"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" Facebook გვერდზე ინფოგრაფიკი

 გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დახარჯული 2 მლრდ ლარი წყალში გადაყარა, ვინაიდან სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი მცირდება.

ფაქტ-მეტრი "ნაციონალური მოძრაობის" ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ახალმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა. 2013-2016 წლებში მხოლოდ რთველის სუბსიდირებისა და ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილმა სახსრებმა ჯამურად 600 მლნ ლარს გადააჭარბა, სახელმწიფოს წახალისებით სოფლის მეურნეობის სექტორში მიმართული კერძო საკრედიტო რესურსი კი 711 მლნ ლარს და 218 მლნ დოლარს შეადგენს. ჯამში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტიდან ათვისებულმა სახსრებმა 2013-2015 წლებში 808 მლნ ლარი შეადგინა, 2016 წლის გეგმით, 295 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აგვისტოს მდგომარეობით 183 მლნ ლარია ათვისებული. ეკონომიკური განვითარების მოცემულ ეტაპზე, ძირითადი ძალისხმევის სოფლის მეურნეობის სექტორისკენ მიმართვა რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, დავის საგანია, თუმცა ფაქტ-მეტრი ამ მსჯელობაში შესვლისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და მხოლოდ ფაქტების ანალიზით შემოიფარგლება.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" მეშვეობით ხორციელდება. უკვე ამოქმედებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა, 354 მლნ ლარი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე დაიხარჯა, რომლის ფარგლებშიც მცირემიწიან ფერმერებს "ხვნის ბარათი" ან/და "აგრო ბარათი" გადაეცემათ, რომელთა გამოყენება მიწის ფართობის დამუშავებისათვის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად არის შესაძლებელი.

სახელმწიფო ასევე აგროდაზღვევის პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას ახდენს, ხელშეკრულება კი შესაბამისი წესით ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან ფორმდება. ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა მოცემული პროექტის ფარგლებში 21 მლნ ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნულის გარდა, ხორციელდება პროექტები "დანერგე მომავალი" და "აწარმოე საქართველოში", ასევე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამები. მნიშვნელოვანი პროექტია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 2016 წლის ივნისის მდგომარეობით ლარში დენომინირებული 24 537 სესხია გაცემული, ჯამური დაკრედიტება კი 700 მლნ ლარამდეა. დოლარში გაცემული სესხების ოდენობა 1 937 ერთეულია, ჯამური მოცულობით 208 მლნ დოლარამდე.

გრაფიკი 1: 

სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულების ცვლილების ტენდენცია

image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, ბოლო ათი წლის მანძილზე, ყველაზე მაღალი 2005 წელს იყო და 1.94 მლრდ ლარს აღწევდა. 2006-2012 წლებში მთლიანად ეკონომიკის საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპის მიუხედავად, მოცემულ სექტორში ზრდის ტემპი ძირითადად უარყოფითი იყო, ანუ სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებითი ღირებულება მცირდებოდა. შედეგად, 2012 წლის მაჩვენებელმა მხოლოდ 1.58 მლრდ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისს წარმოადგენს 2011 წელი, როცა ზრდის მაჩვენებლმა 8.5% შეადგინა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ეკონომიკის პოსტკრიზისულ გამოცოცხლებას შეიძლება მიეწეროს.

2013

წლიდან მოყოლებული, სოფლის მეურნეობაში შექმნილი ღირებულება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2013 წელს დაფიქსირებული საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი (11.3%), 2014-2015 წლებში შესაბამისად 1.6 და 2.9%-მდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ზრდის ტემპი 2013 წელთან შედარებით შემცირებულია, აბსოლიტური მაჩვენებელი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა 2005 წლის მაჩვენებლისათვის ჯერაც არ მიუღწევია. სურათი ანალოგიურია მხოლოდ I კვარტლის მონაცემების გაანალიზების შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2014-2015 წლებში და 2016 წლის პირველ ორ კვარტალში სახელმწიფო ბევრ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სოფლის მეურნეობა დაახლოებით 2%-ით იზრდებოდეს. ეს ფულის არაეფექტიან ხარჯვაზე მიანიშნებს და მეტწილად სოფლის მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზეა გათვლილი, ვიდრე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანობაზე.

დასკვნა

სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის შედეგად მიმართული სახსრები 2013-2016 წლებში 2 მლრდ ლარს აჭარბებს და მოიცავს როგორც უშუალოდ ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს, ისე სამთავრობო პროექტების ფარგლებში (ძირითადად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი) კერძო სექტორიდან მოზიდულ სახსრებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2006 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით, სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებითი ღირებულება შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013-2015 წლებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით 2014-2015 წლებში ზრდის ტემპი შენელებულია. ტენდენცია ანალოგიურია 2016 წელსაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად სოფლის მეურნეობისადმი დიდი ყურადღებისა და ფულადი რესურსის მიმართვისა, 2014-2016 წლებში აღნიშნული დარგი საშუალოდ 2%-ით იზრდება, რაც ბიუჯეტის ფულის არაეფექტიან ხარჯვაზე მიანიშნებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფოგრაფიკაში მოყვანილი ინფორმაცია არის ნახევრად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი