„პარლამენტი ის ადგილია, სადაც ქვეყნის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა წყდებოდეს, მათ შორის პოლიტიკური პროცესებისთვის გარკვეული სტანდარტის დამკვიდრების საკითხი“, - ეს განცხადება პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, 2012 წელს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ „მთავრობა იმ პოლიტიკის განმახორციელებელი უნდა იყოს, რასაც პარლამენტი შეიმუშავებს... მთავრობასთან ჯანსაღი ოპონირება საპარლამენტო უმრავლესობის მოვალეობა იქნება და არამხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის შესაძლებლობა“. ასევე, თქვა, რომ „საქართველოში ჩრდილოვანი ხელისუფლების დრო უნდა დასრულდეს“ და კიდევ სხვა პრინციპებზე ისაუბრა, რაც ახალ პარლამენტს უნდა დაემკვიდრებინა.

რეალურად კი ეს ის პარლამენტი იყო, რომელიც პირველივე სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის არ მიესალმა, შემდეგ ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში არ შეუშვა, მოგვიანებით კი უკვე პრეზიდენტი მარგველაშვილისთვის ადგილი ვერ გამოძებნა და ყოფილი პრემიერი ივანიშვილი რომ არ ჩარეულიყო, პარლამენტის შენობაშიც კი არ შეუშვებდა, მოქმედ პრემიერ ღარიბაშვილისთვის რომ ესიამოვნებინა.

უსუფაშვილი კი იძლეოდა პირობას, რომ პარლამენტი ოპოზიციასთან ითანამშრომლებდა და არც სკამებზე არ იქნებოდნენ მიჯაჭვულები, მაგრამ 5-ჯერ მოითხოვა უმცირესობამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა ხუთჯერვე უარი უთხრეს.

საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას ზოგჯერ მიზანმიმართულად, ოპოზიციის ჯიბრზე იღებდა, რაც პირდაპირ ვნებდა ქვეყნის ინტერესებს. მაგალითად, თბილისში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ასამბლეის პრეზიდენტი აირჩიეს. ერთ-ერთ კანდიდატად გიგი წერეთლიც განიხილოებოდა, თუმცა ქართული დელეგაცია, რომელიც ძირითადად მმართველი კოალიციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ამის წინააღმდეგ წავიდა.

ამის ერთადერთი მიზეზი, რასაც „ოცნების“ წარმომადგენლები პრაქტიკულად პირდაპირ ამბობდნენ, ის იყო, რომ წერეთელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

პირველ რიგში კი, 2012 წლის მოწვევის პარლამენტი მაინც იმით იყო გამორჩეული, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მასზე ძლიერ და გამოცდილ უმცირესობასთან უწევდა დაპირისპირება. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პარლამენტიდან ხელისუფლებას ოპონირებას უწევდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც თავად ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება.

2 პრეზიდენტი და 6 ვეტო

პრეზიდენტისა და პარლამენტის დამოკიდებულება განსაკუთრებით საინტერესო იყო. თავიდან ისე ჩანდა, რომ პარლამენტი ლოგიკურად უპირისპირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც თავის პოლიტიკურ ოპონენტს, მაგრამ პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ პარლამენტმა ვერც თავის თანაგუნდელ პრეზიდენტთან დაალაგა ურთიერთობა.

დაპირისპირება კი იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის რეზიდენციად ავლაბრის პრეზიდენტის სასახლე აირჩია. მისი ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა. აქედან მოყოლებული პრეზიდენტი პარლამენტსაც ათვალწუნებული ჰყავდა და მთავრობასაც.

ეს დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე და აშკარა იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას. პარლამენტმა პრეზიდენტს ზედიზედ ჩამოართვა მანამდე მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ესა თუ უფლება და ერთი პერიოდი სერიოზულად განიხილებოდა წარჩინებული სტუდენტებისთვის საპრეზიდენტო სტიპენდიის დანიშვნის უფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემის საკითხიც; მიდიოდა გაუთავებელი და ქვეყნის ინტერესებისთვის მეტად დამაზიანებელი კინკლაობა იმაზე, ვინ უნდა წასულიყო საქართველოს სახელით ამა თუ იმ ღონისძიებაზე, ვის უნდა მოეწერა ხელი ამა თუ იმ ხელშეკრულებაზე და ა.შ.

ეს კინკლაობა განსაკუთრებით მწვავე იყო, როდესაც საქმე ეხებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას. საბოლოოდ ამ ხელშეკრულებას პრემიერმა ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. ასევე, მწვავე კამათს იწვევდა ის, ვინ უნდა გამგზავრებულიყო საქართველოდან გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე და ა.შ.

პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმდენად არ უნდოდათ მარგველაშვილის პარლამენტში მისვლა, ღარიბაშვილისთვის რომ ესიამოვნებინათ, რომ ადგილების უქონლობაც კი მოიმიზეზეს. სწორედ ეს არგუმენტი დაასახელა ეკა ბესელიამ ღიად, რატომ არ უნდა მისულიყო მარგველაშვილი პარლამენტში.

მოგვიანებით, საქმეში ექს-პრემიერ ივანიშვილის ჩარევის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდა და პარლამენტში მისულმა მარგველაშვილმა დარბაზში ეკა ბესელიას ყველას გასაგონად მიაძახა: „გქონიათ ადგილებიო“. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტისადმი უპატივცემულობა იმით გამოხატა, რომ სხდომათა დარბაზი სათანადო სიმბოლური აქსესუარებით არ აღჭურვა, რასაც პარლამენტში პრეზიდენტის ან სხვა საპატიო სტუმრების მიღებისას იყენებენ ხოლმე.

მთავრობა კი პრეზიდენტისადმი თავის უპატივცემულობას იმით გამოხატავდა, რომ პარლამენტში მარგველაშვილის არც ერთ გამოსვლას არ დასწრებია და ამისთვის იმ არგუმენტს იშველიებდა, რომ ის მთავრობის მეთაური არ არის. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, მთავრობა კი - სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი.

უნდა ითქვას, რომ ეს დაძაბულობა და დაპირისპირება მნიშვნელოვნად განელდა ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ. არც ისე დიდი ხნის წინათ თავად მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან „მუშაობა შეიძლება“.

მე-8 მოწვევის პარლამენტს 2 პრეზიდენტთან მოუწია ურთიერთობა და ორივე პრეზიდენტი იყენებდა ვეტოს. მართალია, იმდენი ვეტო არ ყოფილა, რამდენიც შევარდნაძის დროს, მაგრამ ფაქტია, რომ იყო.

შევარდნაძემ ვეტოს უფლება დაახლოებით 40-ჯერ გამოიყენა, სააკაშვილმა - 2-ჯერ, მარგველაშვილმა კი - 4-ჯერ. თანაც სააკაშვილს 2012 წლამდე ვეტო არ გამოუყენებია, მარგველაშვილმა კი, ფორმალურად მაინც, თავისი თანაგუნდელების მიღებულ კანონებზე გამოიყენა ეს უფლება. ამ 4 ვეტოდან პარლამენტმა მხოლოდ 2-ის დაძლევა მოახერხა, ანუ დანარჩენ 2 შემთხვევაში პრეზიდენტის პოზიციას დაეთანხმა. რაც მთავარია, მარგველაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის ბოლოს ეწურება და მისი ვეტოების რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

კანონები და ასანთის ღერების როლი კანონშემოქმედებით პროცესში

ამ პარლამენტის მიერ განხილულ თუ მიღებულ კანონებზე საუბრისას პირველი ბუსუსებიანი პრეზერვატივისა და პარლამენტში ჩოხებით სიარულის შესახებ ინიციატივები გვახსენდება. მართალია, არც ერთი არ მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე კანონი ამ პარლამენტის სახე გახდა.

არადა, ეს პარლამენტი კანონების განხილვისა და მიღების რეკორდსმენი თუ არ არის, წინა პარლამენტებს არ ჩამოუვარდება. თუმცა, ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და უსუფაშვილის დაპირების მიუხედავად, რომ პარლამენტი იქნებოდა პოლიტიკის განმსაზღვრელი, უმეტესად მთავრობის მიერ ინიცირებული კანონების მიღებით იყო დაკავებული.

პარლამენტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2012-2016 წლების განმავლობაში მიღებულია 1505 კანონი და ჩატარებულია 231 პლენარული სხდომა, საიდანაც 62 რიგგარეშე იყო, ხოლო 9 სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა.

იმ სხდომებზე კი, რომლებიც შედგა, მთავრობის მიერ წარდგენილი და შემდეგ მიღებული იქნა 865 კანონპროექტი, ხოლო ცალკეული დეპუტატების მიერ 440 კანონპროექტი იქნა ინიცირებული. 177 კანონპროექტი მომზადდა კომიტეტების მიერ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღმოჩნდა, რომელმაც 95 კანონპროექტი მოამზადა. რაც შეეხება ფრაქციებს, მიღებული 13 კანონპროექტიდან „მრეწველებს“ 4 ეკუთვნით, „ნაციონალებს“ - 3, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 2, „ეროვნულ ფორუმსა“ და უმრავლესობაში შემავალ ყველა სხვა ფრაქციას - თითო-თითო.

ცალკეული დეპუტატებიდან კი ყველაზე აქტიური დავით ონოფრიშვილი იყო 38 კანონპროექტით, მეორე ადგილზეა ირაკლი სესიაშვილი 22 კანონპროექტით და მესამეზე - გიორგი ცაგარეიშვილი 20 კანონპროექტით.

პროექტების მომზადება-წარდგენის კუთხით აქტიურობდა კობა დავითაშვილიც, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სანამ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, დაპირებისამებრ, უარს იტყოდა, 17 პროექტის ინიცირება მოახდინა.

კანონპროექტების გარდა, მიღებული იქნა 5 141 დადგენილება, 5 რეზოლუცია, 8 განცხადება, 2 დეკლარაცია და 1 მიმართვა.

პარლამენტში პრაქტიკულად მუდმივად იყო კვორუმის პრობლემა. ამას არც უსუფაშვილის რამდენჯერმე გაბრაზებამ უშველა, როდესაც მკაცრად მოითხოვა, გამცდენები დაესაჯათ და არც იმან, რომ მედიაში მუდმივად იყო ამაზე საუბარი. სამაგიეროდ, იმ დეპუტატებმა, რომლებიც სხდომათა დარბაზში, ასე თუ ისე, შედიოდნენ, პულტზე ხელის დაჭერის პრობლემა იმით მოხსნეს, რომ პულტში ასანთის ღერებს ჭედავდნენ და მათი პულტები მთელი სესიის განმავლობაში ხმის მიცემის რეჟიმში იყო ჩართული. მათ შეეძლოთ, მშვიდად დაეტოვებინათ დარბაზი და პარლამენტის შენობა, სესიის აპარატურა კი აფიქსირებდა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში.

ხელჩართული ჩხუბების რეკორდი

ამ პარლამენტს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, სოსო ჯაჭვლიანის ცნობილი გამოსვლა „იბიარდის“ შესახებ მაინც მოხვდებოდა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ასეც მოხდა. მას შემდეგ, რაც სესიაზე ჯაჭვლიანმა საკუთარ ზნეობაზე ილაპარაკა და მერე დასძინა, რომ ის „იბიარდში“ ყოფნას არ იკადრებდა, მსოფლიო მედია გაოცებული წერდა, როგორ აერია ერთმანეთში საქართველოს პარლამენტის დეპუტატს „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“ ბორდელში. არადა, იმ დღეებში საქართველოში, პარლამენტის შენობაში ამ ბანკთან დაკავშირებული საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება იმართებოდა.

კიდევ ერთი, რის გამოც მერვე მოწვევის პარლამენტი ქართველი და არა მარტო ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, სხდომათა დარბაზში გამართული ხელჩართული ბრძოლები იყო. ჩხუბს ძირითადად საპარლამენტო უმრავლესობა იწყებდა უმცირესობის წინააღმდეგ.

იყო ქალების ჩხუბიც, მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილსა და ეკა ბესელიას შორის და იყო უმრავლესობის კაცების მხრიდან უმცირესობის ქალებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გამართული ჩხუბებიც.

ამ ჩხუბებში კი ყველაზე აქტიურ როლს ომარ ნიშნიანიძე თამაშობდა. მან მედიას თავი ხმაურიანი განცხადებებითა და პლენარულ სხდომებზე ჩხუბის პროვოცირებით დაამახსოვრა. ნიშნიანიძე სხდომათა დარბაზში მომხდარი თითქმის ყველა ჩხუბის მონაწილე იყო, რომელიც „ნაციონალებს“ საკუთარი ადგილიდან ხან აგინებდა, ხან წარსულს ახსენებდა.

ყველაზე მასშტაბური კი 2013 წლის დეკემბრის ბოლოს გამართული ჩხუბი გახლდათ, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოსო ჯაჭვლიანსა და უმცირესობის წევრ გია ბარამიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისინი სხვა დეპუტატებმა გააშველეს.

ჩხუბი სოსო ჯაჭვლიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ცდილობდა, სვანეთი დანარჩენი საქართველოსთვის შეეძულებინა. სწორედ მაშინ წარმოითქვა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობიდან - „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, - სწორედ ასე მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს.

არანაკლებ მასშტაბური იყო ამ ჩხუბიდან ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის 26 დეკემბერს მომხდარი ჩხუბი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვას მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბის მიზეზი კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი ბობოხიძის, გამოსვლა გახდა. მან მმართველი გუნდი რუსეთისკენ სვლაში დაადანაშაულა. მის გამოსვლას ახლდა უმრავლესობის რეპლიკები და ერთ-ერთი ასეთი რეპლიკის საპასუხოდ ბობოხიძემ ტრიბუნიდან შეიგინა: „მაშ, მტყუანს...“

ამ ჩხუბში თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა. უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მიკროფონები მოგლიჯა და გოგა ხაჩიძეს ესროლა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მანდატურები სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებდნენ. სოსო ჯაჭვლიანმა ის მანდატური წააქცია, რომელიც მის გაშველებას ცდილობდა. დეპუტატმა მანდატურს ხელი ჰკრა და სხდომათა დარბაზში კიბეზე დააგორა.

დეპუტატს გაჩერებისკენ პარლამენტის თავმჯდომარემაც მოუწოდა. თუმცა, სოსო ჯაჭვლიანმა ჩხუბი ამის შემდეგაც გააგრძელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატ სერგო რატიანს.

ჩხუბის დროს პარლამენტში ზურაბ ზვიადაური ჯერ მაგიდაზე ავიდა, შემდეგ კი აკაკი ბობოხიძეს თავზე დაახტა. საბოლოოდ, ბობოხიძე-ზვიადაურის გაშველება დეპუტატების ნაწილმა და მანდატურებმა მოახერხეს.

მას შემდეგ ჩხუბები სესიაზე თუ საკომიტეტო მოსმენებზე ხშირად ხდებოდა. მათ შორის იყო „რესპუბლიკელებისა“ და თოფაძის დაპირისპირება. თუმცა, ეს ჩხუბები ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადასულა.

2016 წლის მარტში კი სესიაზე ისევ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. კონფლიქტის მიზეზი პარლამენტში ფარული ჩანაწერების შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. მან ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების დასჯისკენ მოუწოდა. გიორგი ბარამიძის ამ გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა. დეპუტატმა კარლო კოპალიანმა კი მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა. ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მაისში კი მორიგი ჩხუბი ისევ მმართველ პარტიასა და „ნაციონალებს“ შორის გაიმართა. ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის გამოვიდა წინადადებით, რომ 2011 წლის 26 მაისსა და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. პაპუაშვილის რეპლიკის შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლები ფეხზე წამოდგნენ. წუთიერი დუმილისთვის არ წამომდგარან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა.

თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო. ზვიადაურს გინების გამო სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე „ქართული ოცნების“ წევრ ომარ ნიშნიანიძესა და „ნაციონალების“ წარმომადგენელ გიორგი თევდორაძეს შორის გაგრძელდა.

ბოლო ჩხუბი კი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გაიმართა. შელაპარაკება კორცხელის ინციდენტის განხილვას მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ პირების იდენტიფიცირება და დასჯა ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვეს. ამის გამო კი ზვიადაურმა ჩხუბი დაიწყო. თუმცა, ის დარბაზიდან მალევე გააძევეს და დაპირისპირებაც აქტიური არ ყოფილა.

ცხადია, ჩხუბები და დაპირისპირება კიდევ ბევრი იყო, ისევე, როგორც სხვა საკითხები. თუმცა, მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობის თავისებურების დასანახად ესეც საკმარისია. მაგრამ ის მაინც უნდა ითქვას, რომ ქართულ რეალობაში პირველად მოხდა, რომ პარლამენტს ჯერ დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებით მოუხდა მუშაობა და ბოლო ორი წელი, საერთოდაც, ორ ქალაქში მუშაობდა.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი