ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს არეგულირებს საქართველოს განათლების მინისტრის 2015 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მასწავლებელთა ხელფასები მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება. 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით (სასწავლო წლის დასასრული), საქართველოს საჯარო სკოლებში 57 944 პედაგოგია. პედაგოგები 4 კატეგორიად იყოფიან: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი.

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს ხელფასის ზრდას მხოლოდ უფროსი - 16 811, წამყვანი - 202 და მენტორი - 7 მასწავლებლისთვის. გამოდის, რომ ჯამში ხელფასის ზრდის პირველ საფეხურს აკმაყოფილებს საჯარო სკოლის 57 944 მასწავლებლიდან, მხოლოდ 17 020. თუმცა, სტატუსი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელმა მიიღოს ხელისუფლების დაპირებული 800 ლარი და მეტი ანაზღაურება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული საგაკვეთილო დატვირთვა, რომ შეძლოს სტატუსთან მიბმული დანამატის მიღება. სრული საგაკვეთილო დატვირთვა ნიშნავს, რომ პედაგოგს აქვს 18 საგაკვეთილო საათი კვირაში. საქართველოს საჯარო სკოლებში სრული საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 8 940 მასწავლებელს. მათგან უფროსი მასწავლებელი არის 3 163, წამყვანი - 31 და მენტორი - 1. სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა (19 საათი და მეტი) აქვს  1 985 უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგს. ზემოთ ხსენებული 17 020 შესაბამისი სტატუსიანი პედაგოგიდან სრული და სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 5 180 მასწავლებელს, რაც საერთო რაოდენობის 8.9%-ია. მაგრამ არც ეს არ არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა ხელფასი დაპირებულ ნიშნულამდე გაეზარდოს. რეალურად, ამ რიცხვს შესაძლოა გამოაკლდეს იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელებიც აკმაყოფილებენ ორ ძირითად მოთხოვნას, მაგრამ 10 წელზე ნაკლები სტაჟი აქვთ და იმ მასწავლებელთა რაოდენობაც, რომელსაც არ აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხი.

  ანალიზი პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, პარლამენტის სხდომაზე პედაგოგთა ხელფასების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა:

„58-60 ათასი მასწავლებლიდან, 16 ათასი არის სერტიფიცირებული. ეს ისედაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. 16 ათასიდან, მხოლოდ, 3 522-ს აქვს შესაძლებლობა მიიღოს 800 ლარი. დანარჩენი ანუ დაახლოებით 12 ათასი, ფაქტობრივად, ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ხელფასი არის მიბმული საათობრივ ანაზღაურებაზე და სახელმწიფო, სკოლა ვერ უზრუნველყოფს მათთვის საჭირო საათების ქონას“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2018 წლის მაისის თვის მონაცემებით (სასწავლო წლის დასასრული), საქართველოს საჯარო სკოლებში 57 944 პედაგოგია. პედაგოგები 4 კატეგორიად იყოფიან: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. პრაქტიკოსია მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად. უფროსია მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს, როგორც პრაქტიკოსის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე, აქვს შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები. წამყვანია პედაგოგი, რომელიც როგორც აკმაყოფილებს უფროსი პედაგოგის მოთხოვნებს, ასევე, პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს და შედეგებს უზიარებს კოლეგებს. რაც შეეხება მენტორ მასწავლებელს, ის გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებს წამყვანი პედაგოგის ყველა მოთხოვნას, ის აგრეთვე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას.

საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგთა სრული რაოდენობიდან, 40 924 არის პრაქტიკოსი, 16 811 - უფროსი, 202 - წამყვანი და 7 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი.

ცხრილი 1:

 საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგთა სტატუსები

პედაგოგის სტატუსი პრაქტიკოსი უფროსი წამყვანი მენტორი
რაოდენობა 40 924 16 811 202

 7

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს არეგულირებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანება,

რომლის მიხედვითაც მასწავლებელთა ხელფასები მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება. იგივე ბრძანების თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, თანამდებობრივ დანამატს, კლასკომპლექტით სწავლების დანამატს, კლასის დამრიგებლის დანამატს, მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის და დაგეგმვის დანამატს, სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატს, მაღალმთიან დასახლებებში სწავლების და არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში სწავლების დანამატებს.

ამასთან, მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამისი დანამატის ოდენობა დამოკიდებულია პედაგოგის სქემით განსაზღვრულ, ზემოთ განმარტებულ სტატუსებზე. შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა 2018 წელს განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • უფროსი მასწავლებელი - 320 ლარი;
  • წამყვანი მასწავლებელი - 700 ლარი;
  • მენტორი - 1 000 ლარი.

რაც შეეხება სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების საბაზო თანამდებობრივ სარგოს, რომელსაც შემდგომ ემატება ზემოთ ჩამოთვლილი დანამატები 2018 წელს არის 405, 2017 და 2016 წლებში იყო, აგრეთვე, 405, ხოლო 2015 წელს იყო 355 ლარი.

ზუსტად რომ განვსაზღვროთ, კანონის მიხედვით, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა/გაანგარიშება შემდეგნაირია:

Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)

სადაც:

Sal(m) =  გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

Sal(b)=    ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (405 ლარი);

Ed(c) =    მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c) =  მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);

WE(c )=   მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.

კოეფიციენტების ოდენობაც იგივე კანონით განისაზღვრება (იხ. ცხრილი 2).

  ცხრილი 2:

მასწავლებლის ხელფასების განმსაზღვრელი სქემის შესაბამისი კოეფიციენტები, საბაზისო ხელფასის რაოდენობა და სტატუსთან მიბმული დანამატების რაოდენობა

საბაზო ხელფასი, სტაჟი, აკადემიური ხარისხი, სტატუსთან მიბმული დანამატი კოეფიციენტი

თანხა

საბაზისო ხელფასი 405
სრული ზოგადი განათლება 0.8
პროფესიული განათლება 0.9
ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი 1.0
მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი 1.1
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი 1.2
სტაჟი 5 წლამდე 0.2
სტაჟი 5-დან 10 წლის ჩათვლით 0.5
სტაჟი 10 წლის ზემოთ 0.6
უფროსი მასწავლებლის დანამატი 320
წამყვანი მასწავლებლის დანამატი 700
მენტორი მასწავლებლის დანამატი 1000
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს ხელფასის ზრდას მხოლოდ უფროსი - 16 811, წამყვანი - 202 და მენტორი - 7 მასწავლებლისთვის. გამოდის, რომ ჯამში ხელფასის ზრდის პირველ საფეხურს აკმაყოფილებს საჯარო სკოლის 57 944 მასწავლებლიდან მხოლოდ 17 020. თუმცა, სტატუსი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელმა მიიღოს 800 ლარი და მეტი ანაზღაურება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული საგაკვეთილო დატვირთვა, რომ შეძლოს სტატუსთან მიბმული დანამატის მიღება. სრული საგაკვეთილო დატვირთვა ნიშნავს, რომ პედაგოგს აქვს 18 საგაკვეთილო საათი კვირაში. საქართველოს საჯარო სკოლებში სრული საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 8 940 მასწავლებელს.  მათგან უფროსი მასწავლებელი არის 3 163, წამყვანი - 31 და მენტორი - 1. სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა (19 საათი და მეტი) აქვს 1 985 უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგს. ზემოთ ხსენებული 17 020 შესაბამისი სტატუსიანი პედაგოგიდან სრული და სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა აქვს მხოლოდ 5 180 მასწავლებელს. გამოდის, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ხელფასის გასაზრდელ ორ ძირითად მოთხოვნას - შესაბამის სტატუსსა და საგაკვეთილო დატვირთვას - აკმაყოფილებს, მხოლოდ, 5 180 მასწავლებელი, რაც საერთო რაოდენობის 8.9%-ია. მაგრამ არც ეს არ არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს ამ ნიშნულამდე. რეალურად, ამ რიცხვს შესაძლოა გამოაკლდეს იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელებიც აკმაყოფილებენ ორ ძირითად მოთხოვნას, მაგრამ 10 წელზე ნაკლები სტაჟი აქვთ და იმ მასწავლებელთა რაოდენობაც, რომელსაც არ აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხი. მეტი სიზუსტისთვის, განათლების სამინისტროს მივმართეთ კითხვით, თუ რამდენი მასწავლებლის ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს და მეტს საქართველოს საჯარო სკოლებში, სამინისტრომ გვიპასუხა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს. სპეციალურ პრესკონფერენციაზე, იმ დროისათვის განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან გაიზრდებოდა მასწავლებლების ხელფასები და საშუალო ანაზღაურება მიაღწევდა 800 ლარს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, დაადასტურა, რომ 2017 წლიდან იზრდებოდა პედაგოგების ხელფასები და საშუალო ხელფასი იქნებოდა 800 ლარი. ამ დაპირებებმა საზოგადოებაში ისეთი ფონი შექმნა, თითქოს, ყველა მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა. რეალურად, პედაგოგთა ხელფასების ზრდის მოქმედი სქემა, ამ მოცემულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მაქსიმუმ, მასწავლებელთა 9 %-თვის იძლევა ხელფასის ამ ზღვრამდე ზრდის საშუალებას.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი