2014

წლის 23 იანვარს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტარები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექსს განიხილავდნენ. განხილვისას, პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, განაცხადა: „1997 წელს მიღებული იქნა თვითმართველობის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, 1998 წელს აირჩა საკრებულოები სოფლების, დაბების, თემების დონეზე და ა.შ. თქვენ [ნაციონალური მოძრაობა] 2006 წელს ჩაატარეთ თვითმმარველობის არჩევნები, სადაც თვითმმართველობა საერთოდ გააქრეთ სოფლის, დაბების და თემების დონეზე“.

ეს განცხადება გიორგი გაჩეჩილაძემ გიორგი თევდორაძის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, დეპუტატ თევდორაძის წინადადებით, მიზანშეწონილი იქნებოდა სოფლის მაცხოვრებლებისთვის საშუალება მიეცათ, პირდაპირი წესით აერჩიათ სოფლის რწმუნებულები. შესაბამისად, სოფლის არჩეული რწმუნებული იქნებოდა ადამიანი, რომელიც მისი ამომრჩევლის, მისი სოფლის მაცხოვრებლების წინაშე იქნებოდა ანგარიშვალდებული. გიორგი თევდორაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში თვითმმართველობა სრულყოფილი არ იყო, რაც თუნდაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სოფლის, დაბების და თემების დონეზე თვითმმართველობა აღარ ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, მისივე განცხადებით, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად, 2006 წელს განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მერსა და გამგებელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულო ნიშნავდა. ეს კი მაინც პროგრესული ნაბიჯი იყო წინა მოდელთან შედარებით, როდესაც ამას პირდაპირ პრეზიდენტი აკეთებდა.

ფაქტ-მეტრი თვითმმართველობის თემით დაინტერესდა და კანონში სხვადასხვა დროს შეტანილი ცვლილებები გაანალიზა.

1997 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“  ორგანული კანონი მიიღო. კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ორდონიანი

იყო. პირველ დონეს რაიონში შემავალი ქალაქები, დაბები, თემები და თემში არ შემავალი სოფლები (სულ 1111 ტერიტორიული ერთეული) განეკუთვნებოდნენ, ხოლო მეორე დონეს კი - თბილისი, ასევე ის ქალაქები, რომლებიც რაიონის შემადგენლობაში არ შედიოდნენ (სულ 6) და 67 რაიონი.

1997

წლის კანონის მიხედვით, საკრებულო აირჩეოდა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით (მუხლი 9 ნაწილი1). იმ სოფელში, თემში, დაბასა და ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლები იყო, საკრებულოს თავმჯდომარე, იმავდროულად, იყო გამგებელი (მუხლი 9 ნაწილი 2).

იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტი იყო, გამგებელი აირჩეოდა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. ქალაქში, რომელიც არ შედიოდა რაიონის შემადგენლობაში, მერი აირჩეოდა პირდაპირი წესით 4 წლის ვადით (მუხლი 10 ნაწილი 3). თბილისის მერს კი, რომელიც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირია, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

რაც შეეხება რაიონებს, მისი საკრებულო (წარმომადგენლობითი ორგანო) შედგებოდა რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეებისაგან. რაიონებში აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობა, რომლის ხელმძღვანელს (გამგებელს) საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი.

2005 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 1997 წელს მიღებული ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით

ჩაანაცვლა, რომელიც 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამოქმედდა და ამჟამადაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა აღარ ხორციელდება სოფლების, თემების, დაბების და ქალაქების დონეზე. შესაბამისად, თვითმმართველობის ორდონიანი სისტემიდან მხოლოდ ერთი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ მუნიციპალიტეტების დონეზე ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა 67 მუნიციპალიტეტსა (მუნიციპალიტეტებად განისაზღვრა მანამდე არსებული რაიონები, როგორც სამართალმემკვიდრე) და 5 ქალაქში ხორციელდება.

მუნიციპალიტეტების საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით. მუნიციპალიტეტის გამგებელსა და თვითმმართველი ქალაქის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თანხმობით (გამონაკლისს წარმოადგენს თბილისი, სადაც მერი პირდაპირი წესით აირჩევა). საკრებულოს თანხმობა  მიღებულად ითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს საკრებულოს  სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს (მუხლი 20, 21).

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“

მიიღო. იგი ძალაში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა. ისევე, როგორც 2005 წლის ორგანულ კანონში, აქაც ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის დონეზე - თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში (მუხლი 3) განხორციელდება. თვითმმართველი ქალაქები უშუალოდ ამავე ორგანული კანონითაა განსაზღვრული. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთასა და ახალციხე (მუხლი 151 ნაწილი 1).

კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. გამგებელი/მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით (მუხლი 23, 49).

ისევე, როგორც 2005 წლის ორგანულ კანონში, ახალ კოდექსშიც, სოფლების, დაბების და თემების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობა არ განხორციელდება. ჩვენ ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, თენგიზ შერგელაშვილს დავუკავშირდით (ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი პარლამენტში თენგიზ შერგელაშვილმა წარადგინა). ჩვენ დავინტერესდით, იყო თუ არა დაგეგმილი, ან მომავალში იგეგმებოდა თუ არა სოფლების, თემების და დაბების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება. მინისტრის მოადგილემ განგვიცხადა, რომ უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება ამ დონეზე არ იგეგმებოდა, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში

 გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რომლებიც მოქალაქეთა ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის დამატებითი ფორმა იქნებოდა. საპარლამენტო მოსმენების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საზოგადოებრივი საბჭოები აღარ გაითვალისწინეს, მაგრამ საქართველოს მთავრობას დაევალა 2015 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად.

  დასკვნა

როგორც ვხედავთ, 1997 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლების, დაბების და თემების დონეზე გათვალისწინებული იყო. 2005 წლის ორგანული კანონიდან ის ამოიღეს და არც 2014 წლის კოდექსში მოხდა მისი გათვალისწინება. შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველობის განვითარების ყველა ეტაპს ახასიათებდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მაგალითად, 1997 წლის კანონის მიხედვით, მართალია, სოფლების, დაბებისა და თემების დონეზე საკრებულო და გამგებელი პირდაპირი წესით აირჩეოდა (რაც თავისთავად დეცენტრალიზაციისკენ და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია), მაგრამ რაიონებში პრეზიდენტი უშუალოდ ნიშნავდა რაიონის გამგებლებს. 2005 წლის ორგანულ კანონში და არც 2014 წელს მიღებულ „კოდექსში“, სოფლების, დაბებისა და თემების დონეზე თვითმმართველობის განხორციელება არ ხდება, თუმცა, გათვალისწინებულია გამგებლების/მერების პირდაპირი წესით არჩევა.

გიორგი გაჩეჩილაძე მართალია, როდესაც ის აღნიშნავს, რომ 2005 წლის ორგანული კანონის მიხედვით, სოფლებში, დაბებსა და თემებში თვითმმართველობის განხორციელება ამოღებული იქნა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ არც ახალი, 2014 წელს მიღებული ორგანული კანონი, უბრუნებს ხსენებულ ერთეულებს ამ უფლებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ გიორგი გაჩეჩილაძის კრიტიკა ოპონენტის მიმართ ბოლომდე რელევანტური არ არის, რადგან იგი არგუმენტირებულ პასუხს არ სცემს ოპონენტის ინიციატივას და საუბრობს არა კონკრეტულად საკითხის არსზე, არამედ გასულ წლებში, მისი აზრით დაშვებულ შეცდომაზე, რომლის გამოსწორება არც ახალი კანონმდებლობით იგეგმება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ დეპუტატ გაჩეჩილაძის განცხადება: „1997 წელს მიღებული იქნა თვითმართველობის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, 1998 წელს აირჩა საკრებულოები სოფლების, დაბების, თემების დონეზე და ა.შ. თქვენ [ნაციონალური მოძრაობა] 2006 წელს ჩაატარეთ თვითმმარველობის არჩევნები, სადაც თვითმმართველობა საერთოდ გააქრეთ სოფლის, დაბების და თემების დონეზე“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი