2018 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის მიმდინარე ხარჯები 1.5%-ით არის შემცირებული
მეტწილად მცდარი
1516 ნახვა
A+
A
A-

 

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება 76 მილიონი ლარით შემცირდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის შენახვის ხარჯები 1.5%-ით არის შემცირებული. რაც ნიშნავს, რომ მომავალ წელსაც გაკეთდება გარკვეული ეკონომია.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

მიმდინარე წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეულმა ფაქტიურმა ხარჯმა 1 019 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 55 მილიონი ლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე. სახელმწიფო ხაზინამ უკვე 10 თვის ხარჯვის შესახებაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შრომის ანაზღაურებაზე მიმდინარე წლის 10 თვეში 71 მილიონი ლარით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. შესაბამისად, დეპუტატის განცხადება, რომ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯები შემცირებულია სიმართლეს შეესაბამება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში შედის არა მხოლოდ სამინისტროების აპარატის თანამშრომლების ხელფასი, არამედ იმ საჯარო მოხელეთა ხელფასებიც, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, როგორიცაა მაგალითად პოლიციელის, ჯარისკაცების, მოსამართლეების ხელფასები. შესაბამისად, თუ გვაინტერესებს სახელმწიფო აპარატის მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში უნდა შევადაროთ აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები.

2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე გაწეული ხარჯები გასულ წელთან შედარებით 11.7 მილიონი ლარით არის შემცირებული და 241.4 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო უშუალოდ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯები 11.5 მილიონი ლარით არის შემცირებული.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი (პარლამენტში მეორე წარდგენით) 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტით, 2018 წელს მიმდინარე მთლიანი ხარჯი 9.5 მილიარდი დოლარით არის განსაზღვრული, რაც 4.5%-ით (411 მლნ ლარით) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს.

რაც შეეხება მთავრობის შენახვის ხარჯებს, რომელიც, შრომის ანაზღაურებასა და საქონლისა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯებს მოიცავს, 2017 წლის გეგმასთან შედარებით 2.5%-ით იზრდება და 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ცალკე აღებული შრომის ანაზღაურების მუხლი მხოლოდ 0.4%-ით მცირდება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნულ დანახარჯებში შედის არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების აპარატის შენახვის ხარჯი, არამედ ასევე სხვა საჯარო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულ მოხელეთა ხელფასებიც. რაც შეეხება აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის დაფინანსებას, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით 401.7 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯებს 7.7%-ით (28.6 მილიონი ლარით) აღემატება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ანალიზისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ იზრდება ხარჯები აბსოლუტურ მაჩვენებლებში, არამედ ის თუ როგორ იცვლება სახელმწიფოს ბიუროკრატიული ხარჯების წილი მშპ-სა და ბიუჯეტის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში.

 

გრაფიკი 1: ბიუროკრატიული (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების) ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში

image001

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანასთა სამინისტრო

*პროგნოზი

 

2008 წლიდან დღემდე ბიუროკრატიული ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის მიერ შექმნილი ღირებულებიდან სულ უფრო ნაკლები წილი მიდიოდა სახელმწიფოს შენახვის ხარჯების დასაფინასნებლად. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუროკრატიული ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 6.9%-დან 6.4%-მდე შემცირდება.

შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა ადმინისტრციული ხარჯების (შრომის ანაზღაურება, საქონლისა და მომსახურების შეძენა) წილი მთლიან საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებაში. 2016 წელს ფაქტიურად გაწეულმა ადმინისტრაციულმა ხარჯებმა ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების 29.4% შეადგინა, 2017 წელს 27.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის  პროექტის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯის წილი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების 27.3% -მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რაც პოზიტიური ტენდენციაა.

 

გრაფიკი 2: ადმინისტრაციული ხარჯების წილი ბიუჯეტის მიმდინარე დანახარჯებში

image002

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დასკვნა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის შენახვის დანახარჯები 2.5%-ით აღემატება 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ მონაცემს, ხოლო უშუალოდ აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობისათვის გამოყოფილი დაფინანსება 7.7%-ით. შესაბამისად, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიმდინარე ხარჯები 1.5%-ით არის დაგეგმილი სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიუჯეტის ხარჯების ტვირთი ეკონომიკაზე შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ასევე, მცირდება ბიუროკრატიული ხარჯების წილი მთავრობის მიმდინარე ხარჯებში, რაც პოზიტიური ტენდენციაა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

გააზიარეთ: