2012 წელთან შედარებით, 2015 წელს მინისტრების შრომის ანაზღაურება 20%-ით, ხოლო მინისტრების მოადგილეების – 10%-ითაა შემცირებული
სიმართლე
2600 ნახვა
A+
A
A-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, “მინისტრების ჯამური ანაზღაურება 2015 წლის 9 თვეში, 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით, 20%-ით, ხოლო მინისტრების მოადგილეების შრომის ანაზღაურება 10%-ით შემცირდა”.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს (ე.წ. ხელფასი), პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს მოიცავს. პრემია საჯარო სამსახურის ფინანსური წახალისების ფორმას წარმოადგენს. რაც შეეხება დანამატს, ის ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე დამატებითი ფუნქციების შესრულებისას გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა (იხ. ბმული).

ფინანსთა მინისტრის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა სამინისტროებს მიმართა და 2012-2015 წლებში (9 თვე) მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება გამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებიდან ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. რაც შეეხება კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, აღნიშნულმა უწყებებმა არასრულყოფილი (ინფორმაცია არ იყო თვეების მიხედვით გაწერილი) სტატისტიკა მოგვაწოდეს, რის გამოც ამ სამინისტროების მონაცემები კვლევაში ვერ გამოვიყენეთ. იუსტიცის სამინისტროს შემთხვევაში კი, 2012  წელს მინისტრის მოადგილეზე გაცემული შრომის ანაზღაურება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, ფაქტის გადასამოწმებლად ცხრილ 1-ში მოცემული ათი სამინისტროს მონაცემები გავაანალიზეთ.

აღნიშნული ათი სამინისტროს გარდა, ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაცემებიც, ოღონდ ამ უწყებების შემთხვევაში ჩვენ 2012 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება 2014 წლის მონაცემებს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, 2012 წელს მინისტრზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2014 წლის მონაცემებს შევადარეთ.

 

ცხრილი 1: 2012-2015 წლებში (9 თვე) მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

2012 წელი 2015 წელი
სამინისტრო ხელფასი პრემია დანამატი ჯამი ხელფასი პრემია დანამატი ჯამი ცვლილება
სპორტის მინისტრი 31860  31860 0 63720 31860 0 24390 56250 -11.7%
მინისტრის მოადგილეები 99990 99990 0 199980 78230 8390 66890 153510 -23%
ფინანსთა მინისტრი 31854 32160 26067 90081 31860 24390 56250 -37%
მინისტრის მოადგილეები 126081 190350 77370 393801 86842 4800 144960 236602 -39%
თავდაცვის მინისტრი 31859 0 9090 40949 35400 0 42322 77722 89.0%
მინისტრის მოადგილეები 99235 135824 39797 274856 83829 0 91452 175281 -36%
ჯანდაცვის მინისტრი 31859 49960 0 81819 31860 21680 53540 -36%
მინისტრის მოადგილეები 96306 184573 0 280879 65495 9160 62560 137215 -51%
დევნილთა მინისტრი 31860 33985 0 65845 31860 24390 56250 -14.7%
მინისტრის მოადგილეები 103985 64640 0 168625 123175 124470 247645 46.8%
ენერგეტიკის მინისტრი 85689 56250 -43%
მინისტრის მოადგილეები 339308 220580 -34.9%
რეგიონული განვითარების მინისტრი 28159 28320 0 56479 31860 24390 56250 0%
მინისტრის მოადგილეები 83244 92880 0 176124 70689 12585 69858 153132 -13%
გარემოს დაცვის მინისტრი 31897 24300 0 56197 35400 24390 59790 6%
მინისტრის მოადგილეები 72532 41120 0 113652 85446 1125 84843 171414 50%
სასჯელაღსრულების მინისტრი 31683 40965 0 72648 35400 24390 59790 -17.6%
მინისტრის მოადგილეები 70117 110725 0 180842 51600 650 46230 97830 -45.9%
საგარეო საქმეთა მინისტრი 31860 31860 0 63720 31860 24390 56250 -11.7%
მინისტრის მოადგილეები 147601 172390 10620 330611 125458 13830 125542 264830 -19.8%

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლის 9 თვეში აღნიშნულ ათ სამინისტროში მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 მლნ 136 ათასი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის 9 თვეში 2 მლნ 446 ათასი ლარი იყო, რაც 21%-ით ნაკლებია 2012 წლის მონაცემებზე. რაც შეეხება პრემიებს, 2015 წელს მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული პრემიების ოდენობა 2012 წელთან შედარებით 96%-ით შემცირდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, 2012 წლიდან 545%-ით გაიზარდა დანამატების მოცულობა. საერთო ჯამში, მინისტრებზე და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული პრემიები 1 მლნ 315 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო დანამატების ოდენობა 889 ათასი ლარით გაიზრდა.

თუ ხელფასს, პრემიას და დანამატს შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ მთლიანობაში, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, მინისტრებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 13%-ით, ხოლო მინისტრების მოადგილეების შემთხვევაში 24%-ით შემცირდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობისა და კულტურის სამინისტროებს, 2012 წლის მონაცემებით, აღნიშნულ უწყებებში მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 369 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წელს ეს მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა. იუსტიცის სამინისტროს შემთხვევაში, 2012 წელს მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 42 479 ლარი შეადგინა, 2014 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 87 500 ლარი შეადგინა.

ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ  2012 წლის შემდეგ პრემიებისა და დანამატების დარეგულირებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა. მაგალითად: განისაზღვრა დანამატი (მინისტრებისთვის), ასევე განისაზღვრა პრემიის ზედა ზღვარი და სიხშირე (იხ. ბმული).

 

დასკვნა

ათი სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2012 წლის 9 თვეში მინისტრებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 677 ათასი ლარი შეადგინა. 2015 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება მინისტრების მოადგილეების შრომის ანაზღაურებას, 2012 წლის 9 თვის მონაცემებით, ის 2 მლნ 458 ათასი ლარი იყო, 2015 წელს კი 24%-ით შემცირდა.

სოფლის მეურნეობის და კულტურის სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრებზე და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 2014 წელს 21%-ით შემცირდა. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის შრომის ანაზღაურებას, 2014 წელს ეს მაჩვენებელი (2012 წელთან შედარებით) 105%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრმა ყველა სამინისტროდან (ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები) ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, სამინისტროების უმრავლესობიდან მიღებული ინფორმაციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2015 წლის ცხრა თვეში, 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით, მინისტრებისა და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: