14 ივლისს საოკუპაციო ხაზთან აშშ-ის ელჩი იმყოფებოდა, საქართველოს ხელისუფლებიდან კი ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც არავინ მისულა
სიმართლე
525 ნახვა
A+
A
A-

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ კახნიაშვილი რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შერბილებულ პოლიტიკაზე საუბრობს და ამის ერთ-ერთ მაგალითად 14 ივლისის მშვიდობიანი საპროტესო აქცია მოჰყავს, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლებიდან არავინ შეუერთდა.

„აშშ-ის ელჩმა გააპროტესტა ოკუპაცია და 14 ივლისს გამყოფ ხაზთან დაგმო ეს ფაქტი, თუმცა მას არცერთი მინისტრი და ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი იქ არ დახვედრია. უფრო მეტიც, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა ქცევას, რომლებმაც ბანერს საქართველოს დროშა შემოახვიეს, არანორმალური უწოდა. ვიცე-პრემიერმა ჯეჯელავამ კი ოკუპაციის თემაზე ჟურნალისტის შეკითხვა საერთოდ უპასუხოდ დატოვა“, – აცხადებს რევაზ კახნიაშვილი.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოექცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ადგილი არ ჰქონია და ე.წ. საზღვარზე მხოლოდ ბანერი განათავსეს. ფაქტ-მეტრი ჩავიდა სოფელ ბერშუეთში და მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივების განცხადებით, ხშირად, მათი სახნავ-სათესი მიწები ე.წ. საზღვრის მიღმა რჩება, ისინი ცხოვრობენ მუდმივ შიშში და არ აქვთ საშუალება მიხედონ საკუთარ მოსავალს. ბერშუეთის ერთ-ერთი მოსახლის თქმით, ისინი პატრულის გარეშე ვერ ახერხებენ მოინახულონ და მოუარონ დამუშავებულ მიწებს. გარდა ამისა, მათ ეშინიათ გახშირებული გატაცებების შემთხვევების, შესაბამისად, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

ე.წ. საზღვრის გადმოწევის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ადგილზე ჩავიდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გორის თემში – თემურ ხუბულური და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა კაპანაძე. ასევე, ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საერთაშორისო მისიებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. საერთაშორისო თანამეგობრობას სპეციალური განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიმართა.

11 ივლისს, ბერშუეთის ტერიტორიიდან მიწის ფართობების მიტაცება ერგნეთის შერეულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, სადაც აღინიშნა, რომ  საოკუპაციო ხაზის სიგრძემ ამ დროისათვის 350 კმ შეადგინა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი კი 20 სოფელს შეეხო. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების მიხუედავად, ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

14 ივლისს სოფელ ბერშუეთთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სტუდენტებთან, ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ (აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს, ქართულ საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებიც იცავდნენ). აქციის მიმდინარეობის პარალელურად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, საოკუპაციო ხაზთან აშშ-ის ელჩიც ჩავიდა. იან კელს ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე დახვდა, რომელმაც ელჩს სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

14 ივლისის აქციაზე რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან და აშშ-ის ელჩთან ერთად არც სოფელ ყარაფილაში ყოფილან. ამას ადგილზე მყოფი რეგიონალური და ცენტრალური ტელევიზიებისა და სააგენტოების ჟურნალისტებიც ადასტურებენ. აქციის შესახებ გავრცელებულ მასალებს ფაქტ-მეტრი სხვადასხვა საძიებო სისტემის მეშვეობითაც გაეცნო, თუმცა ხელისუფლების მაღალი რანგის ადგილზე ჩასვლის ფაქტი არსად ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ რევაზ კახნიაშვილი არ არის ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ხელისუფლებას ოკუპაციის მიმართ შერბილებულ პოლიტიკას საყვედურობს. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი „ქართულ ოცნებას“ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის თემის აქტიურ დაფიქსირებას და რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიის გადახედვას სთხოვს: „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავება“, – ნათქვამია არასამთავრებო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში, რომელიც ბერშუეთის შემთხვევის შემდეგ გავრცელდა.

განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ხელისუფლება რუსეთთან საუბრის კარასინი-აბაშიძის ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატს ინარჩუნებს, საჭიროდ არ მიიჩნევს უშიშროების საბჭოს შეკრებას და ახალი სტრატეგიის მიღებას. „ქართული ოცნების“ პოზიციით, ბერშუეთის და ყარაფილას მოვლენები არის კიდევ ერთი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რომელსაც სახელმწიფო არ უნდა აჰყვეს.

რაც შეეხება რევაზ კახნიაშვილის განცხადების მეორე ნაწილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, აქციის მონაწილეების პერფორმანსს (ოკუპაციის ბანერს შემოხვეული ქართული დროშა) არანორმალური ქმედება უწოდა. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კი, ოკუპაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ 19 ივლისს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილზე გაეცნო.

 

დასკვნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ახალი აბრა ადგილობრივებმა მიმდინარე წლის 3 ივლისს შენიშნეს. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ძირითადად დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და სამშვიდობო პოლიტიკის თანმიმდევრულ სტრატეგიას ეხება. ბერშუეთში რუსული ოკუპაციის მიერ მიწის ფართობების მიტაცების შემდეგ, ადგილზე გორის თვითმმართველობის წარმომადგენელი და გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ჩავიდნენ.

საოკუპაციო ხაზთან მთავრობის რომელიმე წევრი ან ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის პირი არ ჩასულა. სოფელ ბერშუეთში გამართული აქციის დაახლოებით 200-300 კაციან შემადგელობაში ძირითადად სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ჩანდნენ. იმავე დღეს მეზობელი მუნიციპალიტეტის სოფელში აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ჩავიდა, რომელსაც მასპინძლობა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გაუწია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, რევაზ კახნიაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: