სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების 21 ინდივიდუალურ სარჩელზე ვერდიქტი გამოიტანა.

 ორი მათგანისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მცხოვრები ლია შიოშვილი რვა თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ოთხ შვილთან ერთად მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი, მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს. იმ არაადამიანური მოპყრობისა და მძიმე გზის გამო, რომელიც ოთხი შვილის დედამ საქართველომდე გამოიარა, რუსეთს 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. 40 ათასი ევროს გადახდა კი, მოსკოვს დეპორტაციის დროს გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის მეუღლისთვის მოუწევს.

რუსეთის ფედერაციიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაცია საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავებას მოჰყვა.

 რუსეთის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები ქართველებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აკავებდნენ და საქართველოში სატვირთო თვითმფრინავებით გზავნიდნენ. 9 თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი 2006 წლის შემოდგომაზე, ოთხ შვილთან ერთად ქვეყნიდან გამოაძევეს, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში ძალიან მძიმე პირობებში, რუსეთში რჩებოდნენ. ნერვული სტრესის გამო სამშობლოში ჩამოსულმა შიოშვილმა მკვდარი ბავშვი გააჩინა. იგი სიმართლის დადგენას 10 წელი ელოდა.

"

ოქტომბრის ბოლოს გამაფრთხილეს, რომ რუსეთის ტერიტორია დაგვეტოვებინა. აზერბაიჯანის მატარებელში იძულებით ჩაგვსხეს და გამოგვგზავნეს. დაღესტანში მატარებლიდან ჩამოგვსვეს და ყველაფერი წაგვართვეს. აზერბაიჯანის ტერიტორიიდან 5 გრადუს ყინვაში რამდენიმე დღე ფეხით ვიარეთ და როგორღაც გადმოვაღწიეთ. ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ვიყავი. პატარები ტიროდნენ, ძლივს ვამშვიდებდი. საქართველოში როცა ჩამოვედით, მეგონა ყველაფერი დასრულდა, მაგრამ უარესი უბედურება დამხვდა აქ, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. მეც და ბავშვებმაც იმხელა მორალური და ფსიქოლოგიური სტრესი მივიღეთ, რომ ჩემს დანაკლისს ვერანაირი კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს, მაგრამ, მთავარია, სიმართლე გაირკვა", - უთხრა ფაქტ-მეტრს ლია შიოშვილმა.

როგორც ფაქტ-მეტრს "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა განუცხადა, მათ მიერ წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ ლია შიოშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეთოთხმეტე - ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მუხლის დარღვევა, არ დაადგინა.

"

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე - "შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ", ადგილი 3 მუხლის დარღვევას ჰქონდა: არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება და ქვეყნიდან კოლექტიური გაძევების აკრძალვა. კონკრეტული მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე თუ ხდება დარღვევა, ბუნებრივია, იქ მე-14 მუხლიც უნდა იყოს მოხსენიებული. ეს არის დისკრიმინაციის მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა აღნიშნულიყო გადაწყვეტილებაში, რადგანაც საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ხდებოდა ეს კონკრეტული ქმედებები“, - აღნიშნა ლეგაშვილმა.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლება ბრალეულია ასთმით დაავადებული თენგიზ ტოგონიძის ტანჯვაში, რომელიც დეპორტაციის დროს მძიმე პირობებში იმყოფებოდა, რის გამოც გარდაიცვალა.

"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის, თამარ აბაზაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ტოგონიძის საქმეზე "საიას" მიერ წარდგენილ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნებს დაეყრდნო.

"

სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ტოგონიძის გარდაცვალების ფაქტზე ეკისრება მთლიანად რუსეთის ფედერაციას. იმისთვის, რომ მას არ აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება, რასაც მოყვა სასიკვდილო შედეგი. ასევე, მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტური და იყო ხარვეზიანი. სასამართლო ჩვენს მიერ წარმოდგენილ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნებს ეყრდნობა. დარღვეული უფლებების საკომპენსაციოდ სასამართლომ რუსეთის ფედერაციას თენგიზ ტოგონიძის მეუღლის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა“, - აღნიშნა თამარ აბაზაძემ.

ნიკოლოზ ლეგაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საქმეებზე ჯარიმა, რომელიც რუსეთს დაეკისრა, გადახდილი უნდა იქნას სამი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, რაც მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ამის შემდეგ საქმეში უკვე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ჩაერთვება და განახორციელებს მონიტორინგს იმაზე, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები უკლებლივ შეასრულოს.

"

საქმე ჩვეულებრივი პალატის განხილულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შესაძლებლობა აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რაც იმოქმედებს დროში აღსრულების პროცესის დაწყებაზე. ამის შემდეგ, როცა გადაწყვეტილება ძალაში შედის, მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა და აღსრულების პროცედურები იწყება", - აღნიშნა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.

რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ სულ 13-13 სარჩელი იყო წარდგენილი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სხვა დაზარალებულებისთვის ჯერჯერობით კომპენსაციის ოდენობა არ განუსაზღვრავს. თუმცა, დააგინა, რომ მათ დევნიდნენ, არაადამიანურად და ღირსების შემლახავად ექცეოდნენ.

კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006-2007 წლებში, 7 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა. ინდივიდუალურ საქმეებზე ვერდიქტის გამოტანას წინ საქართველო-რუსეთს შორის სახელმწიფოებრივი დავის დასრულება უძღოდა. სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა და მთელი რიგი მუხლებით რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა. 2016 წლის 31 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში რუსეთიდან 1 775 დეპორტირებულის საქმე გადააგზავნა, თუმცა, 4 600 დაზარალებულისთვის კომპენსაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი