რეზიუმე:საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა სასამართლოების მიერ დავათა სახელმწიფო ორგანოების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევები და, შესაბამისად, კერძო პირების სასარგებლოდ უფრო მეტი გადაწყვეტილება მიიღება.

მართალია, სოფო კილაძე ზუსტად ასახელებს 2016 წლის მონაცემს და მისი განცხადების კონტექსტიც (2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასა და მის შემდეგ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით) გარკვეულწილად მართებულია, თუმცა, ის ფაქტი, რომ დეპუტატი განზრახ თუ უნებლიეთ არ ითვალისწინებს 2017 წლის მონაცემებს, ცვლის არსებულ სურათს. 2017 წლის მონაცემებით, კვლავ გაზრდილია ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ გადაწყვეტილ დავათა პროცენტული წილი და ზოგიერთ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც წინა ხელისუფლების დროს არსებულ მაჩვენებელს.

ანალიზი

სოფო კილაძის განცხადებით, „2016 წელს დავების მხოლოდ 40% დასრულდა სახელმწიფო ორგანოების სასარგებლოდ, როდესაც ვიცით წინა წლებში რა საგანგებო ვითარება იყო ამ კუთხით, განსაკუთრებით 2012 წლამდე”.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2008-2012 წლებში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ საქმეთა დასრულების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, აღნიშნულ პერიოდში მინიმალური მაჩვენებელი - 44%, 2008 წელს დაფიქსირდა, ხოლო მაქსიმალური - 2011 წელს, 70.6%. 2012 წლიდან კი აღნიშნული მაჩვენებლის კლება შეინიშნება.

ცხრილი 1: 2008-2012 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავების რაოდენობა

2008 2009 2010 2011 2012
სულ განხილულია 6 709 6 682 9 608 8 244 7 968
დამთავრდა ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ საქმე 2 973 3 555 6 345 5 822 3 981
% 44.3 53.2 66.0 70.6 49.9

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

ცხრილი 2: 2013-2017 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავების რაოდენობაა

2013 2014 2015 2016 2017
სულ განხილულია 8 886 7 121 14 178 15 544 12 119
დამთავრდა ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ საქმე 3 136 3 553 6 143 6 081 6 702
% 35.3 49.9 43.3 39.1 55.3

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

ცხრილი 2-ის თანახმად, 2016 წელს, 7 120 საქმიდან, ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ მხოლოდ 40% დასრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი ემთხვევა სოფო კილაძის მიერ დასახელებულ რიცხვს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატი სიტყვით გამოსვლისას არ ახსენებს 2017 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ 6 702 საქმე დასრულდა, რაც საქმეთა 55.3%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 2010-2011 წლებში დაფიქსირებულ მონაცემებს ჩამოუვარდება და ამავე დროს მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არსებულ თითოეული წლის მაჩვენებელს. მაგალითად, 2016 წელთან შედარებით, 2017 წლის მაჩვენებელი 16.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

თავის მხრივ საინტერესოა, თუ რამდენად ადეკვატურად ზომავს სასამართლოთა დამოუკიდებლობის ხარისხს სოფო კილაძის მიერ მოყვანილი ეს კონკრეტული მაჩვენებელი. კერძოდ, შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შემცირება გამოწვეული იყოს თავად ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაცდომათა ზრდით, თუმცა აღნიშნული ცალკე კვლევის საგანია, ამ ეტაპზე კი მხოლოდ კონკრეტული რიცხვების გადამოწმებით შემოვიფარგლებით.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი