ტელეკომპანია „დიას“ ეთერში

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრი კახა ტოლიაშვილი პარტია "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და გორის ტერაქტი გაახსენა. კახა ტოლიაშვილის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს უდანაშაულო  მოქალაქეები  ცხინვალის რეჟიმს ტერორისტებში გაუცვალა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან აფეთქება 2005 წლის პირველ თებერვალს მოხდა. შედეგად, სამი ადამიანი (პოლიციელები - გიორგი მთვარელიძე, სოსო მინდიაშვილი და იოსებ იაკობიძე) დაიღუპა, 30-მდე პირი კი დაიჭრა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,

აღნიშნული ტერაქტი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მაშინდელი პოლკოვნიკის, ანატოლი სისოევის მიერ შექმნილი დივერსანტთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის წევრები რუსეთის ტერიტორიაზე იწვრთნებოდნენ.

დანაშაული 5 თვეში გაიხსნა. დააკავეს სამი პირი: გიორგი ვალიევი, გიორგი ზასეევი და იოსებ კოჩიევი. შიდა ქართლში მოქმედი დივერსიული ჯგუფის სხვა წევრებზე კი, ძებნა გამოაცხადეს. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ივნისის ანგარიშში

წერია, რომ გორის ტერაქტში ბრალდებულ სამ პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, ბრალი ორმა მათგანმა აღიარა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, ადამიანების დაკავებებმა მასიური ხასიათი მიიღო. ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის მესაზღვრეები ადგილობრივ მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დღემდე აკავებენ. სახალხო დამცველის 2014 წლის ივნისის ანგარიშის

მიხედვით, 2009-2014 წლებში ცხინვალის ციხეში სულ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები  606 მოქალაქე  აღმოჩნდა.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი თითქმის ყოველთვე იცვლება. ასეთი საკითხები ძირითადად ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შერეულ შეხვედრებზე  წყდება, რომელიც თვეში ერთხელ იმართება. გამყოფი ხაზის გადმოკვეთის შემთხვევები ცხინვალის მცხოვრებთა მხრიდანაც ფიქსირდება. თუმცა, ქართული მხარე სადამკვირვებლო მისიისა და არსებული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ასეთ დაკავებულებს უკანვე აბრუნებს. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ქართულ ციხეებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მხოლოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში ხვდებიან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მხარეების მიერ მოლაპარაკებები მხოლოდ ჟენევისა და IPRM-ის ფორმატშია შესაძლებელი, სადაც რუსულ-ოსური მხარეები პატიმრების გაცვლას ქართულ მხარეს ყოველთვის პრინციპით „ყველა-ყველაზე“ სთავაზობდნენ, რაზეც უარს იღებდნენ. ქართული ციხეებიდან ძირითადად 2008 წლის ომის პერიოდში დაკავებულებს ათავისუფლებდნენ, მათ სანაცვლოდ კი, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველებს უშვებდნენ. ქართული მხარე 2012 წლამდე აცხადებდა, რომ უდანაშაულო ქართველებს გორის ტერაქტში მონაწილეებზე არ გაცვლიდა. ოსური მხარის წინადადებაზე დათანხმების აუცილებლობაზე 2014 წლის ივნისში  საქართველოს სახალხო დამცველი ალაპარაკდა.

უჩა ნანუაშვილი ანგარიშის პრეზენტაციისას ირწმუნებოდა, რომ პატიმრების ოჯახის წევრები მუდმივად მიმართავდნენ და შეწყალებას ითხოვდნენ.

მანამდე კი ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა,

რომ პირველი ჰუმანური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ გადადგა, როდესაც მარეკ დუდაევი კი არ გაცვალა, არამდ 2013 წლის ივნისში უპირობოდ გაათავისუფლა და დიდი ხნის განმავლობაში შემხვედრ ნაბიჯს სწორედ დე-ფაქტო ხელისუფლებისგან ელოდებოდნენ.

ოსური მხარის თხოვნა პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით,  სრულად 2016 წლის 11 მარტს დაკმაყოფილდა, როდესაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ენგურის ხიდთან ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლა

მოხდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი ოსურ- აფხაზურ მხარეებს ოთხი პირი. მათ შორის სამს (გიორგი ვალიევს, გიორგი ზასეევს და იოსებ კოჩიევს), გორის ტერაქტის გამო უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

  დასკვნა 2008

წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამართულ შეხვედრებზე,  ცხინვალის რეჟიმი პატიმრების გაცვლას პრინციპით „ყველა-ყველაზე“ ითხოვდა, რაზეც ქართული მხარე, რომელსაც გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლება არ სურდა, არ თანხმდებოდა.

2009-2014

წლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმებების საფუძველზე,  სხვადასხვა დროს დაკავებული პატიმრების გაცვლა რეალურად ხდებოდა. თუმცა, გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაადასტურა, რომ 2016 წლის 11 მარტს, უკანონო პატიმრობაში მყოფი 13 ქართველის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოსურ მხარეს  გორის ტერაქტის მოწყობაში მსჯავრდებულები გადასცა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ გორის ტერაქტის მონაწილეები რუსულ-ოსურ მხარეებს გადასცა არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი