გაზეთი ფაქტ-მეტრი
2017 წლის იანვარ-მარტში დანაშაულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 292 ერთეულით გაიზარდა
უკატეგორიოდ
774 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 5 მაისს საქსტატმა 2017 წლის პირველი კვარტლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა სახის მონაცემებთან ერთად, ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობასაც მოიცავს. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 292 ერთეულით გაიზარდა, ხოლო 2015 წელთან შედარებით 1 070 ერთეულით.

 

გრაფიკი 1: რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯამური სტატისტიკა

image001

 

საქსტატის მიერ 5 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც კალენდარში „დანაშაულის სტატისტიკის“ სახელით იძებნება, „სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებულ სამართლებრივი სფეროს შესახებ მონაცემებს წარმოადგენს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც საქსტატს ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ აქვს. დოკუმენტში გარდა რეგისტრირებული დანაშაულებისა, ასევე წარმოდგენილია მონაცემები ავტოსაგზაო შემთხვევების, ტრეფიკინგის, რეგისტრირებული ხანძრების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობისა და დაზარალებულ პირთა რაოდენობის შესახებ.

თავის მხრივ, რეგისტრირებულ დანაშაულებში კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობაა მოცემული და ცალკე მხოლოდ ძირითადი სახის (დანაშაული სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის წინააღმდეგ და ა.შ.) დანაშაულებია ჩაშლილი. აღნიშნული სტატისტიკით ვერ გავიგებთ, მაგალითად, კონკრეტულ საანგარიშო პერიდოში ყაჩაღობის, მკვლელობის, ქურდობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ცხრილი 1: პირველი კვარტლის მონაცემები ძირითადი სახის დანაშაულების მიხედვით

2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი
სულ დანაშაული 10 583 8 970 9 748 10 040
მათ შორის:
სიცოცხლის წინააღმდეგ 255 256 326 337
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 860 1 107 1 218 1 100
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 96 133 163 149
ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 4 5 5 5
საკუთრების წინააღმდეგ 3 606 3 203 3 613 3 713
საზოგადოებრივი უშიშროება 622 445 599 537
ნარკოტიკული დანაშაულები 2 987 1 272 1 350 1 581
სატრანსპორტო დანაშაულები 865 915 1 076 994
სამოხელეო დანაშაულები 104 115 113 130
მმართველობის წესის წინააღმდეგ 546 828 447 557
სხვა დანაშაული 638 691 838 937

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვარტალური მონაცემი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ კუმულატიურ სტატისტიკას. თავის მხრივ, კუმულატიური სტატისტიკა არის არა თვეების მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულთა არითმეტიკული ჯამი, არამედ მასში გათვალისწინებულია საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებიც, როგორიცაა მაგალითად საქმის შეწყვეტა, გადაკვალიფიცირება და ა.შ.

 

ფაქტ-მეტრის განმარტება კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, უფრო დეტალური სტატისტიკა, რომელიც 2017 წლის მონაცემებს ასახავს, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. კერძოდ, იგულისხმება, შსს-ს მიერ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნება, რაც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს და არა ვალდებულებას.

ამ დრომდე ასევე არ ქვეყნდება, შსს-ს ყოველთვიური სტატისიკური ანგარიში, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, საქსტატს ყოველთვიურად გააჩნია. საქსტატისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, საქსტატს კი მხოლოდ გამოქვეყნების ვალდებულება გააჩნია. შსს-ს განმარტებით, მათი მხრიდან მონაცემების გაგზავნა ყოველთვიურად ხდება, ხოლო საქსტატი არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტულად ამ სახის სტატისიკური ინფორმაციის მიღებას. შსს-ს მიერ აღნიშნულ საკითხში გარკვევის შესახებ მრავალი დაპირების მიუხედავად, მაინც პასუხგაუცემელია კითხვა, თუ ვინ არღვევს განკარგულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის შედეგადაც 2012 წლიდან მოყოლებული შსს-ს ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიში, საქსტატის ოფიციალურ გვერდზე ერთიან ანგარიშში დღემდე არ გამოქვეყნებულა.

საქსტატის კალენდარში მხოლოდ კვარტალური მონაცემების განთავსება დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობის პრობლემას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ წყვეტს. პირველ რიგში, კვარტალური სტატისტიკა არის მხოლოდ კუმულატიური მონაცემები და ქვეყნდება სამ თვეში ერთხელ. ამასთან, სტატისტიკა არ არის დეტალური და არ იძლევა კრიმინოგენური სურათის სრულყოფილად  დანახვის შესაძლებლობას. პრობლემურია ასევე ის ფორმა, რა ფორმითაც კვარტალური სტატისტიკა ქვეყნდება. კერძოდ, კვარტალური მონაცემი შედარებულია არა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ მთლიანი წლის მონაცემებს, რაც აძნელებს დანაშაულის კლებისა თუ ზრდის ტენდენციების დანახვას. იმისთვის რომ დაინტერესებულმა პირმა დაადგინოს გაიზარდა თუ შემცირდა დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან თავად უნდა მოიძიოს ამ სახის ინფორმაცია, რომელიც საქსტატის კალენდარშია გაბნეული.

 

image012

 

იმედს ვიტოვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაითვალისწინებს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არაერთხელ გამოთქმულ შენიშვნებს და უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურ ანგარიშს შემოგვთავაზებს. ამ ეტაპზე კი, გამოქვეყნებული სტატისტიკა, შეიძლება ითქვას, რომ არის მხოლოდ მშრალი რიცხვები, რომელიც სრულყოფილი ანალიზის საშუალებას არ იძლევა.

გააზიარეთ: