სიმართლე
რამაზ ბოლქვაძე:
2016 წელს აჭარის ბიუჯეტი შემოსულობების კუთხით 102.5%-ით შესრულდა, ხოლო გადასახდელების კუთხით – 96.3%-ით
ელგუჯა ბაგრატიონი:
ხელისუფლებამ 215 მილიონიდან 100 მილიონი ვერ დახარჯა
მცდარი
417 ნახვა
A+
A
A-

18 მაისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა, რა დროსაც რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა: „2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, შემოსულობების კუთხით, შესრულდა 102.5%-ით, შესრულდა გადასახდელების კუთხითაც, თუმცა, 96.3%-ით. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პროექტები დარჩა, რომლებიც არ შესრულდა. საუბარი არის იმ პროექტების აუცილებლობით გამოწვეულ გადატანაზე, რომელთა დასრულება 2016 წელს ვერ მოხერხდა და განხორციელდა უკვე 2017 წლის დასაწყისში“.

ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გააძევეს. სხდომის შემდეგ ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა: „ბატონი რამაზის და „ქართული ოცნების“ უუნარობაა და ამ შემთხვევაში მავნებლობაცაა, როცა 215 მილიონიდან 100 მილიონს ვერ დახარჯავს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

2016 წლის 27 დეკემბერს „აჭარის ა/რ 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემოსულობები 215 465 000 ლარით განისაზღვრა. აქედან, ყველაზე დიდი წილი – 180 000 000 ლარი – გადასახადებმა შეადგინა.

 

ცხრილი 1: აჭარის ა/რ 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებული გეგმა და შესრულების მაჩვენებელი

დასახელება დაზუსტებული გეგმა, ლარი ფაქტობრივი შესრულება, ლარი შესრულების მაჩვენებელი, პროცენტი
გადასახადები 180 000 000 185 370 900 103
გრანტები 500 000 500 000
სხვა შემოსავლები 16 275 000 16 570 600 101.8
არაფინანსური აქტივების კლება 18 000 000 17 790 400 98.8
ფინანსური აქტივების კლება 690 000 689 200 99.9
სულ შემოსულობები 215 465 000 220 921 000 102.5

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, აჭარის ა/რ 2016 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა გეგმას 5 456 100 ლარით, ანუ 2.5%-ით გადააჭარბა.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 2016 წლის დაზუსტებული გეგმით, ის 193 267 000 ლარით განისაზღვრა.

 

ცხრილი 2: აჭარის ა/რ 2016 წლის ბიუჯეტის გადასახდელები დაზუსტებული გეგმის მიხედვით, ფაქტობრივი მაჩვენებელი და შესრულება

დასახელება გადასახდელების გეგმა, ლარი ფაქტობრივი შესრულება, ლარი შესრულების მაჩვენებელი, პროცენტი
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო 4 957 000 4 866 800 98.2
უმაღლესი საარჩევნო კომისია 3 313 100 3 250 500 98.1
აჭარის ა/რ მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები 54 721 700 53 216 800 97.2
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 12 251 200 11 174 200 91.2
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 40 497 600 38 777 800 95.8
ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის სამინისტრო 14 599 000 14 423 600 98.8
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 8 247 200 8 008 200 97.1
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები 54 680 100 52 372 700 95.8
სულ გადასახდელები 193 266 900 186 090 600 96.8

წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

ცხრილში მოცემული ინფორმაციის თანახმად, გაუხარჯავი დარჩა 7 176 300 ლარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი შედგება შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილებით. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია „აჭარის ა/რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ასახული მაჩვენებლები, რომლებიც ასე გამოიყურება:

 

ცხრილი 3: აჭარის ა/რ 2016-2017 წლების ბიუჯეტების შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ლარი)

წელი შემოსულობები გადასახდელები ნაშთის ცვლილება
2016 წლის გეგმა 165 725 000 231 884 200 -66 159 200
2017 წლის გეგმა 224 620 000 315 000 000 -90 380 000

 

როგორც ვხედავთ, ორივე საანგარიშო წელს, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, გადასახდელების ნაწილში უკვე გათვალისწინებულია ნაშთის ცვლილება, ანუ აღნიშნული თანხა ბიუჯეტის შედგენისას გადმოსულია წინა საბიუჯეტო წლიდან.

 

დასკვნა

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აჭარის ა/რ 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებული 215 465 000 ლარის ნაცვლად 220 921 000 ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელებმა, დაგეგმილი 193 226 900 ლარის ნაცვლად – 186 090 600 ლარი. პირველ შემთხვევაში შესრულების მაჩვენებელი 102.5%-ია, მეორეში – 96.8 %. ამდენად, რამაზ ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

რაც შეეხება ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებას, ის ამბობდა, რომ ხელისუფლებამ 215 მილიონიდან 100 მილიონამდე ვერ დახარჯა. თუ შემოსულობების ფაქტობრივ მაჩვენებელს გადასახდელების მაჩვენებელს გამოვაკლებთ, 29 374 400 ლარს მივიღებთ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ავტონომიის ხელისუფლებამ გადასახდელების ნაწილში უკვე გაითვალისწინა წინა საანგარიშო წლის ნაშთის ცვლილება, გამოდის, რომ აღნიშნული თანხა, გაუხარჯავი სახით, უკვე არსებობდა. ჩვენთან კომენტარისას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ დაადასტურა, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზია სწორედ ამ ფაქტს ეფუძნებოდა. მიუხედავად ამისა, ნაშთის ცვლილების (90 380 000) ცალსახად მიჩნევა გაუხარჯავ თანხად, არასწორი მიდგომაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განცხადების ავტორი გულისხმობდა, რომ ხელისუფლებამ ეს თანხა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ დახარჯა, მაშინ არასწორია მისი შედარება 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებთან (215 465 000 ლარი). ამიტომ, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება არის მცდარი.

გააზიარეთ: