2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებიგანიხილეს. კანონპროექტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედების 2016 წლის 1 ოქტომბრამდე (ნაცვლად 2014 წლის 1 ოქტომბრისა) გადავადებას ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტმა 18 სექტემბერს საბოლოოდ მიიღო.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნული ინსტიტუტის ამოქმედების გადავადების ერთ-ერთ არგუმენტად მოსამართლეთა ტრეინინგების კუთხით არსებული პრობლემა დაასახელა. მისი თქმით, "მოსამართლეთა მასშტაბური ტრეინინგების კუთხით არაფერი გაკეთებულა".

მინისტრის მოადგილის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მოსამართლეები დატრენინგებულები არიან და ეს პროცესი მიმდინარეობს".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებებით დაინტერესდა და მათი გადამოწმება გადაწყვიტა.

2004 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, 82-ე მუხლით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დამკვიდრდა. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2014 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დანაშაულებზე, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ამოქმედებულიყო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავჯდომარე სისხლის სამართლის მოსამართლეა.

მოსამართლეთა დატრეინინგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მივმართეთ. უზენაესი სასამართლოდან მიღებული პასუხის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თემატიკაზე შემდეგი ტრენინგები ჩატარდა:

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებამდე: 2009 წლის 25-26 აპრილს, 13-14 ივნისს, 4-5 ივლისს, 25-26 ივლისს, 19-20 სექტემბერს, 24-25 ოქტომბერსა და 2010 წლის 15-17 ივლისს. ტრეინინგი გაიარა სისხლის სამართლის ყველა მოქმედმა მოსამართლემ;

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების შემდეგ: 2014 წლის 6-7 მარტს. ტრეინინგი გაიარა 8 მოქმედმა მოსამართლემ.

დასკვნა

უზენაესი სასამართლოდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებამდე ტრენინგი სისხლის სამართლის ყველა მოსამართლემ გაიარა. ნაფიც მსაჯულთა სასამრთლოს ამოქმედების შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტრენინგი მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის 6-7 მარტს ჩატარდა და ის რვა მოსამართლემ გაიარა.

ალექსანდრე ბარამიძე არასწორად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსამართლეთა მასშტაბური ტრეინინგის მხრივ არაფერი გაკეთებულა. ამდენად, მისი განცხადება: „პრობლემა არის მოსამართლეთა ტრენირება. მოსამართლეთა მასშტაბური ტრეინინგების კუთხით არაფერი გაკეთებულა,“ არის მცდარი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ხათუნა გოგორიშვილის განცხადება: „მოსამართლეები დატრენინგებულები არიან...,” არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი