2016 წლის 4 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის ეთერში, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა:

„თვენახევარი გავიდა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრიდან და საქმე ისევ არ არის გამოძიებული, არავითარი პასუხი არ არის“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

2016 წლის 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე, 22 ნომერში დაახლოებით 40-მდე ხე მოიჭრა. საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ მერიის ნებართვით, სანიტარული ჭრის მიზეზით მოჭრილ ხეებს შორის საღი ხეებიც იყო. ინფორმაციის გავრცელებისთანავე ადგილზე „პარტიზანი მებაღეები“ მივიდნენ. მათ საქართველოს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პარალელურად, განცხადება არასამთავრებო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს და ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით (ვადით სამ წლამდე)

ისჯება.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად სამართლიანი იყო შპს "ფორესთ კომპანის" დასკვნა, რომ მოჭრილი ხეები დაზიანებული იყო, ასევე - მოხდა თუ არა მერიის მიერ გაცემულ ნებართვაში რაიმე სახის გადაცდომა. გამოძიების დასრულებამდე ყაზბეგის 22 ნომერში, მშენებლობისთვის განკუთვნილ ადგილზე, ხეების მოჭრის პროცესი შეჩერებულია.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესისა და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის  საჭიროების  გამო, დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა.

 მისი გადაწყვეტილებით, მორატორიუმი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება მიღებული.

მორატორიუმის შესახებ მერიამ 20 აგვისტოს გამოაცხადა, ხოლო პროკურატურამ გამოძიება ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს დაიწყო. სიახლეები საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე

საჯარო განყოფილებაში არ დევს. ფაქტ-მეტრი საქართველოს პროკურატურის კანცელარიას დაუკავშირდა, რათა დაგვედგინა, რა ეტაპზე იყო გამოძიება. სატელეფონო საუბრისას პროკურატურის კანცელარიაში განგვიცხადეს, რომ უწყება ინფორმაციას ზეპირი ფორმით ვერ მოგვაწვდიდა და შეგვეძლო წერილობით მიგვემართა.

ფაქტ-მეტრი "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელს, ნატა ფერაძესაც გაესაუბრა. მისი თქმით, გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია "პარტიზანმა მებაღეებმა" გამოთხოვეს, თუმცა პროკურატურიდან მიიღეს პასუხი, რომ ვინაიდან ისინი დაზარალებულ მხარეს არ წარმოადგენდნენ, საგამოძიებო უწყება არ იყო ვალდებული მათთვის აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ფაქტ-მეტრი ასევე "საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელს, ნონა ქურდოვანიძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანზიაცია "პარტიზან მებაღეებს" პროკურატურაში წარსადგენი განცხადების მომზადებაში დაეხმარა და მათ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, განცხადება პროკურატურაში 17 აგვისტოს შეიტანეს. 18 აგვისტოს "საია"-მ განცხადება უკვე საკუთარი სახელით შეიტანა და უწყებისგან მიიღო პასუხი, რომ გამოძიება დაწყებულია და მათი განცხადება საქმეს დაერთო.

ამის შემდგომ, "საია" "პარტიზან მებაღეებს" ახალი განცხადების მომზადებაში დაეხამარა, რომლითაც ორგანიზაცია სისხლის სამართლის საქმეზე იმ დროისთვის გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების გაცნობას ითხოვდა (საქმის მასალების გაცნობის პრაქტიკას პროკურატურა ხშირად მიმართავს იმ საქმეებზე, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს). თუმცა, პროკურატურამ ეს განცხადება არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ნონა ქურდოვანიძის თქმთ, "საია" ამ ეტაპზე არ ფლობს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას გამოძიების მიმიდინარეობის შესახებ. თუმცა, პროკურატურისგან ის ის არის ცნობილი, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მომენტისთვის ამ საქმეზე ბრალი არავის ჰქონდა წაყენებული და ფიზიკური პირების სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ ყოფილა.

ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურსაც მიმართა. სამსახურში მხოლოდ ის იციან, რომ გამოძიება არ დასრულებულა.

  დასკვნა 2016

წლის აგვისტოში, ხეების მოჭრის ფაქტზე, „პარტიზანი მებაღეებისა“ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებების საფუძველზე, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კვალიფიკაციით - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა) გამოძიება დაიწყო.

პროკურატურას არ გაუსაჯაროებია საქმის მსვლელობის ეტაპები და არც ის, წაუყენა თუ არა ბრალი პასუხისმგებელ პირებს. მას ინფორმაცია არც განმცხადებლებისთვის - "პარტიზანი მებაღეებსა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთის" - მიუწოდებია. ინფორმაციას არც თბილისის მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახური ფლობს. საქმის აღძვრიდან დაახლოებით 2 თვე გავიდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ზურაბიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი