პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა:

„2015 წელს, როცა ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო, წინა წელთან შედარებით ინვესტიციები შემცირდა - 2015 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა 250 მილიონით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში 200 მილიონით, 2016 წელს გაიზარდა 90 მილიონით, მაგრამ მეორე და მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ კვარტლებთან შედარებით, კვლავ შემცირებულია 20-20 მილიონით“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2015

წლის სექტემბერში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, ბანკმა საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია დაკარგა. ზედამხედველობის ფუნქცია დამოუკიდებელ მაკონტროლებელ ორგანოს უნდა შეეთავსებინა, თუმცა, 2015 წლის 22 ოქტომბრის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩერა იმ სადავო ნორმების ამოქმედება, რომელიც ზედამხედველობის სააგენტოს აკომპლექტებდა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ზედამხედველობა ისევ ეროვნულ ბანკს დაევალა. სერგი კაპანაძის განცხადების მიხედვით, სწორედ ხსენებულ პერიოდში შემცირდა საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა.

2006-2016

წლებში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა პერიოდული ცვლილებებით ხასიათდება. აღანიშნავია, რომ ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა (2 014 მლნ დოლარი) საქართველოში 2007 წელს დაფიქსირდა.

2012

წლიდან 2014 წლის ჩათვლით ინვესტიციების წლიური მოცულობა იზრდებოდა და 2014 წელს 1 758 მლნ დოლარს მიაღწია. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს პირდაპირი ინვესტიციები მართლაც შემცირდა 194 მილიონი დოლარით, ხოლო 2016 წლის მონაცემი 2015 წლის ანალოგიურ ნიშნულთან შედარებით გაზრდილია და 1 645 მლნ დოლარს უტოლდება.

გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში, მლნ დოლარი

image001 წყარო: საქსტატი (*2016 - წინასწარი მონაცემები)

რაც შეეხება კვარტალურ მონაცემებს 2014-2016 წლებში, პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2016 წელს შემოვიდა, მე-2 კვარტალში 2015 წელს, ხოლო მე-3 და მე-4 კვარტლებში 2014 წელს.

  გრაფიკი 2:

საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების კვარტალური დინამიკა, მლნ დოლარი

image002 წყარო: საქსტატი

2014-2015-2016

წლებში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა. საქართველოს ტოპ ინვესტორებს შორის გვხვდება ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და ლუქსემბურგი. ასევე აღსანიშნავია, რომ აღებულ საანგარიშო პერიოდში დსთ-ის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ორჯერ ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.

  გრაფიკი 3:

საქართველოში 2014-2015-2016 წლებში განხორციელებული ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, მლნ დოლარი

image003 წყარო: საქსტატი  

დასკვნა

სერგი კაპანაძის განცხადებით, 2015 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის შემდეგ, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მართლაც შემცირდა, კერძოდ, მესამე კვარტალში დაახლოებით 250 მლნ დოლარით, ხოლო მეოთხე კვარტალში 200 მლნ დოლარით (წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით). 2016 წელს ინვესტიციების წლიური (ამ დრომდე დაუზუსტებელი) რაოდენობა 2015 წლის მონაცემს დაახლოებით 90 მილიონით აღემატება, თუმცა მეორე და მესამე კვარტლების ნიშნულები წინა წლის ანალოგიურ რიცხვებს ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ ჯამში 20 მილიონით და არა 20-20 მილიონით კვარტალურად.

ეროვნული ბანკის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა (მაშინ, როდესაც ამას ოფიციალურადაც კი გამოეხმაურნენ

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები) ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ 2015 წელთნ შედარებით ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად, თუმცა, ინვესტიციების ზრდას/შემცირებას გაცილებით უფრო კომპლექსური ფაქტორები განაპირობებს და მისი შემცირება მხოლოდ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით ვერ აიხსნება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი