2016 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციის ხარჯებს დაახლოებით 2 მლნ ლარით ვამცირებთ, 20%-ით მცირდება დანამატებთან დაკავშირებული დაფინანსება
მეტწილად მცდარი
1989 ნახვა
A+
A
A-

8 დეკემბერს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წლიური მუშაობის (2014 აგვისტოდან – 2015 წლის აგვისტომდე) ანგარიში წარუდგინა. იმავე დღეს, გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” სტუმრად მყოფმა თბილისის მერმა დედაქალაქისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის თბილისის 2016 წლის ბიუჯეტზე და მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებზე ისაუბრა. “მომდევნო წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციულ ხარჯებს დაახლოებით 2 მლნ ლარით ვამცირებთ, 20%-ით მცირდება დანამატებთან დაკავშირებული დაფინანსება, ასე რომ კიდევ ვაპირებთ “ქამრების შემოჭერას”. ამდენად, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრემიებთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად ხელოვნურად აწეული თემაა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს” – განაცხადა ნარმანიამ.

ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლებშია გაწერილი. თბილისის მერიის 2016 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულომ 26 დეკემბერს დაამტკიცა.

 

ცხრილი 1: საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება 2015-2016 წლებში (ათას ლარებში)

შრომის ანაზღაურება საკრებულო მერიის ადმინისტრაცია საქალაქო სამსახურები გამგეობები ჯამი
2015 გეგმა 6 865.4 5 126.1 17 531 13 962 43 485
2016 პროექტი 6 865.4 5 837.1 19 722 16 250.7 48 675.2
სხვაობა 0 711 2 191 2 288.7 5 190

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით (შესწორებამდე), შრომის ანაზღაურების მუხლი 2015 წელთან შედარებით 6.9 მილიონი ლარით იყო გაზრდილი (ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა). პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 2016 წლის შესწორებულ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლი 1.7 მლნ ლარით შემცირდა, ანუ 2015 წელთან შედარებით ზრდა 6.9 მილიონის ნაცვლად 5.2 მილიონი ლარია.

რაც შეეხება საქონელი და მომსახურების მუხლს, მისი დაფინანსება 2015 და 2016 წლებში შემდეგნაირია:

 

ცხრილი 2: საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების საქონელი და მომსახურება 2015-2016 წლებში (ათასი ლარი)

საქონელი და მომსახურება საკრებულო მერიის ადმინისტრაცია საქალაქო სამსახურები გამგეობები ჯამი
2015 გეგმა 6 718.4 7 362.9 1 259.9 4 094.9 19 436.1
2016 პროექტი 6 240.1 8 348.6 1 170 3 406.2 19 164.9
სხვაობა -478.3 985.7 -89.9 -688.7 -271.2

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქონელი და მომსახურების მუხლის დაფინანსება მერიის ადმინისტრაციის გარდა ყველგან შემცირებულია და 2015 წელთან შედარებით კლება 271.2 ათასი ლარია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების მუხლებშია გაწერილი. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება 5.2 მილიონით იზრდება, საქონელი და მომსახურება კი 271.2 ათასი ლარითაა შემცირებული. შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯები 4.9 მილიონი ლარით (დაახლოებით 8%-ით) იზრდება და 67.8 მილიონ ლარს შეადგენს.

ჩვენ ასევე გადავამოწმეთ, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების (სსიპ-ების და და (ა)აიპების გარეშე) რა ნაწილი იხარჯება ადმინისტრაციულ ხარჯებზე. 2016 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მთლიანი ხარჯების 11.9%-ს შეადგენს. 2015 წელს ადმინისტაციული ხარჯები ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 9.6% იყო. ანუ, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებაში ადმინისტრაციული ხარჯების წილი 2.3%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება დანამატებს და პრემიებს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის #422 განკარგულების თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტის მართვის მიზნით, საპრემიო ფონდი 20%-ით შემცირდა. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს დაევალათ, ამ განკარგულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები 2016 და 2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვის დროსაც გაეთვალისწინებინათ. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში (გვ. 13) მითითებულია, რომ თავდაპირველად წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებში და რაიონულ გამგეობებში სადღესასწაულო საპრემიო ფონდი 20%-ით შემცირდა, რამაც 1 548 ათასი ლარი შეადგინა. მართლაც, შრომის ანაზღაურების მუხლის დაფინანსება ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებული ვარიანტის მიხედვით, ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 1.7 მილიონით შემცირდა. თუმცა, 2015 წლის შრომის ანაზღაურების მუხლთან შედარებით ის 5.2 მილიონით გაიზარდა.

ფაქტია, რომ 2015 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა. ასევე, გაიზარდა შრომის ანაზღაურების მუხლიც (შრომის კოდექსის მიხედვით, მომსახურების შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს (იგივე ე.წ. ხელფასი), პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს მოიცავს). თუმცა, კონკრეტულად პრემიების და დანამატების დაფინანსება რამდენად გაიზარდა ან შემცირდა, გადაჭრით ამის თქმა არ შეგვიძლია.

 

დასკვნა

თბილისის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯები 2015 წელთან შედარებით 4.9 მილიონი ლარით იზრდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით ადმინისტრაციული ხარჯები 2015 წელთან შედარებით 6.5 მილიონი ლარით იზრდებოდა (ამდენად, 2016 წლის ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტის მიხედვით, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციული ხარჯები 1.6 მილიონი ლარით არის შემცირებული). 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების მუხლი 5.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ადმინისტრაციულ ხარჯებზე საუბრისას დავით ნარმანიამ შედარება 2016 წლის ბიუჯეტის ორ პროექტს შორის გააკეთა, რის საფუძველზეც განაცხადა, რომ ხარჯები მცირდება. თუმცა, მან ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში, 2015 წელთან შედარებით, ხარჯები მაინც გაიზარდა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, თბილისის მერის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

გააზიარეთ: