8 ივნისს, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან დებატებისას, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „დღეს ყოველ ახალშობილს აქვს 4 000 ლარამდე ვალი, ანუ ადამიანი რომ იბადება ქვეყანაში, იგი ცხოვრებას იწყებს ვალით და თუ 4-5 წლიან პერსპექტივაზე ვლაპარაკობთ, აქაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 33%-დან 44%-მდე არის გაზრდილი სახელმწიფო ვალი და 40%-საც 2016 წლის ბიუჯეტის მეშვეობით გადავაბიჯეთ. მე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა თავის საარჩევნო პროგრამაში, რომ ვალი არ უნდა გამხდარიყო 40%-ზე მეტი, ახლა კი 44%-ია“.

ზურაბ ჭიაბერაშვილს გიორგი კაკაურიძემ უპასუხა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „ვალს რაც შეეხება, 37% იყო დაახლოებით სახელმწიფო ვალი და დღეს ნამდვილადაა 44%, ამაში დიდი როლი ითამაშა სავალუტო ცვლილებამ, იმიტომ, რომ ვალუტაში გამოხატული ვალი [დოლარში ასახული] გაზრდილი იყო სულ რაღაც 250 მლნ დოლარით, ხოლო მშპ-თან მიმართებით გაიზარდა უფრო დიდი მნიშვნელობით“.

სახელმწიფო ვალის სტატისტიკას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სახელმწიფო ვალის ეროვნულ ვალუტაში გამოხატული მნიშვნელობა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 2 მლრდ-ით გაიზარდა და 15 მლრდ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში (2011-2016 წლები) სახელმწიფო ვალის მოცულობა მუდმივად იზრდებოდა. ზოგადი ტენდენციისგან განსხვავებულია მიმდინარე მდგომარეობა, 2017 წლის 31 მაისის მონაცემებით, გასულ წელთან მიმართებით, ვალი 300 მლნ ლარით არის შემცირებული.

სახელმწიფო ვალის რეალური ტვირთის შესაფასებლად საჭიროა დავაკვირდეთ მის მიმართებას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. ვალის მართვაში პოზიტიური ტენდენცია იმ შემთხვევაში შეინიშნება, თუ ფულადი მნიშვნელობის ზრდის მიუხედავად, მისი წილი მშპ-ში მცირდება.

2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით 34.9% იყო, 2013 წელს კი 34.7%-მდე შემცირდა. თუმცა, მაჩვენებელმა 2014 წლიდან ზრდა დაიწყო და 2016 წელს 45.6% შეადგინა, რაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ნიშნულია.

სახელმწიფო ვალის ნებისმიერი ოდენობით არსებობა უკვე ნიშნავს, რომ ქვეყნის თითეულ მოქალაქეს გარკვეული ფინანსური ვალდებულება გააჩნია. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე დათვლილ სახელმწიფო ვალს, საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის მდგომარეობით, საქართველოში დაახლოებით 3.7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, სახელმწიფო ვალის სახით კი მათი მიმდინარე ფინანსური ვალდებულება მართლაც 4 000 ლარს უტოლდება.

გრაფიკი 1: საქართველოს სახელმწიფო ვალის სტატისტიკა (მლრდ ლარი)

Screenshot from 2017-07-05 12-28-55

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ვალს უცხოურ ვალუტაში (დოლარში) აღებული სახელმწიფო საგარეო ვალისა და ეროვნულ ვალუტაში აღებული საშინაო ვალის ჯამი ქმნის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალის აგრეგირებულ, ლარში გამოხატულ მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის ცვლილებაც, რაც ცვლის მშპ-თან მის თანაფარდობას.

ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წელს, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.66 იყო. ლარის გაცვლითი კურსი 2012 წლის შემდეგ რომ არ შეცვლილიყო, სახელმწიფო ვალის ქვეყნის მშპ-თან მიმართების მაჩვენებელს 2015 წლის ჩათვლით კლების ტენდენცია ექნებოდა, 2016 წელს 32.2%-მდე გაიზრდებოდა, ხოლო 2017 წლის მაისის მდგომარეობით 31.2%-მდე შემცირდებოდა და არცერთი წლისათვის არ გადაცდებოდა 40%-იან ნიშნულს.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ვალის სტატისტიკა ფიქსირებული ვალუტის კურსის პირობებში (მლრდ ლარი)

dasadebi 12

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

თავის მხრივ, სახელმწიფოს საგარეო ვალს მთავრობის საგარეო ვალისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ჯამი შეადგენს. სახელმწიფოს საგარეო ვალი 2013-2017 წლებში 389 მლნ დოლარით გაიზარდა. ასეთი ნაზრდი (და არა უფრო მეტი მოცულობის) დიდწილად ეროვნული ბანკის მიერ გასტუმრებულმა ვალებმა განაპირობა. ბანკის ვალი საანგარიშო პერიოდში 316 მლნ დოლარით შემცირდა მაშინ, როცა მთავრობის საგარეო ვალი 705 მლნ დოლარით გაიზარდა (იხ. ბმული).

მნიშვნელოვანია საშინაო სახელმწიფო ვალის ცვლილების განხილვაც. თუკი საგარეო ვალის ლარში დათვლილ მოცულობაზე სავალუტო რყევები ახდენს გავლენას, საშინაო ვალი ეროვნულ ვალუტაშია აღებული და მასზე ლარის კურსის ცვლილება არ მოქმედებს. მთავრობის საშინაო ვალის მოცულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წლისთვის (2013 წელი) 1.9 მლრდ ლარს შეადგენდა, მიმდინარე მდგომარეობით კი საშინაო ვალის ოდენობა გაზრდილია 1.8-ჯერ და 3.4 მლრდ ლარია. გაზრდილია საშინაო ვალის მშპ-თან მიმართების მაჩვენებელიც, თუკი იგი 2012 წელს 7.3% იყო, დღეს 9.6%-ია.

დასკვნა

2016 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი სახელმწიფო ვალი ნამდვილად შეადგენს 4 000 ლარს. თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არსებული ფაქტის გაზვიადებული შეფასებაა, რადგან იგი ახალშობილთა სტატუსის ხაზგასმით საკითხს ზედმეტად სენსიტიურად წარმოაჩენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში (2011-2017 წლებში) სახელმწიფო ვალის მოცულობა 33% არ ყოფილა, 2016 წლის მონაცემებით კი მაჩვენებელმა 45.6% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ არც პირველდა არცმეორესაარჩევნო პროგრამაში სახელმწიფო ვალის მშპ-თან მიმართების კონკრეტულ პროცენტულ ნიშნულზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“, „ქართული ოცნების“ პროგნოზით, სახელმწიფო ვალის მშპ-თან მიმართება 2020 წლისათვის მართლაც უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები. ამ პროგნოზის მართებულობას კი დრო გამოაჩენს.

2012 წლის ბოლოს, ანუ როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით 34.9% იყო და არა 36.6%, როგორც გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს. მშპ-თან გაზრდილ მნიშვნელობაზე გარკვეული გავლენა იქონია ლარის კურსის გაუფასურებამ, თუმცა ვალის ზრდაზე საუბრისას მხოლოდ ამ ფაქტორზე აპელირება ცალსახად არასწორია. საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2012-2017 წლებში 705 მლნ დოლარითაა გაზრდილი. ასევე გაზრდილია ლარში გამოხატული საშინაო ვალის მოცულობაც (როგორც ნომინალში, ასევე მშპ-ის მიმართ), რაც მთავრობის მხრიდან გაზრდილ ფინანსურ ვალდებულებებს ნიშნავს და ეს ფაქტი ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში აღნიშნული არ ყოფილა. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, გაზრდილია არა 250, არამედ 389 მლნ დოლარით. ცალკე აღებული მთავრობის საგარეო ვალი (ეროვნული ბანკის ვალის გარეშე) გაზრდილია 705 მლნ დოლარით.

ფაქტ მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე, ხოლო გიორგი კაკაურიძის პასუხი მეტწილად მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი