პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„რაც შეეხება გაზმომარაგებას, 2008-2012 წლებში 124 000 აბონენტი ჩაერთო სისტემაში, მოგვიანებით, 2013-2016 წლებში კი, 175 000 არის ეს მაჩვენებელი. ამ ხელისუფლების პირობებში გაზიფიკაციის მაჩვენებელი 50%-ით არის გაზრდილი“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით,

 საქართველოში 2008-2012 წლებში სულ 123 308 აბონენტი იქნა გაზიფიცირებული, 2013-2016 წლებში კი - 179 848 აბონენტი.

ცხრილი 1:

 2008-2012 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა

წელი აბონენტთა რაოდენობა
2008 -
2009 14 684
2010 36 901
2011 33 248
2012 38 475
სულ 123 308

ცხრილი 2:

 2013-2016 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა

წელი აბონენტთა რაოდენობა
2013 46 998
2014 62 294
2015 36 016
2016 34 540
სულ 179 848

2013-2016

წლებში 56 540 აბონენტით მეტია გაზიფიცირებული ვიდრე 2008-2012 წლებში. შესაბამისად, გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 2008-2012 წლებთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი.

ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი სახსრების სტატისტიკაც გამოითხოვა.

ცხრილი 3: 2008-2012

წლებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (ლარი)

წელი საბიუჯეტო სახსრები
2008 4 189 646
2009 15 000 000
2010 0
2011 0
2012 0
სულ 19 189 646

ცხრილი 4:

 2013-2017 წლებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (ლარი)

წელი საბიუჯეტო სახსრები
2013 1 000 000
2014 20 999 650
2015 20 000 000
2016 20 000 000
2017 20 000 000
სულ 81 999 650

როგორც გაირკვა, 2008-2012 წლებში ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის სულ 19 189 646 ლარი გამოიყო, 2013-2017 წლებში კი 81 999 650 ლარი, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია. ამავე ინფორმაციით, 2010-2012 წლებში ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის თანხები გამოყოფილი არ არის. თუმცა, იგივე პერიოდში თითქმის 100 000 აბონენტი გაზიფიცირდა.

აღნიშნულ საკითხში გარკვევა სემეკ-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ ჩალაგაშვილს ვთხოვეთ. მისი განმარტებით, გაზიფიცირებისთვის თანხების გამოყოფა ბიუჯეტის ვალდებულება არ არის. გაზიფიცირების პროცესი უშუალოდ კონტრაქტორმა კომპანიებმა საკუთარი ფინანსებით უნდა უზრუნველყონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია. სახელმწიფოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, მაგალითად მაღალმთიანი სოფლების, ან რომელიმე კონკრეტული სოფლის გაზიფიცირებისთვის შესაბამისი თანხები გამოყოს. სწორედ ამით აიხსნება, რომ სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის თანხები გამოყოფილი არ არის.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წლის 24 იანვრის განკარგულებით, სოფლების გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, გაზიფიცირება ქვეყნის 34 სოფელში უნდა განხორციელდეს. გეგმის მიხედვით, მთლიანად საქართველოში 25 798 აბონენტის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, 2014 წლიდან,

 მოსახლეობას საკუთარ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასურის გადახდა ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია. თავდაპირველი მინიმალური გადასახადი 25 ლარს შეადგენს.

  დასკვნა

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2012 წლებში საქართველოში სულ 123 308 აბონენტი იქნა გაზიფიცირებული, 2013-2016 წლებში კი 179 848 აბონენტი. შესაბამისად, 2013-2016 წლებში 56 540 აბონენტით მეტია გაზიფიცირებული, ვიდრე 2008-2012 წლებში, რაც 46%-იანი ზრდაა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი