30 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გაიზარდა, თუმცა წლევანდელი პროგნოზით, ამ მაჩვენებლის 612 დოლარით შემცირებაა მოსალოდნელი.

ფაქტ-მეტრი ზურაბ მელიქიშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, 2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 512 ლარით გაიზარდა და 6 500 ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება იგივე მონაცემს აშშ დოლარში, ლარის კურსის გაუფასურების გამო, ის მხოლოდ 81 დოლარით გაიზარდა და 3 681 აშშ დოლარი შეადგინა.

ცხრილი 1: მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში (2010-2014 წლები)

2010 2011 2012 2013 2014
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), ლარი 4 675.7 5 447.1 5 818.1 5 987.6 6 499.7
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), აშშ დოლარი 2 623.0 3 230.7 3 523.4 3 599.6 3 680.8

როგორც ვხედავთ, 2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაიზარდა, როგორც ლარში, ისე დოლარში. პარლამენტარის განცხადების მეორე ნაწილი, რის მიხედვითაც, 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 612 დოლარით შემცირებაა მოსალოდნელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზის მიხედვით გადავამოწმეთ. სსფ-ის მიხედვით, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მართლაც 612 დოლარით შემცირდება და 3 087 დოლარს გაუტოლდება. სსფ-ის პროგნოზით, ლარში გამოსახული იგივე მონაცემი კი, 2015 წელს 352 ლარით უნდა გაიზარდოს. დოლარში და ლარში გამოსახულ მონაცემებს შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. 2014 წლისთვის შემოსავლები დოლარში ლარის 1.76 კურსით, ხოლო 2015 წელს 2.23 კურსითაა აღებული.

ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსფ-მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის (რეალური მშპ-ის ზრდის) პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი (მშპ-ის დეფლატორი) 6.5%-ზე დააფიქსირა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2015 წელს ნომინალური მშპ 9.2%-ით გაიზრდება (ნომინალური მშპ-ის ზრდა არის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის და მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებლის ჯამი). აქედან, 5% რეალური მშპ-ის ზრდაა, ხოლო 4.2% კი - ინფლაციის დონე. აღნიშნული პროგნოზით, 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ ლარში 600 ლარით, ხოლო დოლარში 250 დოლარით გაიზრდება. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის ლარის საშუალო კურსად 1.8 აქვს აღებული, რაც რეალობას აღარ შეესაბამება. ლარის ახლანდელ კურსს (2.36) თუ გავითვალისწინებთ, დოლარში გამოსახული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ფინანსთა სამინისტროს პროგნოზითაც 607 დოლარით შემცირდება.

ცხრილი 2: ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი

image001

ბოლო პერიოდში, დოლარის მიმართ არაერთი სხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტაც გაუფასურდა, თუმცა თუ შემოსავლების მიხედვით ქვეყნების რეიტინგს ვნახავთ, საქართველო აქაც უკუსვლას განიცდის. თუ 2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე 3 699 დოლარით საქართველო 113-ე ადგილს იკავებდა, 2015 წელს, სსფ-ის პროგნოზით (3 087 დოლარით), ქვეყანა 121-ე ადგილს დაიკავებს.

ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ შეიცვლება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (Purchasing Power Parity - PPP) მიხედვით. აღნიშნული მეთოდოლოგია შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. რადგანაც ზოგიერთ ქვეყანაში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მათი შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. სსფ-ის მიხედვით, თუ 2014 წელს საქართველოში ნომინალში გამოსახული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3 681 დოლარი იყო, მსყიდველობითი უნარის მიხედვით ის 7 653 დოლარს უტოლდებოდა. 2015 წელს ამ მეთოდით დათვლილი შემოსავალი 7 900 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა, მსოფლიო ქვეყნების შესაბამის რეიტინგში საქართველო 113-ე ადგილიდან 115-ე ადგილზე ჩამოვა.

დასკვნა

2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ საქართველოში 81 დოლარით გაიზარდა. სსფ-ის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 612 დოლარით შემცირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 250 დოლარით გაიზრდება. თუმცა, სამინისტროს 2015 წლის ლარის საშუალო კურსად 1.8 აქვს აღებული, რაც რეალობას აღარ შეესაბამება.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ცვლილების გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცვლება მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით გამოსახული მონაცემები. აღნიშნული მეთოდით, 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 247 დოლარით გაიზრდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი