ანიმაციური ფილმი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის – სპერმატოზოიდი ბესო
ყალბი ამბავი
1707 ნახვა
A+
A
A-

ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.

 

რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია, რომელშიც ავტორი ირწმუნება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ახალ ეროვნულ გეგმაში სქესობრივი განათლების დანერგვას აპირებს. სტატიის ავტორის, ბესო ბარბაქაძის მტკიცებით, ამისათვის, სამინისტრომ გადაიღო და დახურულ კარს მიღმა ჩვენება მოაწყო, განაყოფიერების შესახებ ანიმაციური ფილმის.

ფილმი, რომელიც ბარბაქაძემ განათლების სამინისტროს შექმნილად გამოაცხადა, წლების წინ გერმანიაში, გერმანულ ენაზეა გაკეთებული და მხოლოდ ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. ეს ანიმაცია არც გერმანული და მითუმეტეს, არც ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი არ არის.

 

ანალიზი

მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია სათაურით: „ანიმაციური ფილმი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის – სპერმატოზოიდი ბესო“. სტატიაში, ავტორი გვეუბნება, რომ განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის სქესობრივი განათლების მისაცემად, ანიმაციურ ფილმს იღებს. შემდგომ, წინადადებაში, ეს ფილმი უკვე გადაღებულად გამოცხადდა და მეტიც, ავტორი ამბობს, რომ მისი ჩვენება უკვე მოეწყო დახურულ კარს მიღმა. სტატიაში შემოთავაზებულია, ფოტოები, რომელიც, ავტორის მინიშნებით, ასახავს ამ ფილმის კადრებს. ავტორი, ბესო ბარბაქაძე, გვეუბნება რომ ფილმის მთავარი პერსონაჟია სპერმატოზოიდი ბესო, რომელიც დიდ გზას გადის და რომლისგანაც „გოგონა იბადება“.

აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ფოტოები დეზინფორმაციაა, თვითონ სტატია კი, საზოგადოებაში საკითხისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებების და შიშების გაღვივებას ემსახურება.

პირველი გაყალბებული ფაქტი განათლების სამინისტროს მიერ, ამ ფილმის გადაღება და დახურულ კარს მიღმა მისი ჩვენების მოწყობაა. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმისთვის შექმნილ ფილმს უწოდებს ავტორი ანიმაციურ ფილმს, რომელიც არც ქართულად შექმნილა, არც საქართველოსთვის და  მათ შორის, არც სკოლისთვის. რეალურად, ანიმაციური ფილმი შექმნილია გერმანიაში, გერმანულ ენაზე, გერმანელი აუდიტორიისთვის. ფილმი, ინტერნეტ სივრცეში, დაახლოებით, 2012 წლის მარტში გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთ ბლოგზე თუ „იუთუბ“ არხზე შეხვდებით. ეს ანიმაცია, არც გერმანული სკოლების კურიკულუმშია და მითუმეტეს არც ქართულში. სწორედ, ამ ფილმის მთავარი პერსონაჟია სპერმატოზოიდი ვილი (Willi), რომელიც ბესო ბარბაქაძემ,  „სპერმატოზოიდ ბესოდ“ გაგვაცნო.

მეორე გაყალბებული ფაქტი, სამინისტროს მიერ სქესობრივი განათლების შეტანაა სკოლებში, ახალი სასწავლო გეგმის პირობებში. ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია გადაამოწმა, როგორც განათლების სამინისტროში, ისე ინდივიდუალურად ცალკეულ სკოლაში, აგრეთვე, გავეცანით 2018-2024 წლის ახალ სასწავლო გეგმას, მსგავსი სახის სახელმძღვანელო ან/და გაკვეთილები სკოლებში არც ახალი ეროვნული გეგმის ნაწილია და შესაბამისად, არც დანერგილი.

სტატია, რომლის ნამდვილობაც ჩვენ შევამოწმეთ, იწყება საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, რომელიც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ განცხადება არ შეიცავს არც რამიე სახის ფაქტს ან/და მინიშნებას სქესობრივი განათლების სკოლებში შეტანის შესახებ, თუმცა ავტორი სტატიის ძირითად ხაზს, მაინც ამ მიმართულებით ავითარებს და მკითხველს მიზანმიმართულ, შეცდომაში შემყვან, ყალბ ამბებს აწვდის.

გააზიარეთ: