კახეთი, თელავი
2014-2016 წლებში თელავში არსებული ყველა საბავშვო ბაღი სრულად აღვადგინეთ, რისთვისაც 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
სიმართლე
1230 ნახვა
A+
A
A-

ახმეტა-ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა („ქართული ოცნებიდან“), გელა სამხარაულმა, ნაფარეულის საბავშვო ბაღის გახსნაზე თელავის რაიონში შემავალი საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. როგორც სამხარაულმა აღნიშნა, ბოლო სამ წელიწადში სრულად აღდგა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღი, რისთვისაც 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა (სამხარაული 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო).

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ა(ა)იპ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 20 საბავშვო ბაღია. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 12 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 132 458 ლარი დაიხარჯა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 12 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ნაწილობრივ შეკეთებას 328 733 ლარი მოხმარდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2014 წელს განხორციელდა: ქვ. ხოდაშენში საბავშვო ბაღის სველი წერტილების რეაბილიტაცია – 2 893 ლარი; კონდოლის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი შეკეთება – 3 426 ლარი; კურდღელაურის მშენებარე საბავშვო ბაღის დასრულება (კეთილმოწყობა) – 30 000 ლარი; გულგულის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 15 000 ლარი; ვარდისუბნის ბაგა-ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოები – 26 000 ლარი; რუისპირის საბავშვო ბაღში სველი წერტილების მოწყობა – 10 000 ლარი; ყარაჯალის ბაგა-ბაღის სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა – 15 000 ლარი; ლაფანყურის საბავშვო ბაღისათვის ატრაქციონების შეძენა მონტაჟი – 6 000 ლარი; სანიორეს საბავშვო ბაღის ტერიტორიის შემოღობვა – 5 300 ლარი; ართანის საბავშვო ბაღისათვის ატრაქციონების მოწყობა 7 000 ლარი; ფშაველის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 9 239 ლარი; ლეჩურის საბავშვო ატრაქციონების მოწყობა – 2 600 ლარი.

2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა: აკურის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ატრაქციონების შეძენა – 41 548 ლარი; ვანთის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 27 072 ლარი; ბუშეტის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და სათანადო ინვენტარის შეძენა – 28 561 ლარი; ქვ. ხოდაშენის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 6 916 ლარი; წინანდალის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 23,962 ლარი; კისისხევის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 30 055 ლარი; შალაურის ყოფილი კულტურის სახლის შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ბაგა-ბაღის განთავსების მიზნით – 45 731 ლარი; კურდღელაურის საბავშვო ბაღის მიმდებერე ტერიტორიის კეთილმოწყობა – 23 557; გულგულის საბავშვო ბაგა-ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა – 29 860 ლარი; რუისპირის ბაგა-ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 19 820 ლარი (ამავე წელს რუისპირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 14 821 ლარი დაიხარჯა); ფშაველის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 36 830 ლარი.

თელავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამ წელიწადში ნაწილობრივი რეაბილიტაცია 18 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, 3 სოფელში კი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

 

ცხრილი 1: თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები 2014-2016 წლებში

2014 2015 2014-2015 2016
ართანა, ყარაჯალა, ლაფანყური, გულგულა, ვარდისუბანი, კონდოლი შალაური, ვანთა, კისისხევი, წინანდალი, ქვ. ხოდაშენი, ბუშეტი, აკურა, იყალთო კურდღელაური, რუისპირი, ფშაველი ნაფარეული


ცხრილი 2: თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშენებული საბავშვო ბაღები (2013-2016 წლები)

2013 2015-2016
სანიორე წინანდალი, ფშაველი

 

 

დასკვნა

2014-2016 წლებში თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მართლაც განხორციელდა. თელავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამ წელიწადში ნაწილობრივი რეაბილიტაცია 18 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, 3 სოფელში კი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა (წინანდალში ბაღი მანამდე იყო და ახალიც აშენდა). რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მარტო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგებში 461 191 ლარი დაიხარჯა. თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გელა სამხარაულის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: