საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა სოფლის მეურნეობის სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა: „2016 წელს სოფლის მეურნეობის ზრდა იყო 0% საქსტატის მიხედვით, 2017 წელს არის კლება. ამის ფონზე თქვენ ამაყობთ სოფლის მეურნეობის მიღწევებით“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში რეალურად შექმნილი დამატებული ღირებულების ცვლილებით იზომება. აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად აღნიშნულ დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება, ფასების მატებით გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს.

გრაფიკი 1:

აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპი 2010-2017 წლებში

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2016 წელს სოფლის მეურეობის ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა, 2015 წელს კი 1.5%.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, რადგან დღეისთვის აგრარული სექტორის მხოლოდ პირველი ორი კვარტლის შედეგებია ცნობილი, ამიტომ აღნიშნულ მონაცემს 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს შევადარებთ. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (2 კვარტალში), სოფლის მეურნეობაში შექმნილი რეალური პროდუქცია 2.7%-ით შემცირდა.

აგრარულ სექტორზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმ პროექტების აღნიშვნაც, რომლებიც დარგის განვითარების მიზნით სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარეობს.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი (11.30%) 2013 წელს დაფიქსირდა. სწორედ 2013 წლის მარტში ამოქმედდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც ფერმერებისთვის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში 2013-2016 წლებში 154 ახალი საწარმო შეიქმნა და 700 გაფართოვდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ წლებში, 197 874 322 აშშ დოლარის და 690 662 461 ლარის შეღავათიანი კრედიტი გაიცა. 2016

წლის ჩათვლით, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების მოცულობამ 6 710 445 აშშ დოლარი შეადგინა.

2014

წლის სექტემბერში ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი, რომლის ფარგლებში 2014-2016 წლებში 29 719 პოლისი გაიცა და სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა პრემიამ 14 658 868 ლარი შეადგინა.

2013-2016 წლებში ხორციელდებოდა „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში 2013-2016 წლებში სულ 827 332 ჰა მიწა დაიხნა და ბენეფიციართა სარგებელმა 340 265 800 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა შეჩერდა.

როგორც ვხედავთ, მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული  ჩარევის მიუხედავად, დარგის რეალური ზრდის ტემპი 2013 წლიდან მაინც კლების ტენდენციით ხასიათდება, 2017 წელს კი სოფლის მეურნეობა (ღირებულებით ფორმაში) შემცირდება.

დასკვნა 2016

წელს სოფლის მეურეობის ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ 2 კვარტალში კი სოფლის მეურნეობაში შექმნილი რეალური დამატებული ღირებულება 2.7%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა რამდენიმე პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს დარგი მაინც ვერ იქცა ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობად და სუბსიდირებაზე დამოკიდებული რჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი