ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.   რეზიუმე:

Freedom House-ის 2018 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 2014 წლიდან გაუმჯობესდა (4.00 შეადგინა) და ტენდენცია 2017 წლამდე შენარჩუნდა. 2018 წელს კი, 2012 წლის ნიშნულს დაუბრუნდა (4.25). Freedom House-ის უშუალოდ მედიის თავისუფლებაზე ორიენტირებული კვლევის მიხედვით კი, 2017 წელს საქართველომ 50 ქულა დააგროვა და 199 ქვეყანას შორის 102-ე ადგილი დაიკავა. ამ მხრივ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს ჰქონდა, როდესაც მისი ინდექსი 47 ქულას შეადგენდა. 2015 წლიდან მონაცემმა გაუარესება დაიწყო და 2016 წელს 49 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანამ ამ მიმართულებით 52 ქულა დააგროვა და სიაში 111-ე ადგილი ეკავა. Reporters Without Borders-ის 2018 წლის ანგარიშში საქართველო 27.34 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილს იკავებს. 2012 წელს საქართველოს 38 ქულა ჰქონდა და 105-ე ადგილზე იყო. მას შემდეგ, ქვეყნის მაჩვენებელი ყოველწლიურად უმჯობესდება, თუმცა კვლავ პრობლემური სახელმწიფოების სიაშია. IREX-ის 2018 წლის კვლევაში, საქართველოს საშუალო ქულამ 2.31 შეადგინა. შედეგი 2017 წელთან (2.34 ქულა) შედარებით გაუარესებულია. IREX-ის ანგარიშებში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს ჰქონდა (2.63 ქულა), რის შემდეგაც ყოველწლიური კლება დაიწყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ამ კუთხით საქართველოს მაჩვენებელი ნაწილობრივი თავისუფლებით ხასიათდება და 2015 წლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს არ განიცდის.

წინ გადადგმული ნაბიჯები შეინიშნება გამჭვირვალობის მიმართულებით, თუმცა მონიტორინგის ანგარიშების შედეგად ირკვევა, რომ რიგი დაბრკოლებების გამო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის სათანადო ხარისხი ვერ მიიღწევა. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის აქვს მიღწეული ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ღია მონაცემების ბარომეტრის 2016 წლის ინდექსის თანახმად, ქვეყანამ მაქსიმალური 100-დან 37.44 ქულა დააგროვა და მსოფლიო მასშტაბით მე-40 ადგილი დაიკავა. 2015 წლის იმავე ინდექსით საქართველო 16.79 ქულით შეფასდა და მე-60 ადგილი ეკავა.

ამდენად, 2013 წლიდან როგორც გამჭვირვალობის, ასევე მედიისა და ადამიანის თავისუფლების განვითარების კუთხით საქართველომ საერთაშორისო კვლევებში რეიტინგი გაიუმჯობესა. თუმცა, 2015-2016 წლებში ტენდენცია გარკვეულწილად შეიცვალა, ქვეყნის მაჩვენებლები შემცირდა და ზოგიერთ შემთხვევაში 2012 წლის ნიშნულს გაუთანაბრდა.

ანალიზი თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა 2018“, Financial Times-ის ანალიტიკოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა: „თქვენ ბიძინა ივანიშვილთან ხართ ანგარიშვალდებული? ვინ არის თქვენი ბოსი?“. მამუკა ბახტაძემ უპასუხა:

„არ ვფიქრობ, რომ ოლიგარქიული სიტუაციაა ბევრი მიზეზის გამო... ჩვენ მოვიგეთ არჩევნები 2012 წელს და საუკეთესო პასუხი კითხვაზე, რა ცვლილებები მოიტანა ამან, არის საერთაშორისო რეიტინგები, როგორ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიციები ყველა მიმართულებით, იქნება ეს მედიაპლურალიზმი, ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობა და სხვა“.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევებს აწარმოებს, Freedom House-ია. მეთოდოლოგიის მიხედვით, ქვეყნები ფასდებიან შკალაზე 1-დან 7-მდე, სადაც 1 დემოკრატიის მაღალ მაჩვენებელზე, ხოლო 7 - დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს. ტრანზიციაში მყოფი ქვეყნების[1] შესახებ Freedom House-ის 2018 წლის კვლევის

თანახმად,  საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 2014 წლიდან გაუმჯობესდა (4.00 შეადგინა) და ტენდენცია 2017 წლამდე შენარჩუნდა. 2018 წელს კი, 2012 წლის ნიშნულს დაუბრუნდა (4.25). ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების ქულის შემცირება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიზირებულმა სარედაქციო პოლიტიკამ, კრიტიკული ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის, მიმართ ზეწოლამ და პრო-სახელისუფლებო კერძო სატელევიზიო სადგურების მფლობელობის კონსოლიდაციამ განაპირობა. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების ხარისხს, ის 2009 წლიდან უცვლელია და 3.75 ქულას შეადგენს.

ცხრილი 1:

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში (2009-2018 წლები)

წელი 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება 3.75 3.75 3.75 3.75 3.75 3.75 3.75 3.75 3.75 3.75
მედიის თავისუფლება 4.25 4.25 4.25 4.25 4.25 4.00 4.00 4.00 4.00 4.25
წყარო: Freedom House   გარდა ზემოაღნიშნულისა, Freedom House ყოველწლიურად აქვეყნებს კვლევას, რომელიც მსოფლიოში უშუალოდ მედიის თავისუფლებაზე არის ორიენტირებული. უახლესი ანგარიში, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია, 2017

წელს გამოიცა. ქვეყნები შეფასებულნი არიან შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 საუკეთესოს, ხოლო 100 ყველაზე ცუდი შედეგის მაჩვენებელია. პრესის თავისუფლების 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ 50 ქულა დააგროვა და 199 ქვეყანას შორის 102-ე ადგილი დაიკავა. ეს ყოველივე ქვეყანაში მედიის ნაწილობრივ თავისუფლებაზე მეტყველებს. საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს ჰქონდა, როდესაც მისი ინდექსი 47 ქულას შეადგენდა. 2015 წლიდან მაჩვენებელმა გაუარესება დაიწყო და 48, ხოლო 2016 წელს - 49 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანამ ამ მიმართულებით 52 ქულა დააგროვა და სიაში 111-ე ადგილი ეკავა. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით საქართველო ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემოთი გამოირჩევა, პოლიტიკური პოლარიზაცია, ასევე მედია კომპანიებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული ახლო კავშირები სექტორზე უარყოფითად მოქმედებს.

ცხრილი 2:

მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში (2011-2017 წლები)

წელი 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
ქულა 55 52 49 47 48 49 50
ადგილი 118 111 96 93 93 96 102
წყარო: Freedom House

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნებში მედიის თავისუფლების დონეს იკვლევს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეა“ (Reporters Without Borders). ორგანიზაცია მედიის თავისუფლების ინდექსის დასადგენად შვიდ კრიტერიუმს იყენებს. ინდექსი ფასდება შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 100-ყველაზე ცუდი. 2018 წლის მონაცემების თანახმად, საქართველო 27.34 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ქულაც და რანჟირებაც გაუმჯობესებულია (2017 წლის კვლევაში საქართველოში მედიის თავისუფლების დონე 27.76 ქულით შეფასდა და 64-ე ადგილი დაიკავა), ის კვლავ პრობლემურ სახელმწიფოთა სიაშია (რუკაზე

ნარინჯისფრად არის აღნიშნული). ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია გარემო პლურალისტურია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა მედიის მფლობელობის კუთხით გამჭვირვალობა გაზარდა და გააუმჯობესა სატელევიზიო პლურალიზმი. თუმცა, კვლავ ხშირია სარედაქციო პოლიტიკაში მფლობელების ჩარევა. ასევე ყურადღება გამახვილებულია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაზე და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე.

ცხრილი 3:

მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში (2012-2018 წლები)

წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
ინდექსი 38 30.09 29.78 27.70 27.96 27.76 27.34
ადგილი 105 100 84 69 64 64 61
წყარო: Reporters Without Borders

მედიის მდგრადობის ინდექსს ასევე ზომავს საერთაშორისო ორგანიზაცია IREX (International Research & Exchanges Board). კვლევისათვის ის ხუთ ინდიკატორს გამოყოფს: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი, ბიზნესის მენეჯმენტი და ინსტიტუტების მხარდაჭერა. ქვეყნები იზომებიან შკალაზე 0-დან 4-მდე. 0-1: არათავისუფალი პრესა, 1-2: არამდგრადი, შერეული სისტემა, 2-3: თითქმის მდგრადი და 3-4: მდგრადი. IREX-ის 2018 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს საშუალო ქულამ 2.31 შეადგინა, რაც მდგრადთან მიახლოებულ მედიაგარემოზე მეტყველებს. თუმცა, აღნიშნული შედეგი 2017 წელთან (2.34 ქულა) შედარებით გაუარესებულია. IREX-ის ანგარიშებში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014

წელს ჰქონდა (2.63 ქულა), რის შემდეგაც ყოველწლიური კლება დაიწყო.

  ცხრილი 4:

მედიის მდგრადობის ინდექსი საქართველოში (2011-2018 წლები)

წელი 2011 2012 2014 2015 2016 2017 2018
ინდექსი 1.85 1.88 2.63 2.51 2.42 2.34 2.31
წყარო: IREX

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მაჩვენებელს ზომავს Freedom House-ის კვლევა, თავისუფლება მსოფლიოში (Freedom in the World). თავისუფლების ინდექსს ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებრივი მდგომარეობები განაპირობებს. ქვეყნები შეფასებულნი არიან შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 ყველაზე არათავისუფალ, ხოლო 100 -თავისუფალ გარემოს ნიშნავს. 2018 წლის კვლევის თანახმად, საქართველომ 64 ქულა დააგროვა, რაც ნაწილობრივ თავისუფლებაზე მეტყველებს. 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1 ქულით არის მდგომარეობა გაუარესებული პოლიტიკური პლურალიზმისა და ჩართულობის კუთხით. თუმცა, პერსონალური ავტონომიისა და ინდივიდუალური უფლებების მხრივ, წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი 1 ქულით გაუმჯობესდა. რაც შეეხება, Freedom House-ის თავისუფლების რეიტინგს საქართველო 3 ქულით შეფასდა (1-ყველაზე თავისუფალი, 7-ყველაზე არათავისუფალი). მსოფლიოში თავისუფლების კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  2013

წელს საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანმა ცვლილებამ სათავე დაუდო ქვეყანაში პოლიტიკური უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

  ცხრილი 5:

თავისუფლების მაჩვენებელი საქართველოში (2013-2018 წლები)

წელი 2013 2014 2015 2016 2017 2018
თავისუფლების ინდექსი 60 63 64 64 64 64
წყარო: Freedom House

რაც შეეხება გამჭვირვალობას, 2011 წლის სექტემბერში აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP). პარტნიორი ქვეყნები კონკრეტულ სფეროებთან დაკავშირებით კისრულობენ რიგ ვალდებულებებს. მათ შორის, ღია მმართველობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ღია მმართველობის საბჭოს ქმედებების სისტემატურ მონიტორინგს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი იმპლემენტაციის პროცესში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახორციელებს. საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წელს შეუერთდა, 2014 წელს ქვეყანა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად ორწლიანი ვადით აირჩიეს, ხოლო 2016 წელს - თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ. 2017 წლის 19 სექტემბრიდან, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თუმცა, ქვეყნის მთავრობის პოლიტიკაში არსებობს გარკვეული პრობლემები და გამოწვევები ღია მმართველობის დამფუძნებელი პრინციპების საჯარო მმართველობაში დამკვიდრების კუთხით. ღია პარლამენტის მონიტორინგის პირველი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა სულ 18 ვალდებულებისგან შედგებოდა, რომელთაგან 4 შესრულდა, 14 კი არ შესრულებულა. მეორე ანგარიშის

თანახმად კი, საქართველოს პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებისგან შედგებოდა, რომელთაგან შესრულდა 5 და 13 არ შესრულებულა.

გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობა. ღია მონაცემების ბარომეტრი იკვლევს, თუ როგორ აქვეყნებენ მთავრობები ღია მონაცემებს და იყენებენ მათ ანგარიშვალდებულებისა და ინოვაციის მიმართულებით. ბარომეტრის 2016 წლის (ამ დროისათვის უახლესი კვლევა) კვლევაში მსოფლიოს 115 ქვეყანა 100 ქულიან შკალაზეა შეფასებული (0- ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი დონე, 100 - ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უმაღლესი ხარისხი). საქართველომ 37.44 ქულა დააგროვა და მსოფლიო მასშტაბით მე-40 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2015

წელთან შედარებით, შედეგი მკვეთრად გაუმჯობესებულია (2015 წლის მონაცემის თანახმად, როდესაც ამ მიმართულებით საქართველოს კვლევა პირველად მოხდა, ქვეყანა 16.79 ქულით შეფასდა და მე-60 ადგილი ეკავა).

[1] აღნიშნულ კვლევაში ტრანზიციაში მყოფ ქვეყნებად მოიაზრებიან რუსეთი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის (ბალკანეთის), კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი