უკვე წელიწადზე მეტია, რაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან, როგორც ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოდან, წარსაგზავნი მოსამართლის შერჩევა მიმდინარეობს. სამი კანდიდატისგან (ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი) შემდგარი პირველი სია ქართულმა მხარემ საბჭოს 2016 წლის 26 აგვისტოს წარუდგინა. თუმცა, შეთავაზებული სიის საპარლამენტო ასამბლეისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა ჯერ ოთხი თვით გადადო, საბოლოოდ კი დაიწუნა და საქართველოს ახალი სიის წარდგენის რეკომენდაცია მისცა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის მიზეზი კანდიდატთა არასაკმარისი კვალიფიკაცია გახდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოდ იქნა ცნობილი საქართველოს მიერ წარდგენილი მეორე სიაც. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით,

 საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი - სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაზე ვერ აკმაყოფილებენ იმ ახალ წესებსა და მოთხოვნებს, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს [თუმცა, გაუგებარია, როგორ არის "ახალი" 2009 წელს დაწესებული მოთხოვნები]. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ლადო ჭანტურიას, ის დადგენილ მოთხოვნებს (პირველი ეტაპისთვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს) სრულად აკმაყოფილებს. შესაბამისად, კვლავ განაგრძობს კონკურსში მონაწილეობას და სიის განახლების შემდეგ, დანარჩენ კანდიდატებთან ერთად მის კვალიფიციურობას შესაბამისი კომიტეტი შეაფასებს.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა (მათგან ერთ-ერთმა, ნინო ბაქაქურმა, ბოიკოტი გამოუცხადა კომისიას და გასაუბრებაზე არ გავიდა). გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა და ქულათა დაჯამების შედეგად ოთხი კანდიდატი (ლალი ფაფიაშვილი - 4.82; თამარ ალანია - 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი - 3.73; ოთარ სიჭინავა - 3.73) გამოვლინდა, რომელთა სიაც საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 აგვისტოს განკარგულებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებულ

ორ კანდიდატს ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა ჩაანაცვლებენ.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი სპეციალურ სამთავრობო კომისიასა და მთავრობის მიერ შერჩეულ ორ კანდიდატს უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, რომელიც კანდიდატთა შერჩევის მიზნით მესამედ გამართულ  კონკურსს პროტესტის ნიშნად 25 აგვისტოს  გამოეთიშა,

პროცესი უსამართლოდ, არაობიექტურად და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოდ წარიმართა.

საზოგადოების ნაწილისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ  მთავრობის მიერ შერჩეული ორივე კანდიდატი ბოლო პერიოდში ყველაზე რეზონანსული საქმეების  („რუსთავი 2“-ის საქმე, კაბელების საქმე) განმხილველ მოსამართლეებს წარმოადგენენ, რომელთან დაკავშირებითაც მათმა ქმედებებმა გარკვეული ეჭვები და არაერთი კითხვა გააჩინა. რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს, დღემდე ამოუცნობია, თუ რატომ ასეირნებდა მოსამართლე ოთარ სიჭინავა ძაღლებს სწორედ მაშინ, როცა წესით მნიშვნელოვან პროცესზე უნდა ყოფილიყო (იხ. ფაქტ-მეტრეის სტატია). რაც შეეხეება მეორე კანდიდატს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს და თავმჯდომარის მოადგილეს ლალი ფაფიაშვილს, მან „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი სახელწოდებით "დედათა ტრილოგია" და ზოგადად "რუსთავი 2"-ის სიუჟეტები მის მიმართ „რუსთავის 2“-ის მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებად მიიჩნია და პლენუმს გახმაურებული საქმეებიდან თვითაცილების მოთხოვნით მიმართა. შეგახსენებთ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მომზადებული სიუჟეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედის, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის სანოტარო ბიუროში 2015 წელს ყალბი დოკუმენტები დამზადდა, რომლის გამოაშკარავების შემდეგაც ახვლედიანმა პროკურატურას თავად შეატყობინა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობას ახლადარჩეული კანდიდატები 31 აგვისტომდე უნდა წარედგინა. აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები დადგენილ სტანდარტებს სულ მალე გახდება ცნობილი, რადგან გამოქვეყნებული კალენდრის

თანახმად, საქართველოდან წარდგენილი სიის განხილვა და საპარლმანეტო ასამბლეის მიერ  საუკეთესოს არჩევა ოქტომბერშია დაგეგმილი.

არასამთავრობოთა კოალიციის შეფასებით,

ჩატარებული კონკურსის პირობებში სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი სიის ჩავარდნის რეალური საფრთხე არსებობს. იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ თუ როგორ წარიმართება მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რა ფაქტორები იქნება გათვალისწინებული მომდევნო შერჩევის სხვადასხვა ეტაპებზე და რამდენად რეალურია სიის ჩაგდების საფრთხე, გთავაზობთ ევროპის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის დეტალურ აღწერას.

„ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის

“ 21-ე მუხლის მიხედვით „მოსამართლეებს უნდა ახასიათებდეთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და  უნდა ფლობდნენ მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კვალიფიკაციას, ან იყვნენ აღიარებული კომპეტენციის მქონე სამართალმცოდნეები“.

იმისთვის, რომ მოსამართლე აღნიშნულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, შერჩევის პროცესი მეტად გართულებულია და ორი მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება: სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კონკურსი და საპარლამენტო ასამბლეის მიერ კანდიდატის შერჩევა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო წარადგენს სიას, საპრალამენტო ასამბლეისთვის გადაცემამდე მას ფორმალურად ამოწმებს ექსპერ-მრჩეველთა კოლეგია და სახელმწიფოს წარდგენილ კანდიდატთა კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ კონფიდენციალურ რჩევებს აძლევს. მას შემდეგ, რაც სამ კაციანი სია (იგულისხება რომ ყველა მათგანი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს) ასამბლეას გადაეცემა, სამართლებრივი გამოცდილების მქონე პარლამენტის წევრთა მიერ შემდგარი სპეციალური კომიტეტი ინდივიდუალურად გაესაურება თითოეულ კანდიდატს და კანდიდატთა კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობასთან მათ შესაბამისობას შეამოწმებს.

ამ შემთხვევაში კომიტეტი უნდა დარწმუნდეს, რომ სამივე მათგანი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და გასცემს რეკომენდაციას, რის საფუძველზეც საბოლოოდ საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრის გზით, აბსოლუტური უმრავლესობით (პირველ ეტაპზე) აირჩევს მოსამართლეს. აღსანიშნავია, რომ აუცილებელია  კომიტეტმა სამივე კანდიდატურა შეაფასოს დამაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი კანდიდატურის შეუსაბამობაც კი, გამოიწვევს სიის ჩაგდებას და სახელმწიფოს თავიდან მოუწევს სამკაციანი სიის წარდგენა. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა, რაც შეიძლება დომინანტი კანდიდატის წარდგენით მოხდეს. საპარალამენტო ასამბლეას საშუალება უნდა მიეცეს აირჩიოს სამი საუკეთესოსგან ერთ-ერთი  და არა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი უალტერნატივო კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში სიის ჩავარდნა სწორედ გასაუბრების ეტაპზე მოხდა, როდესაც კომიტეტმა მიიჩნია,

რომ სამივე კანდიდატი არ იყო საკმარისად კვალიფიციური. ხოლო, 2017 წლის 25 ივლისს, სიის დაწუნება პროცედურის პირველ ეტაპზე, ექსპერტ-მრჩეველთა მიერ მოხდა, რომელთა მოვალეობა სწორედ რჩევების გაცემაა, რათა საბოლოო ჯამში ასამბლეას კვალიფიციური სია წარედგინოს.

წარდგენილი სიის შემოწმებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ კანდიდატთა კვალიფიციურობას, არამედ იმას, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართა ეროვნულ დონეზე აღნიშნულ კანდიდატთა შესარჩევი პროცედურები.  ევროპის საბჭოს, 2009 წლის რეზოლუციის

თანახმად, აღნიშნული ფაქტორი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

საქართველოს შემთხვევაში პრობლემები აქაც არსებობს, არასამთავრობო სექტორი ეროვნულ დონეზე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის დაწყების პირველივე დღიდან პროცესში არსებულ ხარვეზებზე

და შესარჩევი კომისიის მიკერძოებულობაზე საუბრობდა, რაც შედეგად ნაკლებკვალიფიციური, თუმცა ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატების შერჩევასა და  ნაკლებად სასურველი, თუმცა კვალიფიციური კანდიდატების  გამორიცხვას იწვევდა.

კონკურსში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის განცხადებით,

„კონკურსის ყველა ეტაპი ხასიათდებოდა სერიოზული ხარვეზებით, საუბარია იმაზე, რომ ზოგადად სუბიექტური შეფასებებისთვის რჩება ძალიან დიდი ადგილი, როცა არ არის განსაზღვრული კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული კანდიდატები, რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც კომისიის შემადგენლობაზე, რომელიც თითქმის მთლიანად სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან იყო დაკომპლექტებული და ეს მთლიანობაში საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შერჩევის პროცესში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო არასამთავრობო სექტორმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ეროვნულ დონეზე ჩატარებულმა კონკურსმა შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს ასამბლეის მიერ სიის განხილვისას და შესაძლოა სიის კიდევ ერთხელ ჩაგდების მიზეზიც კი გახდეს, რაც ქვეყნის იმიჯს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

ასამბლეის მიერ კენჭისყრის პროცედურა ოქტომბერშია დაგეგმილი. შესაბამისად, სულ მალე გახდება ცნობილი, გახდება თუ არა აუცილებელი ეროვნული შესარჩევი კონკურსის უკვე მეოთხედ ჩატარება.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი