ამ მომენტისთვის ეკონომიკური ზრდა 4.4%-ია, რაც მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის პროგნოზს 1%-ით აღემატება
მეტწილად სიმართლე
645 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ამ მომენტისთვის შეადგინა 4.4%-იანი ზრდა, რაც 1%-ით მეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელზე“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ივლისში საქართველოს ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა, 7 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.4% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის დათვლის მიზანს მხოლოდ ოპერატიული მონაცემების მიღება წარმოადგენს და მნიშვნელობები შემდგომ დაზუსტებას ექვემდებარება. კერძოდ, შეფასება ეკონომიკის ცალკეული სექტორებისათვის არა მიმდინარე, არამედ გასული პერიოდის შედეგებს ეყრდობა, შესაბამისად, რეალური მონაცემების გათვალისწინებით დათვლილი კვარტალური მაჩვენებლები, როგორც წესი, განსხვავდება აღნიშნული მონაცემებისგან. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდის წინასწარი ყოველთვიური შეფასება ოპერატიული ანალიზისათვის მიღებული მაჩვენებელია.

 

ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება

ეკონომიკური ზრდა იანვ. თებ. მარ. I კვ. აპრ. მაი. ივნ. II კვ. ივლ. 7 თვის საშუალო
2016 წელი 0.80% 2.60% 3.40% 2.60% 4.30% 2.10% 2.90% 3.10% 2.10% 2.70%
2017 წელი 5.20% 4.40% 5.30% 5.10% 2.10% 5.30% 4.60% 4.00% 3.80% 4.40%

წყარო: საქსტატი

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, მიმდინარე წლის თვიური (აპრილის გარდა) და კვარტალური მაჩვენებლები აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებლებს, 2017 წლის დასაწყისში, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპი 5.2%-ს შეადგენდა, მოგვიანებით მსოფლიო ბანკმა პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. აღნიშნულ მონაცემს მიმდინარე წლის 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 0.9 პუნქტით აღემატება, თუმცა წლის დასაწყისისთვის არსებულ პროგნოზს 0.8 პუნქტით ჩამოუვარდება. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

 

დასკვნა

2017 წლის დასაწყისში, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპი 5.2%-ს შეადგენდა, მოგვიანებით მსოფლიო ბანკმა პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების 7 თვის საშუალო მაჩვენებელმა კი 4.4% შეადგინა. 4.4%-იანი ზრდა 0.9% პუნქტით აღემატება მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, თუმცა, ჩამორჩება 2017 წლის თავდაპირველ პროგნოზს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: