2016 წლის არჩევნების შემდეგ საარსებო შემწეობის გარეშე 40 000 ადამიანი დარჩა
სიმართლე
559 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა: „2016 წლის არჩევნების შემდეგ ბატონმა სერგეენკომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის დახმარების მასობრივი მოხსნა დაიწყო. ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000 ადამიანი დარჩა“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს, ოქტომბრის ჩათვლით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. ოქტომბრის შემდეგ კი, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. 2017 წლის მარტის მაჩვენებლებით, ფულადი სოციალური დახმარება 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ 52 748 მოქალაქეს (21 336 ოჯახი) შეუჩერდა/შეუწყდა.

მამუკა ჩიქოვანი განცხადების გაკეთებისას დიდი ალბათობით თებერვლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რადგან იმ დროისთვის მარტის მონაცემები ცნობილი არ იყო. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 38 580-ით იყო შემცირებული.

 

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით)

image002

 

როგორც წესი, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ისე კლებისკენ. 2013 და 2014 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2015 წელს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა, 2016 წლის დასაწყისიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად, საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ კი, როგორც აღვნიშნეთ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე წინა მთავრობის დროს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე).

მიუხედავად არსებული სტატისტიკური მონაცემებისა, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმება არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში ერთნაირი ინტენსივობით მიმდინარეობს. ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან შემცირების არავითარი მექანიზმი არ გააჩნიათ (სოციალური მომსახურების სააგენტოს ვრცელი კომენტარი იხილეთ ფაქტ-მეტრის თებერვლის სტატიაში).

 

დასკვნა

2017 წლის მარტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 52 748-ით შემცირდა. როდესაც მამუკა ჩიქოვანმა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებაზე ისაუბრა, ეს მონაცემები ცნობილი არ იყო, შესაბამისად, ის სავარაუდოდ თებერვლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, არჩევნების შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 38 580-ით იყო შემცირებული.

2016 წელს, ოქტომბრის ჩათვლით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. ოქტომბრის შემდეგ კი, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ჩიქოვანის განცხადება, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებაზე, არის სიმართლე.

გააზიარეთ: