2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ პირობა დადო, რომ ის თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულად შეხვდებოდა და მათ პრობლემებს მოისმენდა. "მე პირობა დავდე, რომ პირველივე დღეს, როდესაც თბილისის მერიაში შევიდოდი, ხელს მოვაწერდი მოქალაქეთა მიღების წესს. ყოველი კვირის ორშაბათი თბილისის მერთან, რაიონის გამგებლებთან, მერის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან მოქალაქეთა მიღების დღე იქნება. თითოეულ მოქალაქეს შეეძლება მოიტანოს ჩვენთან თავისი პრობლემა და ჩვენ მათ ამ პრობლემების გადაწყვეტაში დავეხმარებით" – აცხადებდა

ნარმანია.

პირველი ასეთი მიღების დღე თბილისის მერიაში 2014 წლის 11 აგვისტოს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მიღების პირველ ორშაბათს მერიის შენობასთან მერთან შეხვედრის მსურველთა საკმაოდ დიდი რიგი იყო, სადაც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდაც გახდა. როგორც მაშინ მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მარიამ შელეგიამ განაცხადა, შეხვედრაზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. "დღეს პირველი დღეა, შესაბამისად, იყო გარკვეული პრობლემები. მოქალაქეებს ეგონათ, რომ დაპირება არ შესრულდებოდა და მერს, მის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს ვერ შეხვდებოდნენ. ახლა უკვე რიგები აღარ არის. უამრავმა ადამიანმა მიიღო პასუხი იმ კითხვებზე, რაც აწუხებდათ. შეხვედრები 18:00 საათამდე გაგრძელდება. ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მერიის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრას, შემდეგ ორშაბათს შეეძლებათ მოსვლა და მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ, მოქალაქეებს მინდა წესრიგისკენ მოვუწოდო" - აცხადებდა

შელეგია.

საბოლოოდ, მიღების პირველ დღეს, თბილისის მერი, მისი მოადგილეები და სამსახურის უფროსები 413 ადამიანს შეხვდნენ.

შემდგომში, მერიამ პროცესის გასამარტივებლად გარკვეული პროცედურები

დააწესა - მოქალაქეს უნდა დაეწერა განცხადება, რომელსაც უწყება მთელი კვირის განმავლობაში მიიღებდა და სადაც მითითებული იქნებოდა მისთვის პრობლემური საკითხები, რათა მობილურად მომხდარიყო მისი შესაბამისი კომპეტენციის პირთან შეხვედრა. შეხვედრების დროდ 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდი განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონია. თბილისის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე არ არსებობდა. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრთან საუბარში უგულავას ყოფილი თანაშემწე აღნიშნავს, უგულავას თბილისის სხვადასხვა უბნებსა თუ რაიონებში ყოველდღიურად ჰქონდა გასვლითი ღონისძიებები, სადაც მოსახლეობას არსებული პრობლემების შესახებ საუბარი თავისუფლად შეეძლო.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად ასრულებს დავით ნარმანია პირობას და მართავს თუ არა მოსახლეობასთან შეხვედრებს.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის სპიკერმა გვანცა პაპავაძემ აღნიშნა, მერი, მისი მოადგილეები, სამსახურის უფროსები და რაიონის გამგებლები სისტემატურად ხვდებიან მოქალაქეებს და კომპეტენციის ფარგლებში მათ პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარებიან. თუმცა, ამისთვის დაწესებული დღე - ორშაბათი - პარასკევმა ჩაანაცვლა. როგორც პაპავაძე აღნიშნავს, ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაა, რომელსაც წყვეტა არ ჰქონია. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ოფიციალური მიღების დღე. ამასთან, მისივე თქმით, ნებისმიერ დღეს, როცა მოქალაქეს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა სურს და შესაბამისი სამსახურის უფროსი, გამგებელი, მერი და მოადგილეები ადგილზე არიან, ისინი იღებენ მათ და პრობლემებსაც ეცნობიან. თბილისის მერიის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, იმ დროის განმავლობაში, რაც დავით ნარმანია მერია, მხოლოდ მან 1 000-მდე თბილისელი მიიღო და მათ პრობლემებს გაეცნო.

ის, რომ მერიაში ყოველი კვირის პარასკევი მოქალაქეთა მიღების დღეა, უწყების ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგაც დაგვიდასტურეს. მეტი სიზუსტისთვის, ჩვენ თავად ვიმყოფებოდით მერიაში, სადაც როგორც რიგითმა მოქალაქემ შესაბამისი პრობლემით (მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით) მერთან, მის მოადგილესთან და სამსახურის უფროსებთან შეხვედრა მოვითხოვეთ. როგორც თბილისის მერიაში განგვიმარტეს, შეხვედრები ყოველი კვირის პარასკევს იმართება, თუმცა ამისთვის წინასწარ საჭიროა განცხადების დაწერა და პრობლემის მეტ-ნაკლებად აღწერა, რის შემდეგადაც მომლოდინეთა რიგში (მაქსიმუმ 2 კვირის ვადით) უნდა ჩავმდგარიყავით. ჩვენი რიგის მოსვლის შემთხვევაში მერია განცხადებაში მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდებოდა და შესაბამისი კომპეტენციის პირთან შეხვედრის საათს (პარასკევ დღეს) გვამცნობდა. მერთან ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირთან შეხვედრის თაობაზე განცხადება არ დაგვიწერია, თუმცა ჩვენი მერიაში ყოფნის პერიოდშიც გამოჩნდა, რომ შეხვედრის შესახებ განცხადება რამდენიმე მოქალაქემ დაწერა და შესაბამისი წესის მიხედვით რიგიც დაიკავა.

დასკვნა ამ სტატიაში ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, რამდენად ასრულებს თბილისის მერი დავით ნარმანია პირობას, რომ ყოველი კვირის ორშაბათ დღეს ის მოქალაქეებს მიიღებდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მართალია უწყებაში მიღების დღე შეიცვალა და ორშაბათი პარასკევმა ჩაანაცვლა, მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამ შეხვედრების რეალურობა მერიაში ჩვენმა ვიზიტმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი