"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, იმედა გოგავამ, სააგენტო geomediatv.ge-სთან ინტერვიუში

 სამტრედიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამტრედიაში არცერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

იმედა გოგავა სამტრედიის საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით მოსულ მმართველ პარტიას წარმოადგენდა, ამის მიუხედავად, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით (მაგალითად, სამტრედიის საფეხბურთო კლუბისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გადარიცხვა)

კრიტიკულ აზრს გამოთქვამდა.

თავდაპირველად, ჩვენ თავად განცხადების ავტორს დავუკავშირდით. გოგავამ დააზუსტა, რომ ის ქალაქ სამტრედიაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს გულისხმობდა. "იყო სამტრედიის სოფლებში მსხვილი პროექტი, მაგალითად, წყალთან დაკავშირებული, მაგრამ თავად ქალაქ სამტრედიაში ასეთი მასშტაბური რამ არ განხორციელებულა", - განაცხადა ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრმა.

ფაქტ-მეტრმა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ნიშნულად მინიმუმ 100 ათასი ლარის ღირებულების პროექტები აიღო და შეეცადა გაერკვია, ქალაქ სამტრედიაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 100 ათასი ლარის ან მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თუ არა.

ქალაქ სამტრედიის ბიუჯეტის დაფინანსებით 2013-დან 2016 წლის ჩათვლით ქალაქში  მსხვილი (100 000 ლარზე მეტი ღირებულების) ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 იგივე დაგვიდასტურეს.

ფაქტ-მეტრი 2013-2014 წლებში რეგიონული განვითარების ფონდიდან (რგფ) დაფინანსებული მსხვილი (100 000 ლარზე მეტი ღირებულების) ინფრასტრუქტურული პროექტებითაც დაინტერესდა.

2013 წელს ამ ფონდიდან სამტრედიამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 3 მილიონ 650 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო.

ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქალაქ სამტრედიის გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას მოხმარდა. ამისთვის ჯამში 1.56 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქალაქში განხორციელებულ მსხვილ პროექტებზე დახარჯული თანხები ასე გამოიყურება:

პროექტის დასახელება თანხა ლარებში
26 მაისის, კ. გამსახურდიას, შევჩენკოს, ირაკლი ქუთათელაძის, საიათნოვას და წერეთლის ქუჩების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა 700 000
რევიშვილის, ტოლსტოის, კვანტალიანის, კაკაბაძის, ჭონქაძისა და რაზმაძის ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოწყობა 210 000
ლესელიძის, ვაშაკიძის, ჭავჭავაძის, კანდელაკის, ნიკოლეიშვილის, ფარნავაზის, თამარ მეფისა და ფარნავაზის შემაერთებელი  ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოწყობა 500 000
ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 150 000
  2014 წელს რგფ-დან სამტრედიის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 191 ათასი ლარი ერგო.

აქედან, ქალაქ სამტრედიაში თანხა მსხვილ პროექტებზე ასე გადანაწილდა:

პროექტის დასახელება თანხა ლარებში
ქალაქ სამტრედიაში წერეთლის (გაგრძელება), გამსახურდიას (გაგრძელება), ეგრისის (გაგრძელება), ჭანტურიას და ნიკოლაძის ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთება 541 739
ქალაქ სამტრედიაში კოსტავას (გაფართოება, გადაგება) ფარნავაზის (გაგრძელება), კაკაბაძის, მშვიდობის, ვაჟა-ფშაველას ქუჩების და კონსტიტუციისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთება 349 121
გალაკტიონის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება 196 833
  2015 წელს რგფ-დან სამტრადიამ სულ 2 მილიონ 243 ათასი ლარი მიიღო,

აქედან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ქალაქ სამტრედიაში შემდეგი თანხა დაიხარჯა:

პროექტის დასახელება თანხა ლარებში
ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე წყალარინებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება 188 980
ქ. სამტრედიაში თაბუკაშვილის, ნადირაძის, პაპავას, ფანჯიკიძის, გამრეკლიძის ქუჩებზე და წერეთლის ქუჩის პირველ შესახვევში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება 283 211

რაც შეეხება რეგიონული განვითარების ფონდიდან 2016 წელს სამტრედიაში განსახორციელებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯერჯერობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

დასკვნა

ქალაქ სამტრედიაში 2013-2016 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რაიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი (100 000 ლარზე მეტი ღირებულების) არ განხორციელებულა. თუმცა, ამ წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქალაქის ქუჩების გზების მოპირკეთების 10-მდე პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ 120 ათასი ლარია.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, იმედა გოგავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი