"

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ ცამციშვილმა, ტელეკომპანია "რიონის" ეთერში განაცხადა, რომ არ შეხვედრია პროექტი ან პროგრამა, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს განეხორციელებინოს.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. მისი უფლება-მოვალეობა პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული

და ძირითადად კანონპროექტების განხილვა-ინიცირებას გულისხმობს. ყველა მაჟორიტარს საკუთარი ბიურო აქვს. ბიურო ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობის მიზნით იქმნება.

გუბაზ სანიკიძის ბიურო 2012 წლიდან ქუთაისის მერიის შენობაშია. ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სანიკიძე ბიუროში 2 600 მოქალაქეს შეხვდა. ვიცე-სპიკერად არჩევის შემდეგ, 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე, მან პარლამენტში 1 500 მოქალაქის მიღება შეძლო.

გუბაზ სანიკიძეს დღემდე 2 960 განცხადებით მიმართეს. ბიუროს თანამშრომლის, თეა თათელაშვილის განცხადებით, მიმართვების ძირითადი ნაწილი შემდეგი სახის პრობლემებს ეხებოდა: დასაქმება, მატერიალური დახმარება, სამედიცინო და სოციალური საკითხები, საცხოვრებელი პირობები, წყალმომარაგება და კანალიზაცია, ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების გზის საფარის და ღვარსადენების რეაბილიტაცია, მოწყობა და ა.შ. მოქალაქეთა პრობლემებს ბიუროს თანამშრომლები ადგილზე ეცნობოდნენ.

თათელაშვილის თქმით, განცხადებათა 55% დადებითად გადაწყდა, 30% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო განმცხადებელთა 15%-მა უარი მიიღო. დადებითად გადაწყვეტილი თხოვნების უმეტესობა სამედიცინო დახმარებას ეხებოდა, მათ მოგვარებაში კი სანიკიძეს მხოლოდ შუამდგომლის როლი ჰქონდა. ყველაზე ხშირად შუამდგომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან უწევდა.

დარეგისტრირებული განცხადებების სიმრავლისა და დადებითად გადაწყვეტილი თხოვნების მიუხედავად, 2013 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა, მოქალაქეთა პრობლემებისადმი დეპუტატის  გულგრილობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, სანიკიძის კაბინეტის კარს წებოვანი ლენტები გადააკრა.

მაჟორიტარის ბიუროს ბიუჯეტი 60 ათასი ლარია. თანხის დიდი ნაწილი, 58 400 ლარი, სახელფასო ფონდზეა გამოყოფილი. ბიუროს 5 თანამშრომელი ჰყავს (დეპუტატის გადაწყვეტილებით, ბიუროს თანამშრომელთა ხელფასი 200 ლარით  გაიზარდა და 700 ლარი შეადგინა). 2013 წლიდან თანამშრომლებზე პრემია და სახელფასო დანამატი არ გაცემულა.

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის მიერ 2012 წლის არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს, კონკრეტულად ქუთაისთან დაკავშირებით მისმა მომავალმა მაჟორიტარმა ორი ძირითადი დაპირება

გასცა - 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ქუთაისში  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე 2016 წლამდე მკაფიო განცხადება არ გაკეთებულა. მხოლოდ რამენიმე თვის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი მოეწყობა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი, 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილი  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდება, რისთვისაც სავარაუდოდ 500 მილიონი ევრო დაიხარჯება. 12 სექტემბერს ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 "დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცენდენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, საუნივერსიტეტო ქალაქში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება 24 საათიან წყალმომარაგებას, ამ მომენტში წყალმომომარაგების სისტემის  რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება 2009 წელს დაიწყო, 2012 წელს სამუშაოები შეჩერდა და 2013-ში განახლდა. ქუთაისის ყოფილი და მოქმედი მერები წყალმომარაგების პროექტში სანიკიძის წვლილზე არ საუბრობენ. მათი განცხადებით,

 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი მათ მიერ დაიწყო და ხორციელდება.

სანიკიძის ბიუროს ინფორმაციით, ბიუროსთან 2013

წლის დასაწყისიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა საინფორმაციო საკონსულტაციო ჯგუფი არსებობს, რომლის საქმიანობა ძირითადად წყალმომარაგების პროექტის და მიმდინარეობის კონტროლია.

თავად  გუბაზ სანიკიძე ფაქტ-მეტრთან საუბარში ოთხწლიან მაჟორიტარობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. მისი თქმით, ქუთაისთან დაკავშირებით ორი მთავარი დაპირება ჰქონდათ და "სხვაზე მეტი" დაპირება არ გაუცია. "პირველი დაპირება იყო 24 საათიანი წყალმომარაგება, რაც სრულდება, მეორე იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რაც ჯერჯერობით არ მოხერხდა. თუ არაფერი გამიკეთებია, არც გამიფუჭებია. ბევრს ჰგონია, რომ მაჟორიტარი უნდა ასაქმებდეს ხალხს და ქმნიდეს სამუშაო ადგილებს და ა.შ. მე მქონდა ერთი მთავარი პრინციპი  - არ ჩავრეოდი თვითმმათველობის საქმიანობაში. მაჟორიტარის საქმიანობა ფასდება შემდეგნაირად - ან არაფერს აკეთებს, ან ყველაფერში ერევა. ჯობია თქვან, რომ არაფერი გავაკეთე, ვიდრე თქვან, რომ ყველაფრის წილში ვიყავი. ვიღებდი მოქალაქეებს, ზოგს დავეხმარე, ზოგს არა. ჯამში, ჩემს მაჟორიტარობას შევაფასებდი, როგორც დამაკმაყოფილებელს" - განაცხადა

სანიკიძემ.

მისივე ბიუროდან მოწოდებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში რომელიმე კანონპროექტის ინიციატორი დამოუკიდებლად არ ყოფილა. საქართველოს დეპუტატების მუშაობის შესახებ კვლევები არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორიოს გამჭვირვალობა–საქართველომ" ჩაატარა. კვლევები 2012, 2013, 2014, 2015

 წლებში პარლამენტში დეპუტატების საქმიანობას, მათ მიერ განხილულ და ინიცირებულ კანონპროექტებს მოიცავს. ამ წლებში გუბაზ სანიკიძე არცერთი კანონპროექტის ავტორი არ ყოფილა. კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა არც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც გუბაზ სანიკიძე იყო.

  დასკვნა

როგორც მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ წელიწადში საშუალოდ 1 000 მოქალაქე მიიღო და 3 000-მდე განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. სანიკიძემ ორი ძირითადი საარჩევნო დაპირება გასცა - ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგება და ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერისიტეტის მშენებლობა. ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება 2009 წელს დაიწყო, 2012 წელს სამუშაოები შეჩერდა და 2013-ში განახლდა, მისი დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 8 სექტემბერს ტექნოლოგოური უნივერსიტეტის შენებლობა კი პრემიერმა გიორგი კვირიკშვილმა დააანონსა. 12 სექტემბერს კვირიკაშილმა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტს ფონდი "ქართუ" დააფინანსებს და მისი დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, სანიკიძის ორივე ძირითადი დაპირება სრულდება. თუმცა, პორიველი პროექტის განხორციელება გაჭიანურდა - წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2013 წელს განახლდა და ჯერ არ დასრულებულა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი კი პრემიერმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს წარადგინა.

გუბაზ სანიკიძე 2012-2015 წლებში დამოუკიდებლად რომელიმე კანონპროექტის ავტორი არ ყოფილა. სანიკიძეს ღიად არც პარლამენტის ქუთაისში დარჩენაზე გამოუთქვამს თანხმობა - ის აცხადებდა, რომ ეს საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია.

დეპუტატის ინიცირებით ან მხარდაჭერით ქუთაისში არცერთი პროექტი არ განხორციელებულა. აქვე აღსანიშნავია, რომ მას რაიმე სახის პროექტის განხორციელებას პარლამენტის დეპუტატის მანდატი არ ავალდებულებდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, თემურ ცამციშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი