ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას, საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ განაცხადა:

„მცირდება ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე დაფინანსება. თუ სამოცი ღონისძიება იყო 2016 წელს, ახლა მხოლოდ ჩვიდმეტია“. მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ჯანდაცვაზე მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 3%-ია გათვალისწინებული.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2016 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი 19 მლნ 76 ათას 646 ლარი იყო. 2017 წლის ბიუჯეტი კი 2 მილიონ 828 ათას 746 ლარით ნაკლებია და 16 მილიონ 247 ათას 900 ლარს შეადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიც შედის, 2017 წლის ბიუჯეტი კი, სახელმწიფო ტრანსფერის გათვალისწინებით, 21 მილიონ 484 ათას 400 ლარია (სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელვაჩაური 5 მლნ 236 ათას 500 ლარს გათანაბრებითი ტრანსფერის სახით მიიღებს).

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას, ამ მიზნით 2016 წლის ბიუჯეტში 8 მლნ 827 ათას 700 ლარი იყო განსაზღვრული, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 1 მლნ 401 ათას 340 ლარს შეადგენდა. 2017 წლის ბიუჯეტში კი, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, სახელმწიფო ტრანსფერის გარეშე, 7 380 214 ლარის დახარჯვა იგეგმება. აღნიშნული მაჩვენებელი გათანაბრებითი ტრანსფერის ხარჯზე სავარაუდოდ გაიზრდება.

ცხრილი 1: 

ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და ღონისძიებების რაოდენობა

ღონისძიებები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობა და მოვლა-შენახვა სოფლისა და ცენტრალურ გზებზე გარე განათებების მოწყობა სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები სულ
ღონისძიების რაოდენობა 2 15 2 25 17 61
თანხა, ლარი 500 085 609 216 269 000 4 392 164 2 878 862 8 649 327

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წელს ბიუჯეტში თანხა სამოცდაერთი ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის იყო განსაზღვრული.

ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის თანხაში 2016 წელს ასევე გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების 20 371 ლარით, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის 110 000 ლარითა და ააიპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ 48 000 ლარით დაფინანსება.

ხელვაჩაურის 2017 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის. უმნიშვნელოდ, 4 000 ლარით, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის დაფინანსება მცირდება. სამაგიეროდ, თითქმის სამჯერ, 90 100 ლარით, იზრდება შპს „ხელვაჩაურის სასაფლაოებისთვის“ განსაზღვრული თანხის ოდენობა და 138 100 ლარს შეადგენს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის განსაზღვრული 880 761 ლარიდან 96% (844 333 ლარი) ფერდდამცავი კედლების მოწყობას დასჭირდება. წლევანდელ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებებიდან პრიორიტეტებად მიჩნეულია წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მათ შორის, მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში 1.65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელიც გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა გაგრძელდეს, სოციალური სახლის მშენებლობაა. ამ მიზნით, 700 ათასი ლარი გასული წლის ბიუჯეტში ჩაიდო, მეორე ეტაპისთვის კი 732 789 ლარი უნდა დაიხარჯოს. მიმდინარე წელს, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სულ ჩვიდმეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

ცხრილი 2: 

ხელვაჩაურის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები

ღონისძიებები თანხა, ლარი
მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობა, მეორე ეტაპი 1 098 258
სოფელ ორთაბათუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა 855 000
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა, მეორე ეტაპი 334 747
სოფელ ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია, მეორე ეტაპი 329 656
სოფელ ჭარნალში წყლის მაგისტრალის კაპტაჟისა და რეზერვუარის მოწყობა 268 966
სოფელ კობალეთში წყლის შემკრები აუზისა და მაგისტრალის მოწყობა 193 709
სოფელ ზანაქიძეებისა და ხელვაჩაურის საზღვარზე სასმელი წყლის, ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობა 190 464
სოფელ ზედა ერგეში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალის რეაბილიტაცია 149 956
სოფელ კაპრეშუმში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები 135 185
სოფელ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინისტადიონის რესტავრაცია 29 723
სოციალური სახლის მშენებლობა, მეორე ეტაპი 732 789
არსებულ წყალსადენებზე  კირქლორის სადეზინფექციო მექანიკური საშუალებების დამონტაჟება 451 000
დაბა ხელვაჩაურში,  გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, არსებული კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოები, მეორე ეტაპი 370 000
ინვენტარის შეძენის ხარჯები 360 000
სოფელ კაპნისთავში მდინარე ყრუღელეზე ხიდის მოწყობა 36 428
სოფელ ახალსოფლის სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობა 1 000 000
ფერდდამცავი კედლების მოწყობა 844 333

როგორც ვხედავთ, 2017 წლის ბიუჯეტით, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გამოყოფილი თანხა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1 მლნ 447 ათას 486 ლარით ნაკლებია. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში კი, უმეტესი წილი მოსახლეობის სასმელი წყლით შეუფერხებლად მომარაგებისთვის უნდა დაიხარჯოს.

განცხადებაში საუბარი ჯანდაცვის დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხის სიმცირეზეც იყო. 2016 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით 187 937 ლარი, მთლიანი თანხის 7% იყო გამოყოფილი, საიდანაც საკუთრივ ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებისთვის 195 635 ლარი, ანუ ამ თანხის მხოლოდ 14% წარიმართა. 2017 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით მხოლოდ 514 496 ლარი, ანუ  მთლიანი ბიუჯეტის 3% არის გათვალისწინებული. აქედან 285 285 ლარი, ანუ ჯანმრთელობის დაცვისა და სოცუზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხის 55%, კონკრეტულად ჯანდაცვის ღონისძიებებს უნდა მოხმარდეს. დანარჩენი თანხა, როგორც 2016, ისე 2017 წელს, სოციალური დაცვის ღონისძიებებსა და სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის არის განსაზღვრული.

დასკვნა 

ხელვაჩაურის 2017 წლის ბიუჯეტი 2016 წლის ბიუჯეტზე 3 მლნ 435 ათასი ლარით ნაკლებია და 15 641 600 ლარს შეადგენს, თუმცა გათანაბრებითი ტრანსფერის გათვალისწინებით, 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა გასული წლის მაჩვენებელს აღემატება და 21 მილიონ 484 ათას 400 ლარს შეადგენს.

2016

წელს ბიუჯეტით მართლაც სამოცდაერთი ინფრასტრუქტურული ღონისძიება იყო დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანი ბიუჯეტის 46% განისაზღვრა, მაგრამ ამ ღონისძიებებს მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება 2017 წელს დაგეგმილი ჩვიდმეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელთა განხორციელებასაც მთლიანი ბიუჯეტის 47% უნდა მოხმარდეს. რაოდენობრივად ნაკლები ღონისძიების დაგეგმვა დაფინანსების შემცირებას ცალსახად არ ნიშნავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერის გათვალისწინებით კი, მოსალოდნელია, მიმდინარე წლის ხარჯებმა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2016 წლის ნიშნულს აბსოლუტურ მაჩვენებლებშიც გადააჭარბოს.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის განკუთვნილ თანხას, ის მართლაც მთლიანი თანხის 3%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტულად ჯანდაცვის ღონისძიებებზე მიმდინარე წელს გაცილებით მეტი თანხის დახარჯვა დაიგეგმა, ვიდრე 2016 წელს.

ამდენად, მიშა ბოლქვაძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი