსწონდა და დაყენებული ტერმინებით გაჯერებული ტრადიციული პოლიტიკოსების სპიჩებს ერჩია. ამის წყალობით მილიარდერმა დიდი ოდენობით თეთრკანიანი მამაკაცის ხმა მიიღო, რომელთაც მობეზრდათ უმცირესობებთან ლოლიავი და ემიგრანტებისთვის აქეთ ბოდიშების მოხდა.

მეორე მხრივ, ტრამპის ეს გამოხტომები, ცხადია, ასევე, ბევრისთვის შოკი იყო. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, როგორც ჰოლივუდს შეეფერება, არჩევნები აბსოლუტურ ბოროტებასა და აბსოლუტურ სიკეთეს შორის ბრძოლად გამოაცხადეს, რაც მშვენივრად გამოიყენა დემოკრატებთან დაახლოებულმა მედიამ (პირველ რიგში, „სიენენმა“), მაგრამ საბოლოოდ ტრამპის მათეული ლანძღვაც ყოველგვარ ობიექტურობას გასცდა, რამაც, ცხადია, ტრამპს არგო.

თავისი როლი, ასევე, ითამაშა ობამაქეარმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, უბრალო ამერიკელთა აღიარებითაც კი პრაქტიკულად ვერ მუშაობს მაშინ, როცა სახელმწიფოს დიდ ტვირთად აწვება.

ტრამპი ობამას საგარეო პოლიტიკასაც გადასწვდა, თუმცა, ამით მან, ალბათ, ყველაზე ცოტა მოიგო. თუკი ამერიკელები ობამამ რამით დაღალა, ეს უფრო შიდა პოლიტიკას უკავშირდებოდა - მის ხელში დემოკრატიული პარტიის მთავარ დასაყრდენად უმცირესობები იქცნენ (ზემოთ მათზე უკვე ვისაუბრეთ), რამაც ამერიკის საზოგადოების გაყოფაში სერიოზული როლი ითამაშა.

ამ ყველაფერს კი თავად ჰილარის მინუსებიც დაერთო. სამსახურებრივი ელფოსტის სკანდალი სერიოზულ დაღად დააწვა ყოფილი საგარეო მინისტრის კამპანიას. სამხედროებისა და უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებისთვის, ალბათ, სერიოზულ დილემად იქცა - გამოუცდელი და ექსცენტრიკული ტრამპი თუ ჰილარი, რომელიც, გამოცდილების მიუხედავადაც კი, უსაფრთხოების ზომებს არ იცავს.

ამას ისიც დაემატა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ჰილარიმ ჩვენების მიცემისას რამდენჯერმე იცრუა. როცა საპრეზიდენტო კამპანიაში ხარ ჩართული, ნებისმიერი სიცრუე მძიმედ გირტყამს. თუკი გინდა, რომ ოპონენტი დაამარცხო, რომელსაც უბრალო ხალხთან ურთიერთობა უკეთ გამოსდის (ტრამპს კი გამოსდიოდა, ისევე როგორც ბუშზე უკეთ გამოსდიოდა ბილ კლინტონს), მაშინ კარგი რეპუტაცია მაინც უნდა გქონდეს. ჰილარის ეს არ ჰქონდა.

მოკლედ, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და „სიენენის“ მიერ აპოკალიფსად შერაცხული ამბავი მაინც შედგა, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწა არ გაჩერებულა. დოუ ჯონსი თავდაპირველი ვარდნის შემდეგ დასტაბილურდა და ისევ ზრდისკენ წავიდა.

შოკის გადასვლის შემდეგ ყველა იმაზე ალაპარაკდა, რომ, თუკი ახალი პრეზიდენტი მთავრობაში კარგ გუნდს აიყვანს, საგანგაშო არაფერია. ისიც გაახსენდათ, რომ ტრამპი, საბოლოო ჯამში, მაინც წარმატებული ბიზნესმენია, რომელმაც კარგად იცის ვაჭრობა და ადამიანებით მანიპულირება. შესაბამისად, იგი მარტივად არაფერს დათმობს და არც თავს მოატყუებინებს არავის, მათ შორის პუტინსაც, რომელიც, ალბათ, ძალიან ნასიამოვნები იყო იმით, რომ ამერიკის არჩევნებზე გავლენა დააბრალეს.

წესით, ჰილარი სჯობდა - ზეგამოცდილი კადრი, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკა მშვენივრად ესმის და ყოფილ საბჭოთა კავშირსაც ძალიან კარგად იცნობს. მას საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის დრო საერთოდ არ დაეხარჯებოდა და არც არანაირი ილუზიები არ ექნებოდა. პუტინსაც ამის გამო, ალბათ, ტრამპი ერჩია.

მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუკი პუტინის ეგოს ვინმეს ეგო გასწვდება, ეს სწორედ ტრამპია. პუტინი დასავლელ პოლიტიკოსებს იშვიათად სცემს პატივს. ობამას იგი დაცინვით უყურებდა, ევროპელებიდან კი მხოლოდ მერკელს აღიარებს. ჰილარის იგი დაცინვით ვერ შეხედავდა, მაგრამ მას საკმარისზე უკეთ იცნობდა და, ალბათ, დაახლოებით ისე მიიღებდა, როგორც მერკელს. აი, ტრამპისგან რას უნდა ელოდოს, მანაც კი არ იცის. ანუ არავინ არ იცის.

ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსული პროპაგანდა მსოფლიოს იმით აშინებდა, რომ პუტინს, განსხვავებით ობამასგან, განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა თავის ქვეყანაზე და რომ განსხვავებით „ინტელიგენტი“ ობამასგან „მაჩო“ პუტინი ატომური იარაღის გამოყენებასაც არ შეუშინდებოდა.

მაგრამ ახლა ვაშინგტონში არანაკლები მაჩო იქნება, ვიდრე მოსკოვში. ამას ისიც ემატება, რომ მაჩოს პარტია კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს. 1920 წლის შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას (რომელიც ტრამპის პრაიმერისში გამარჯვების შემდეგ ლამის დაღუპულად გამოაცხადეს) ამდენისთვის აქამდე არასოდეს მიუღწევია. ამას ისიც ემატება, რომ უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტს ერთი მოსამართლის დანიშვნის უფლება უწევს, რის შედეგადაც უმრავლესობა იქაც კონსერვატორთა ხელში იქნება.

ასე რომ, ამერიკის ისტორიაში მართლაც რომ ყველანაირად გამორჩეული ხანა იწყება.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი