მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ივანე კიღურაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როდესაც ის რექტორად დანიშნეს, მას არ ჰქონდა უნივერსიტეტში მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება, ასევე არ გააჩნდა აკადემიური ხარისხი, რაც, დეპუტატის აზრით, მიუღებელია.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ალექსანდრე კვიტაშვილს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა 2010-2013 წლებში ეკავა. 2010

წლის სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე ის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2010 წლის 27 დეკემბერს კი, ის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად აირჩია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე კვიტაშვილმა 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (ევროპისა და აშშ-ის უახლესი ისტორიის სპეციალობით) დაამთავრა. 1993 წელს მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლა და  სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1993-2005 წლებში კვიტაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში იმუშავა. 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის სექტემბრამდე ალექსანდრე კვიტაშვილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლება ეს არის უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს მოიცავს. აკადემიური ხარისხი კი, ეს არის კვალიფიკაცია, რომელიც პირს უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის დამთავრებისას ენიჭება. შესაბამისად, არსებობს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. დიდი ალბათობით, დეპუტატი სწორედ დოქტორის აკადემიურ ხარისხს გულისხმობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რექტორის არჩევის წესში შესწორება 2013 წლის მარტში შევიდა და მანამდე არსებული რედაქცია რექტორის კანდიდატისთვის აკადემიური ხარისხის ქონის აუცილებლობას არ ითხოვდა. კერძოდ, ძველი რედაქციის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ხელმძღვანელობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით". შესაბამისად, ალექსანდრე კვიტაშვილს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად დოქტორის აკადემიური ხარისხი არ სჭირდებოდა.

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს საუნივერსიტეტო საქმიანობის გამოცდილება და დოქტორის აკადემიური ხარისხი მართლაც არ ჰქონდა. თუმცა, მაშინ, როდესაც კვიტაშვილი უნივერსიტეტის რექტორი იყო, კანონი რექტორობის კანდიდატისგან აკადემიური ხარისხის (დოქტორის) ქონის ვალდებულებას არ ადგენდა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხის კვლევისას მხოლოდ ფაქტების გაანალიზებით შემოიფარგლა და  განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი