ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 1 472 563 ავტომობილია რეგისტრირებული. ამ სატრანსპორტო საშუალებების 35%, 522 975 მანქანა, გაფორმებულია თბილისში რეგისტრირებულ პირებზე, რაც 2.4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემს.

რეგისტრირებული ავტომობილების სტატისტიკა თბილისში არსებული მანქანების ზუსტი რაოდენობის ამსახველი არ არის. მონაცემი მფლობელის იურიდიულ მისამართზე დაყრდნობით არის გამოთვლილი, შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პუნქტში გაფორმებული ავტომობილი სხვა ქალაქში დადის. ამ მხრივ, სავარაუდოა, რომ თბილისის ავტოპარკი უფრო მეტ ავტომობილს აერთიანებდეს, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული. გარდა ამისა, თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალებით შემოსავლების ზრდის ტენდენციის წარმოჩენა ზუსტი პარალელი ვერ იქნება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების რაოდენობასა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის დადებითი კორელაცია არსებობს.

ანალიზი 2 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

რომ თბილისში 2012 წლის შემდეგ 2.5-ჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა, ავტომობილების შეძენა კი შემოსავლების ზრდის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს ავტოპარკის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების სტატისტიკა 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

შსს-ს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში (2012-2018 წლები) ავტოპარკი მუდმივად იზრდებოდა. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით კი, ქვეყნის მასშტაბით გაფორმებულია 1 472 563 ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 2.3-ჯერ არის გაზრდილი.

საქართველოს ავტოპარკის მსგავსად, ყოველწლიურად იზრდება თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობაც. 2018 წლის აპრილის მაჩვენებლებით, თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და მათი რაოდენობა 522 975-ს შეადგენდა. 2012 წელს თბილისში 219 388 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც 2018 წლის არსებულ მაჩვენებელზე 2.4-ჯერ ნაკლებია. ლოგიკურია, რომ ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი თბილისშია გაფორმებული. ამჟამად არსებული მონაცემებით, საქართველოს ავტომობილების 35% თბილისშია რეგისტრირებული.

გრაფიკი 1:

საქართველოსა და თბილისში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები 2012-2018 წლებში

image001 წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სტატისტიკა მხოლოდ ადგილზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას გვიჩვენებს და ამდენად ცალკეული ქალაქის დონეზე ჩაშლის შემთხვევაში ზუსტი არ არის. ხშირად ხდება ისე, რომ კონკრეტულ პუნქტში გაფორმებულ მანქანას მფლობელი სხვა ქალაქში იყენებს. ამ მხრივ, სავარაუდოა, რომ თბლისში არსებული ავტომობილების რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე მოცემულ მონაცემებშია.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი კობახიძე ავტომობილების გაზრდილ რაოდენობას ეკონომიკური წინსვლის შესაფასებლად იყენებს. აღნიშნული მიდგომა ცალსახა დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა, თუმცა მას გარკვეული ლოგიკური საფუძველი ნამდვილად გააჩნია. მიჩიგანის, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტების კვლევების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების ოდენობის ცვლილება და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია განსხვავებული ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდში, ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ქვეყნის მშპ-ს ზრდის პარალელურად.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი