გაზეთი ფაქტ-მეტრი
11 დაღუპული და არც ერთი დამნაშავე? – ვინ უნდა აგოს პასუხი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედიაზე
უკატეგორიოდ
878 ნახვა
A+
A
A-

„ეს არის მსოფლიო კლასის მომსახურება. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს, რომლებმაც ჩადეს ამხელა ინვესტიციები საქართველოში, ბათუმში“, – ეს განცხადება იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საზეიმო გახსნაზე გააკეთა.

„მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფი დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – ასე კი იმავე სასტუმროში  მომხდარ ტრაგედიას გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

შემთხვევა პარასკევს, 24 ნოემბერს მოხდა, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო შენობაში ძლიერი კვამლი გავრცელდა, საუნისა და ლიფტის კარი ჩაიკეტა და 11 ადამიანიდან სამი, როგორც თვითმხილვევები ამბობენ, საუნაში, ხოლო დანარჩენი ლიფტში დაიღუპა. 21-მა დაშავებულმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა, ხოლო დანარჩენი 100 ადამიანი მაშველებმა შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.

„არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომლებსაც პასუხს გასცემს გამოძიება. თუმცა, მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი [დამნაშავე], არ აქვს მნიშვნელობა, კერძო კომპანიის წარმომადგენელია თუ სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი“, – ეს კი აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის კომენტარია.

„[სასტუმრო „ლეოგრანდის“] ექსპლუატაციაში მიღების დროს მოთხოვნილი იქნა აუცილებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, იმ ეტაპებისა და ოქმების დადასტურების საბუთები, ასევე ლიფტების, წყლის, კანალიზაციის, გაზის ოპერატორი კომპანიების დადასტურება და ცნობა. იმ დადგენილებით, არ მოითხოვებოდა სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კომპეტენტური ორგანოს ცნობა ან რაიმე სახის დასკვნა. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვარგისად იქნა აღიარებული ეს ობიექტი“, – ეს კომენტარი 2017 წლის 25 ნოემბერს ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის მეორე დღეს გააკეთა.

საზოგადოებამ უკვე მრავალი განცხადება მოისმინა, თუმცა უმთავრეს კითხვას, ვის ევალებოდა (და ევალება) მსგავსი ტიპის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა, პასუხი ვერავინ გასცა. ეს საკითხი იმდენად გაურკვეველია, რომ ფაქტ-მეტრმა დაზუსტებული პასუხი იურისტებისგანაც კი ვერ მიიღო. რაც დამოუკიდებლად გავარკვიეთ, ისაა, რომ სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონი მოქმედებს.

2014 წლის 29 მაისს ამოქმედდა საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს. კანონში ნათქვამია, რომ 100 და მეტადგილიანი სასტუმრო სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტია. აღნიშნული კანონის მე-9 თავის 48-ე მუხლში ნათქვამია: „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით, სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებენ [საგანგებო სიტუაციების მართვის] სააგენტო და მისი ტერიტორიული დანაყოფები“. ამავე კანონის მე-8 თავის 42-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ მეწარმე სუბიექტებისა და ა(ა)იპ-ების შენობების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავებისას და მიღებისას, აგრეთვე ამ ობიექტების დაპროექტებისას უნდა გაითვალისწინონ ღონისძიებები ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. იქვე ნათქვამია, რომ ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების სახანძრო უსაფრთხოების ზომებს (სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები) შეიმუშავებენ საქართველოს მთავრობა, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

იყო თუ არა შემუშავებული უსაფრთხოების რაიმე ზომა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ამის შესახებ კომენტარი ფაქტ-მეტრმა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს სთხოვა. მან გვითხრა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მონიტორინგის უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობას არ ჰქონდა და ის ნებართვის გაცემისა და ობიექტის ჩაბარების მომენტში არსებული კანონმდებლობით მოქმედებდა. მან ასევე დაგვიდასტურა, რომ არ არსებობდა ისეთი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო მასალებს ცეცხლგამძლეობაზე შეამოწმებდა.

კიდევ ერთი კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მიმდინარე წლის 23 მარტიდან ძალადაკარგულად ითვლება, თუმცა, „ლეოგრანდის“ მშენებლობის პროცესში ჯერ კიდევ მოქმედებდა. ამ კანონის მე-4 თავის მე-20 მუხლი გვამცნობს, რომ ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლებების შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მმართველობის ორგანოების მიერ.

„ლეოგრანდში“ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რის შედეგადაც ორი ან მეტი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც ხანძრის მიზეზები და დამნაშავეები უნდა გამოავლინოს.

პასუხგასაცემია კითხვა, რომელი კანონით უნდა განისაზღვროს ვინ და რა ეტაპზე დაარღვია სახანძრო უსაფრთხოების კრიტერიუმები, როცა ადგილობრივ და ავტონომიურ ხელისუფლებას, როგორც თავად აღნიშნავენ, არ ჰქონდა უფლებამოსილება და ვალდებულება შენობის ჩაბარების მომენტში შესაბამისი დასკვნა მოეთხოვა. გამოდის, რომ ასეთი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა არც კი არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლამდე, რომელიმე უწყებას სახანძრო უსაფრთხოების დაცვის კუთხით აუცილებლად უნდა შეემოწმებინა. პრობლემა ისაა, რომ წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე, აქცენტები სასტუმროს მენეჯმენტის დანაშაულებრივ გულგრილობაზე კეთდება. ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სასტუმროს არ ჰქონდა შიგა კიბე. რამდენიმე საათის შემდეგ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შენობაში არსებული საევაკუაციო კიბე ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი და მისი გამოყენება საგანგებო სიტუაციის დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მოგვიანებით სასტუმროს მენეჯმენტის უფლებების დამცველმა კახა წერეთელმა განაცხადა, რომ შენობას ორი კიბე აქვს და „ლეოგრანდი“ ასი ლარით იყო დაჯარიმებული არა კიბის, არამედ საევაკუაციო გეგმების არ არსებობისა და ცეცხლმაქრების გამო. ამის შემდეგ, 27 ნოემბერს, „ლეოგრანდის“ მეპატრონემ ქართულ მედიასაშუალებებს განუმარტა, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და უფრო კონკრეტულად ამ კითხვას პასუხს ექსპერტიზა გასცემს. ეროლ ავგორენის თქმით, სასტუმროს მფლობელები და ადმინისტრაცია მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა საქმის გამოძიებისა და დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება.

გააზიარეთ: